ნუგზარ ალექსიძის ხსოვნას
სულ ცოტა ხნის წინ ჟურნალ ასტრობიოლოგიაში გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების შედეგებისა და საერთაშორისო კონფერენციებში აქტიური მონაწილეობისთვის, თსუ-ის ემერიტუსი პროფესორის, ნუგზარ ალექსიძის სახელიც ჩართეს იმ მეცნიერთა სიაში, რომელიც 2020 წელს მარსზე გაიგზავნა. დღეს კი ამ დიდ მეცნიერსა და პიროვნებაზე წარსულ დროში გვიწევს საუბარი.
ნუგზარ ალექსიძე იმ უნივერსიტეტელთა რიგებს განეკუთვნებოდა, რომლებმაც ამ კედლებში ფეხის შემოდგმიდან უკანასკნელ ამოსუნთქვამდე უერთგულეს მეცნიერებას, სტუდენტს და უნივერსიტეტს. სულ ბოლო ხანსაც ნახავდით მას დერეფანში ენერგიულად მიმავალს, ბოლომდე აქტიური იყო, როგორც მეცნიერი და პედაგოგი და გარდაცვალებამდე რამდენიმე დღის წინაც აკვირდებოდა ადამიანის შეუცნობელ ორგანიზმს და თავისი წვლილი შეჰქონდა თავის ტვინის თუ მეხსიერების ბიოქიმიური მექანიზმების შესწავლაში. მისი უკანასკნელი სამეცნიერო ინტერესი ასტრობიოლოგია იყო. მან მარსის გრუნტის კვლევებშიც შეიტანა მცირე წვლილი.
ნუგზარ ალექსიძემ თბილისის სახლმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი 1959 წელს დაამთავრა. 1973 წლიდან დაიწყო პედაგოგიური საქმიანობა და მთელი სიცოცხლე მომავალი ბიოლოგებისა და ბიოქიმიკოსების აღზრდას შეალია. 1978 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: "თავის ტვინის ინტეგრალური მოქმედების მოლეკულური და უჯრედული მექანიზმები". 1973-2007 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის კათედრის გამგე; 2000 წლიდან – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინისა და ბიოლოგიის სპეციალობების სამეცნიერო და სასწავლო საქმიანობების კოორდინაციის კონსულტანტი; 1999 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბიოლოგიის განყოფილების აკადემიკოს-მდივნის მოადგილე;
გამოქვეყნებული აქვს 300-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის, 8 სახელმძღვანელო, 4 მეთოდური მითითება და მონოგრაფია. არის 18 გამოგონების ავტორი. შეყვანილია მსოფლიოს 500 გამოჩენილ მეცნიერთა სიაში. 1988 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტად აირჩიეს.
ნუგზარ ალექსიძეს იცნობდა მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოება. იყო ევროპის მეცნიერებათა საერთაშორისო ასოციაციის, ევროპის ნეირო ქიმიკოსთა საერთაშორისო საზოგადოების და თავის ტვინის შემსწავლელი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი.
მას არაერთხელ წარუდგენია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღირსეულად სამეცნიერო ასპარეზზე, რისთვისაც დამსახურებული აღიარება მოუპოვებია როგორც სამშობლოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ჯილდოებსა და პრემიებს შორის, რომლებსაც ნუგზარ ალექსიძეს წლების განმავლობაში გადასცემდნენ, განსაკუთრებით აღსანიშნავია კემბრიჯის ინტერნაციონალური ბიოგრაფიული ცენტრის მიერ საუკუნის ადამიანის წოდების მინიჭება (1999); თსუ-ის სახელმწიფო სამეცნიერო პრემია (1997); ABI-ის მიერ წლის ადამიანად აღიარება (1997); ღირსების ორდენი (1996); ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი (1995) და ბევრი სხვა.
86 წლის ასაკში დასრულდა ამ დიდი მეცნიერის ამქვეყნიური ცხოვრება. სამეცნიერო ღვაწლთან ერთად, ხსოვნას შემორჩება ღირსეული, თავმდაბალი, სიკეთით სავსე ადამიანის სახელი. მისი ამქვეყნიური ცხოვრება ადამიანად ყოფნის სევდას ამსუბუქებდა... ახლა ის დრო მოვიდა, როცა ადამიანად არყოფნის სევდაც გააადვილოს....
მაია ტორაძე