მაია ტორაძე
როგორ უნდა მიაწოდო ქართული ენის სირთულე არაქართულენოვან მოსწავლეებს? რა პრობლემები არსებობს მულტილინგვური სწავლების თვალსაზრისით? რა გამოცდილება აქვთ უცხოელ პრაქტიკოს პედაგოგებს და როგორია მრავალფეროვანი კლასის მართვის სპქციფიკა? — ეს იყო საკითხები, რომელზეც ისაუბრეს მეოთხე საერთაშორისო კონფერენციაზე: „მეორე ენის სწავლა/სწავლება მულტილინგვური განათლების კონტექსტში“, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა.
„მულტილინგვური განათლება გულისხმობს, ჩვენ შემთხვევაში, ქართულის, როგორც სწავლების ენად შეტანას სკოლებში და სახელმწიფო ენის აკადემიური ფუნქციის არეალის გაზრდას. საქართველოში უკვე ფუნქციონირებს საპილოტე პროექტი, რომლის ფარგლებშიც 30 სკოლაში უკვე დაიწყეს მულტილინგვური სწავლება. ეს ნაბიჯები იდგმება იმ უმთავრესი პრობლემიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში არსებობს. ეს პრობლემა არის სახელმწიფო ენის არცოდნა ან დაბალ დონეზე ცოდნა.
დღეს საქართველოს სკოლებში თუ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლების ენად გამოიყენება მეორე, ანუ მშობლიური ენა. მაგალითად, სომხურენოვან სკოლებში მთლიანად სომხურად სწავლობენ და ქართული ისწავლება, როგორც მეორე ენა. მართალია, პირველი კლასიდან ქართულს კვირაში 5–5 საათი ეთმობა, მაგრამ ენა ისწავლება ისე, როგორც, ჩვეულებრივ, საგანი – ანუ ქართულ ენაზე კი არ მიმდინარეობს სწავლება, არამედ იმ ენაზე, რომელზეც ზოგადად სწავლობენ. ჩვენ კი ვიცით, რომ ასეთი ტიპის სწავლებით ენის ცოდნა და აქტიური გამოყენება შეუძლებელია. მაგალითად, სკოლის განათლებით ინგლისურ ენას ხომ ვერ სწავლობ? – ვერ ნახავთ ადამიანს, რომელიც ამ ცოდნით ინგლისურად ლაპარაკობს, ამიტომ უცხოეთის გამოცდილების გათვალისწინებით ჩვენთანაც დაიწყო მულტილინგვური სწავლების დანერგვა, რაშიც ამ კონფერენცებსაც აქვს შეტანილი თავისი წვლილი – 2008 წლიდან მოყოლებული, უკვე მეოთხედ ვიხილავთ ამ თემატიკას და გარკვეული ძვრები უკვე არის.
ეს იყო ჩვენი კონფერენციის ძირითადი თემატიკა და მიხარია, რომ მას დიდი გამოხმაურება ჰქონდა სერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების მხრიდან, აქ ქართველმა და უცხოელმა მეცნიერებმა პრეაქტკოსებმა სწავლების თავიანთი მეთოდოლოგია გააცნეს კონფერენციის მონაწილეებს, ასევე გაიზიარეს უცხოელი კოლეგების გამოცდილება“, – გვითხრა თსუ–ის პროფესორმა კახა გაბუნიამ.
კონფერენციის მიზანი იყო განეხილა და ერთიან კონცეფციად ჩამოეყალიბებინა ადგილობრივ და უცხოელ სპეციალისტთა ნააზრევი მეორე ენის სწავლების, მიდგომებისა და სტრატეგიების თაობაზე მულტილინგვური განათლების კონტექსტში.
კონფერენციის მუშაობაში, 17 ქვეყნის მეცნიერებთან და პრაქტიკოს მასწავლებლებთან ერთად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები და ქართველი პრაქტიკოსებიც მონაწილეობდნენ. მათ ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება, თუ რა მეთოდოლოგიით სჯობს ენის სწავლება და როგორ უნდა დაინერგოს მულტილინგვური განათლება მთლიანად ქვეყანაში, როგორც ეს უკვე დანერგილია ბალტიისპირეთის ქვეყნებში, სადაც სახელმწიფო ენის ცოდნის პრობლემა აღარ დგას.
ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ვილნიუსის უნივერსიტეტი (ლიტვა) და სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი. კონფერენციის სამუშაო თემები იყოს: მულტილინგვური განათლების თეორია და პრაქტიკა; ენისა და საგნის ინტეგრირებული სწავლება (CLIL); ენობრივი პოლიტიკის დაგეგმვა და მისი მნიშვნელობა მულტიკულტურული განათლებისა და მეორე ენის სწავლების თვალსაზრისით; მეორე/უცხო ენის სწავლა/სწავლების მეთოდები და სტრატეგიები; ელექტრონული/დისტანციური სწავლების ასპექტები და მულტიმედია მეორე ენის სწავლა/სწავლების კონტექსტში; ინტერკულტურული/მულტიკულტურული განათლების ასპექტები; მრავალფეროვანი კლასის მართვა და ენის სწავლება; ენის სწავლების სოციოკულტურული და პრაგმატული ასპექტები.