გვესაუბრება თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კულტურის კვლევების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი ნინო ჩიქოვანი:
– ვირუსმა, რომელიც მსოფლიოს თავს დაატყდა, სრულიად შეცვალა ჩვენი ცხოვრების წესი. სულ რომ სადღაც გვეჩქარებოდა, ტრანსპორტის დაგვიანებაზე და საცობებზე ვწუწუნებდით, მანქანებით გადატვირთულ ქუჩებში მოძრაობისათვის ხელსაყრელ დროს ვარჩევდით და სუნთქვა გვიჭირდა ჰაერის დაბინძურების გამო, ახლა, ძირითადად, შინ ვართ. ვისაც გაგვიმართლა და, ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე, უქმად და უსახსროდ (ჯერ) არ დავრჩით, ვცდილობთ, მოვერგოთ შეზღუდვებს და ახალ შესაძლებლობებს. ზოგი ურჩობს, ზოგი შიშობს, ზოგი სიმშვიდეს ინარჩუნებს — გარეგნულად მაინც, ნაწილი საფრთხეს სოფელში ემალება, სხვები უცხო ქვეყანაში დარჩნენ და სამშობლოში დაბრუნებას ცდილობენ. ყველა ველოდებით ახალ ინფორმაციას დაავადებულთა და განკურნებულთა შესახებ, მარტო საქართველოდან კი არა — მსოფლიოდან. ეჭვით და იმედით განვიხილავთ სამედიცინო სიახლეებს, ვკამათობთ, ვმსჯელობთ. მოკლედ, ყველაფერი ძალიან სწრაფად შეიცვალა.
მოულოდნელ, სწრაფ, მკვეთრ და წარმოუდგენელ ცვლილებას, რომელიც უეცრად ატყდება თავს საზოგადოებას და ძირეულად ცვლის მისი ცხოვრების წესს, მეცნიერები კოლექტიურ ან კულტურულ ტრავმას უწოდებენ. ადამიანები და საზოგადოებები ამგვარი ცვლილებისათვის მზად არ არიან. ჩნდება ბევრი კითხვა, რომელთა ნაწილი ცხოვრების ფუნდამენტურ პრინციპებს შეეხება. იწყება გამოსავლის ძიება, რასაც დრო სჭირდება. როგორც წესი, ტრავმა, ბოლოს და ბოლოს, დაიძლევა, თუმცა ღრმა კვალს ტოვებს ადამიანთა ცნობიერებაში.
ყველაზე პესიმისტურად განწყობილნიც კი დარწმუნებული არიან, რომ ეს პანდემიაც როდესმე დასრულდება, შეიძლება არც ძალიან გვიან, ან იმაზე გვიან, ვიდრე ვისურვებდით. რა იქნება მერე? როგორც ხშირად წერენ, მსოფლიო აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც აქამდე იყო. ძნელია თქმა, როგორ სახეს მიიღებს იგი. ამ გამოცდილებამ ბევრი რამ დაგვანახა, მაგალითად, პოლიტიკის, ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში არსებული პრობლემები. მაგრამ ეს ჩემი კომპეტენციის სფერო არ არის. რაც შეეხება კულტურას: მკაფიოდ დავინახეთ, რა მჭიდროდ ვართ დაკავშირებული ერთმანეთთან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის ადამიანები, როგორ გვიჭირს ცალ-ცალკე პრობლემებთან გამკლავება და რამდენად აუცილებელია ერთმანეთის დახმარება — გამოცდილების გაზიარების თუ ფიზიკური თანადგომის თვალსაზრისით. ჩვენს კულტურაში, ჩვენს საზოგადოებაში არსებული პრობლემებიც გამოვლინდა: ის, რომ დიდ დროს ვანდომებთ ვითარების სერიოზულობის გაცნობიერებას.
საზოგადოების არცთუ უმნიშვნელო ნაწილს სჯერა, რომ არც ვირუსი და არც მისით გამოწვეული შეზღუდვა მას არ ეხება; რომ პასუხისმგებლობა აკისრია სხვას — ყველას, მის გარდა; ან კიდევ — რომ ყველაფერი „სადღაც“ უჩვენოდ წყდება და მაინც ვერაფერს შევცვლით; ისიც დავინახეთ, რომ სტერეოტიპები ჯერ კიდევ სერიოზულად უშლის ხელს ჩვენში სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებას და ამ მხრივ სერიოზული მუშაობა გვმართებს ბევრი სხვადასხვა მიმართულებით (მათ შორის, უპირველესად, განათლების სფეროს წარმომადგენლებს).
ამავე დროს, არანაკლებად გამოჩნდა ის მახასიათებლები, რომლებითაც ვამაყობთ: თანადგომის უნარი, სოლიდარობის განცდა, საქმისადმი სერიოზული და მაღალპროფესიული მიდგომა, მათი დახმარების სურვილი, ვისაც ძალიან უჭირს, უფრო სწორად — არა მარტო სურვილი, არამედ დახმარების ფორმისა და საშუალებების მოძებნა-გამოყენებაც. ერთი მხრივ, სოციალური დისტანციის დაცვის აუცილებლობა, უშუალო კონტაქტებზე უარის თქმა გაგვიჭირდა, მეორე მხრივ — ჩვენი ოჯახურ-ნათესაური და მეგობრულ-მეზობლური კავშირების სიმტკიცე, ახლობლების იმედი, მათთვის შფოთვისა და წუხილის, სიყვარულისა და მონატრების გაზიარების, ერთმანეთის გამხნევების შესაძლებლობა სერიოზულად გვეხმარება სირთულეებთან გამკლავებაში. უჩვეულო ვითარებამ ჩვენს საქმეში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების ახალი შესაძლებლობებიც დაგვანახა. მაგალითად, თავდაპირველად ცოტა დაგვაფრთხო სრულად დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის აუცილებლობამ, მაგრამ როცა დავიწყეთ, აღმოჩნდა, რომ ბევრი რამ მომავალშიც — როცა ყველაფერი გადაივლის და ჩვეულებრივ რეჟიმს დავუბრუნდებით — შეიძლება მშვენივრად გამოვიყენოთ.
შეიცვლება ჩვენი კულტურა? ვფიქრობ, არსებითად არა. როგორც კულტურის ერთი ცნობილი მკვლევარი, გეერტ ჰოფსტედე აღნიშნავდა, კულტურული ცვლილებები ზედაპირზე ბობოქრობს, კულტურის ღრმა შრეები კი გაცილებით მდგრადია. კულტურები მუდმივად განიცდის ცვლილებას, მაგრამ მისი ძირითადი მახასიათებლები, რომლებიც საზოგადოების ცხოვრების მთავარ საკითხებს განსაზღვრავს და რომელსაც ჰოფსტედე „სოციალური თამაშის კრებულს“ უწოდებს, თაობიდან თაობას გადაეცემა და კულტურათა შორის განსხვავებათა შენარჩუნებას განაპირობებს. ალბათ, ამჯერადაც, ისევე როგორც ბევრჯერ ადრე, სხვადასხვა განსაცდელის — ომების, რევოლუციების, ტერორისტული აქტების, ბუნებრივი თუ ადამიანის მიერ გამოწვეული კატასტროფების — შემდეგ ბევრი რამ გადაფასდება და შეიცვლება, თუმცა, ვფიქრობ, კულტურის ძირითად მახასიათებლებს ეს არ შეეხება.
მოამზადა მაია ტორაძემ