„მჯერა, რომ საზოგადოება არ დაუშვებს ახალი სახის დიფერენცირებას, არ გაჩნდება ახალი ტიპის უთანასწორობა და არ აღმოჩნდება, რომ ცხოვრების გარკვეული სიკეთეები ოფლაინ მაღალი სტატუსის ადამიანებისათვის იქნება ხელმისაწვდომი“, — ამ პრობლემას გამოყოფს თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნანა გაფრინდაშვილი საახალწლო იმედებზე საუბრისას. იგი პანდემიის დასამარცხებლად მთელი მსოფლიოს მოლოდინს უერთდება და ადამიანებს იმის გათვითცნობიერებისკენ მოუწოდებს, რომ პანდემიამ დაადასტურა — „მეფეს და პაიკს ნამდვილად ერთ ყუთში ყრიან“. ეს ნიუანსი კი მომავალში გამოფხიზლებასაც გვკარნახობს — გავხდეთ უფრო ადამიანური.
გაგვიმხილეთ იმედები, რითაც ხვდებით ახალ 2021 წელს...
ახალ წელს ყოველთვის მომავალზე ვფიქრობთ. ახლა მარტო ჩემი კი არა, მთელი მსოფლიოს მოლოდინი პანდემიის დამარცხება და მასთან გამკლავებაა. დიდი იმედი მაქვს, რომ შექმნილი ვითარება გამოიწვევს ახალ ტექნოლოგიურ აფეთქებას, რაც კაცობრიობას შეაქმნევინებს მძლავრ იარაღს პანდემიის დასამარცხებლად. მომავალში კი ადამიანებს ბევრ რამეზე მოგვიწევს დაფიქრება, ჩვენი შეხედულებისა და ჩვევების გარკვეული ნაწილის შეცვლა. თუმცა, თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ სამყაროში ბევრი რამ ისედაც შეიცვალა. ჩვენი ცხოვრების ორგანულ ნაწილად იქცა სოციალური დისტანცია. ვიმედოვნებ, რომ ეს არის მხოლოდ დროებითი ღონისძიება, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ვიზრუნოთ არა მარტო საკუთარ თავზე, არამედ სხვებზეც, მათ შორის ჩვენთვის სრულიად უცნობ ადამიანებზე. იმედი მაქვს, რომ ეს დისტანცია მომავალში უარყოფით მახასიათებლებს არ შეიძენს და ამ ისედაც გათითოკაცებულ სამყაროში ხელს არ შეუწყობს ადამიანთა გაუცხოების ახალი ტენდენციის დამკვიდრებას.
იმედი მაქვს, რომ ახლა მაინც მთელმა ჩვენმა საზოგადოებამ გაისიგრძეგანა, რომ ყველგან და ყოველთვის ადამიანები თანასწორნი ვართ და რომ თანასწორნი ვართ კორონას წინაშეც, მიუხედავად საზოგადოებაში ადგილისა და მდგომარეობისა, ინტელექტუალური თუ ფინანსური რესურსისა, ასაკისა, ეროვნებისა... რომ „მეფეს და პაიკს ნამდვილად ერთ ყუთში ყრიან“. მჯერა, რომ საზოგადოება არ დაუშვებს ახალი სახის დიფერენცირებას, არ გაჩნდება ახალი ტიპის უთანასწორობა და არ აღმოჩნდება, რომ ცხოვრების გარკვეული სიკეთეები ოფლაინ მაღალი სტატუსის ადამიანებისათვის იქნება ხელმისაწვდომი, ონლაინ კი — შედარებით მოკრძალებული სტატუსის მქონე პირთათვის, სხვა სიკეთეები კი, პირიქით.
კორონავირუსმა და პანდემიამ შეცვალა ჩვენი წარმოდგენები ცხოვრებაზე, პანდემიის დროს ადამიანებს მოგვეცა საშუალება — მივიღოთ სიამოვნება ჩვეულებრივი ყოფისაგან, ყოველდღიური ცხოვრებისაგან. პანდემიამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით გააჩინა თანადგომისა და ერთობის არაჩვეულებრივი განცდა და ტენდენციები და დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება.
პანდემიამ გვიჩვენა, რომ ჩვენ, ყველანი, არა მარტო დამოკიდებული ვართ ერთმანეთზე, არამედ გადაჯაჭვულნი და „პეპლის ეფექტი“ რეალობა ყოფილა და არა მეტაფორა ან ვინმეს ფანტაზიის ნაყოფი; ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთი არა მარტო გადავარჩინოთ, არამედ დავღუპოთ კიდეც. ადრე თუ მხოლოდ თეორიულად ვაცნობიერებდით, ახლა პრაქტიკულადაც დავრწმუნდით, რომ მართლაც სამყაროს ორგანული ნაწილები ვყოფილვართ; ჩვენ ზემოქმედებას ვახდენთ სამყაროზე, სამყარო კი — ჩვენზე. გვერდით მყოფზე რომ ვზრუნავთ, ამით ჩვენთვის სრულიად უცნობ იმ ადამიანებზეც ვზრუნავთ, რომლებიც დედამიწის მეორე ნახევარსფეროში ცხოვრობენ და დიდი იმედი მაქვს, რომ ამ დამოკიდებულებას მომავალშიც გავაგრძელებთ. ვიმედოვნებ, რომ საზოგადოება დაძლევს იმ შიშსა და უნდობლობას, რომელიც ახლა ასე სწრაფად იკიდებს ფეხს მთელ მსოფლიოში.
ყველამ გავაცნობიერეთ ახალი პარადოქსი: ერთი მხრივ, რა დიდი სიმდიდრე ყოფილა სხვა ადამიანებთან ურთიერთობა, მეორე მხრივ, რა საშიში. თუმცა, დიდი იმედი მაქვს, რომ, მიუხედავად იმისა, რომ კარგად დავფიქრდებით ყოველი ახალი სოციალური თუ ფიზიკური კონტაქტის წინ, რათა არ შევუქმნათ რაიმე საფრთხე ჩვენს თავსა და გარშემო მყოფთ, მაინც აუცილებლად დავუბრუნდებით ერთმანეთსა და ცხოვრების ჩვეულ რიტმს. თეატრებშიც ვივლით და გამოფენებზეც, უნივერსიტეტის აუდიტორიებიც ახმაურდება და ეზოც, და სიჩუმე მხოლოდ სტუდენტებითა და პროფესორ-მასწავლებლებით სავსე ბიბლიოთეკებში იქნება.
ვიმედოვნებ, რომ ტექნოლოგიები აუცილებლად დაგვეხმარება ამ დროებითი სირთულეების გადალახვაში, თუმცა, ცოტა მეშინია — ვაითუ, აღარც დაბრუნდეს ზუსტად ისეთი ცხოვრება, როგორიც პანდემიამდე იყო.
რა პოზიტივით დაგამახსოვრათ თავი მიმდინარე წელმა?
მიმდინარე წელი მძიმე და ურთულესი იყო ყველასათვის, თუმცა იყო გარკვეული პოზიტივიც. მაგალითად, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტმა 2020 წელს გაზარდა სტუდენტების მიღება 1000-მდე და ყველა ადგილი აითვისა. ეს ფაკულტეტის პროფესურისა და მისი ადმინისტრაციის დაუღალავი შრომის შედეგი და დიდი წარმატება იყო.
მიხარია, რომ 2020 წელს ფაკულტეტზე დაიწყო ხელფასების მატება, რაც, ასევე, ძალიან პოზიტიური და იმედისმომცემია, რადგან, ვიცით, რომ შეძლებისდაგვარად ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩატარდა დეკანის არჩევნები და ფაკულტეტმა მეორედ გამომიცხადა ნდობა, რაც მეტად სასიხარულოც იყო ჩემთვის, დიდი პატივიც და დიდი პასუხისმგებლობაც.
როგორ და რით გაილამაზებთ პანდემიის პირობებში საახალწლო ღამეს?
სრულიად ლოგიკურია, რომ პანდემიის პერიოდის ახალი წელი ჩვეულებრივი ვერ იქნება ბევრი მიზეზის გამო. ტრადიციულ საახალწლო სუფრას მხოლოდ ოჯახის წევრები, ჩემი ვაჟი, მეუღლე და დედა შემოვუსხდებით და დავტკბებით ერთად ყოფნის ბედნიერებით. ვიფიქრებთ და ვილაპარაკებთ კარგ ამბებზე და ძველ წელს გავატანთ ყველა პრობლემას, ტკივილსა და უსიამოვნებას.
* * *
ყველა უნივერსიტეტელს ვულოცავ ახალ წელს: კურსდამთავრებულებს, სტუდენტებს, პროფესორებს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, ტექნიკურ პერსონალს... ყველას, ყველას, ყველას! ჯანმრთელობასა და მხნეობას გისურვებთ, მეგობრებო, როგორც არასდროს, ისე გვმართებს ერთობა, ერთმანეთსა და საერთო საქმეზე ზრუნვა. გისურვებთ ხვავსა და ბარაქას, კეთილდღეობასა და სულიერ სიმშვიდეს, ჯანმრთელობასა და მხნეობას! წარმატებები და ოცნებების ასრულება დაგვბედებოდეს! შედგომი წინსვლა და განვითარება ჩვენს დედაუნივერსიტეტს!