ნატო ობოლაძე
18 ნოემბერს საქართველოს ნეოგრეცისტთა ასოციაციის მეოთხე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია — „ნეოგრეცისტიკა საქართველოში“ — გაიხსნა. კონფერენცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტთან თანამშრომლობით, 1821 წლის საბერძნეთის რევოლუციის 200 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ჩატარდა. ონლაინ სამეცნიერო ფორუმზე მოხსენებები საქართველოს, საბერძნეთის და თურქეთის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების პროფესურამ და დოქტორანტებმა წარმოადგინეს.
„საქართველოს ნეოგრეცისტთა ასოციაციის მთავარი მიზანია თანამედროვე საბერძნეთისადმი მიძღვნილი კვლევების განვითარება. ჩვენ ვაწყობთ კონფერენციებს, გამოფენებს, ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტთან. თსუ-ის აკადემიური პერსონალის გარდა, სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობენ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას უნივერსიტეტის, კაპოდისტრიასის სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის, პირეოსის უნივერსიტეტის, პატრის უნივერსიტეტის, თურქეთის ბოღაზიჩის უნივერსიტეტის და საქართველოს ეროვნული არქივის წარმომადგენლები. ეს კონფერენცია ძალიან მნიშნელოვანია, რადგან ჩვენი დარგისთვის საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვანი სამეცნიერო პლატფორმაა. კონფერენცია ჩვენი კოლეგის, საქართველოს ნეოგრეცისტთა ასოციაციის დამფუძნებლის მაკა ქამუშაძის ხსოვნას ეძღვნება“, — აცხადებს საქართველოს ნეოგრეცისტთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, თსუ-ის ასოცირებული პროფესორი ანა ჩიქოვანი.
საქართველოს ნეოგრეცისტთა ასოციაცია ევროპის ნეოგრეცისტთა ასოციაციის სრულუფლებიანი წვერია. სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის გარდა, ასოციაციის საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას საგანმანათლებლო სფერო წარმოადგენს. ამ მიზნით ტარდება სინქრონული თარგმანის კურსები, სტუდენტური კონფერენციები... თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კოორდინაციას უწევს პროექტს „ბერძნული ენა საქართველოს სკოლებში“. ნეოგრეცისტთა ასოციაცია თსუ-სთან ერთად ამ პროექტისთვის უნივერსიტეტის კურსდამთარებულების გადამზადებასაც უზრუნველყოფს.
საქართველოს ნეოგრეცისტთა ასოციაციის მეოთხე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია — „ნეოგრეცისტიკა საქართველოში“ – 2 დღის განმავლობაში გაგრძელდა. კონფერენციაზე წარმოდგენილი ახალი კვლევები კრებულის სახით გამოიცემა.