ესაუბრა ნინო კაკულია
ინტერვიუ ჩაწერილია მარტში
„კოვიდ-19“-ის გლობალური გავრცელებით გამოწვეულმა საფრთხეებმა მსოფლიოში ფართომასშტაბიანი ეკონომიკური კრიზისის მოლოდინები გააჩინა. როგორც ეკონომისტი, თსუ-ის პროფესორი ლადო პაპავა აცხადებს, „კორონავირუსი მალე „ეკონომიკურ პანდემიად“ გარდაიქმნება. არავინ იცის, ეს კრიზისი როდემდე გაგრძელდება, რადგან ეკონომიკა მედიცინის მძევალი გახდა“. რა ეკონომიკური ღონისძიებები უნდა გატარდეს? რა ახალი სტრატეგიაა მოსაფიქრებელი, რომ საქართველოს ეკონომიკას დამანგრეველი ზიანი არ მიადგეს. ამ საკითხებზე თავის ხედვასა და მოსაზრებებს გვიზიარებს თსუ-ის პროფესორი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, ეკონომისტი გიორგი ღაღანიძე.
- რა პროცესები შეიძლება განვითარდეს და სად არის გამოსავალი?
- საქმე იმაში გახლავთ, რომ მსოფლიოს არ ჰქონია ასეთი გამოცდილება, როდესაც ეკონომიკური კრიზისი დაიწყო ვირუსის პრობლემებიდან გამომდინარე. ჩვენ გვქონდა ღორის გრიპის, ქათმის გრიპის გავრცელების გამოცდილება, მაგრამ ის არ გადაზრდილა მსგავსი ტიპის კრიზისებში. ამ შემთხვევაში კითხვა ასე უნდა დავსვათ — სად დაიწყო კრიზისი? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ის დაიწყო ჩინეთში და მსოფლიო ფაბრიკად წოდებულმა ჩინეთმა დაიწყო საწარმოების დახურვა. შემდეგ, იმის შიშით, რომ ვირუსი არ გავრცელდეს დასავლეთ ევროპაში, დაიწყეს გარკვეული საკარანტინე ზომების გამოყენება, რამაც, თავის მხრივ, შეამცირა მოთხოვნა სამომხმარებლო პროდუქციაზე. იგივე განმეორდა აშშ-ში. მივიღეთ კრიზისი, რომელიც წარმოიშვა მიწოდების მხრიდან. ადრე კრიზისები წარმოიშვებოდა ხოლმე მოთხოვნის მხრიდან, ანუ მოთხოვნის სიმცირის გამო მცირდებოდა მიწოდება. ახლა მიწოდება აღარ ხდება, რამაც წარმოშვა კრიზისი. დარწმუნებული ვარ, ამის შესწავლა მოხდება. ახლა რა უნდა ვქნათ? ეკონომიკური მეცნიერება, სამწუხაროდ, მოკლებულია ფართომასშტაბიანი ექსპერიმენტების შესაძლებლობას.
2008 წლის კრიზისის დროს განისაზღვრა ე.წ. სპეციალური გადარჩენის გეგმები, როდესაც სახელმწიფოები უზრუნველყოფდნენ დიდი რაოდენობით ფულადი რესურსის აკუმულირებას და ამ ფულადი რესურსების მიმართვას ეკონომიკის ფინანსურ და რეალურ სექტორებში. ეს გახლავთ ის გამოცდილება, რომელიც გვაქვს. შემდეგ იყო 2014 წლის კრიზისი. ეს კრიზისი, ძირითადად, ნავთობმომპოვებელ ქვეყნებს შეეხო, რადგან ნავთობზე ფასების გარკვეული ვარდნა დაფიქსირდა. მაშინაც კრიზისის განსამუხტავად იგივე მექანიზმი გამოიყენეს. დღესაც, რასაც ვუყურებთ, გამოცდილება მეორდება. აშშ-ს კონგრესმა დაამტკიცა ორ ტრილიონიანი გეგმა — ეს რაღაც ასტრონომიული ციფრია. ერთ მოზრდილზე 1200 დოლარი და ბავშვზე 500 დოლარი გამოყვეს პირდაპირი დახმარების სახით. ეს უპრეცედენტო ზომებია, რასაც იღებენ და ამ ღონისძიებებს მიმართავენ იმ ვარდნის შესაჩერებლად, რომელიც მთელს მსოფლიოში დაფიქსირდება.
მარტივად რომ წარმოიდგინოთ, მუშაობის პრინციპი გახლდათ შემდეგი: ყველას ჰქონდა აღებული გარკვეული კრედიტი, ხორციელდებოდა გარკვეული პროდუქციის მომსახურების შექმნა, ეს პროდუქცია, მომსახურება „იყიდებოდა“ და, შესაბამისად, კრედიტი იფარებოდა. ეს ყველაფერი გაჩერდა, თქვენ აღარ გაქვთ წყარო, რომ წინა კრედიტები დაფაროთ. ეს მხოლოდ თქვენს ბანკროტობას კი არ ნიშნავს — ეს ნიშნავს, რომ ბანკები ვეღარ იღებენ კრედიტებს. ეს არ გახლავთ ის სტანდარტული ვითარება, როდესაც ერთმა საბანკო კლიენტმა ვერ დაფარა თავისი ვალდებულებები. საუბარია უმრავლესობაზე, რომელთაც ვერ დაფარეს სესხები. ეს უკვე კატასტროფაა საბანკო სექტორისათვის. დღევანდელი მსოფლიო ეკონომიკა შეკრულია საბანკო სექტორის ბაზაზე. რაც ზემოთ აღვნიშნე, იმის დაშვება, ცხადია, არ შეიძლება და, აქედან გამომდინარე, შეიმუშავეს ეს გეგმები, რათა რაღაც ვადით გადავწიოთ სესხის დაფარვის პრობლემა, ხოლო რაღაც პერიოდის შემდეგ გამოჩნდება — მოხერხდება თუ არა კრედიტების დაფარვა.
ნავთობის ფასის ვარდნა გვაძლევს საფუძველს დავასკვნათ, რომ მიწოდების მხარე არის გაჩერებული. ანუ, ძირითადი მომხმარებლები — როგორიც არის მსხვილი კორპორაციები, ავიაკომპანიები და ა.შ., მათ აღარ აქვთ მოთხოვნა შესაბამის პროდუქციაზე. ერთი მნიშვნელოვანი მომენტი იყო ხოლმე — როცა კრიზისი იწყებოდა მოთხოვნის მხრივ, ერთ გარკვეულ სექტორში იქმნებოდა კრიზისი. ახლა არის ყველგან, ყველა სექტორში. გაჩერებულია ავიაკომპანიები, ტურისტები აღარ მოძრაობენ, საცალო ვაჭრობა გაჩერდა, ანუ უპრეცედენტო ეკონომიკურ ვითარებასთან გვაქვს საქმე. აქედან გამომდინარე, გარკვეული კონკრეტული ზომები უნდა იქნას შემუშავებული. თუ ჩვენ საქართველოზე ვსაუბრობთ, ჩვენს მდგომარეობას ართულებს კიდევ ის, რომ ჩვენ ძალიან ვართ დამოკიდებული საგარეო სექტორზე. ჩვენ რომ რაღაც ვიმოქმედოთ, დამოკიდებულია იმაზე, რომ ჩვენ ძირითად გასაღების ბაზრებზე უნდა იყოს კარგი მდგომარეობა. ჩვენი ძირითადი გასაღების ბაზრებია ჩვენი მეზობლები — რუსეთი, თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და ევროკავშირი. ძირითადი გაყიდვის ბაზრები ესენია. გარკვეული ზომით წარმოდგენილია ჩრდილო ამერიკაც, მაგრამ ამათთან შედარებით ნაკლებ როლს თამაშობს. ყველა ამ ბაზრებზე საშინელი კლებაა. აქედან გამომდინარე, ამ ბაზრებზე ვითარების დასტაბილურებას უნდა დაველოდოთ და ამის შესაბამისად უნდა ვიფიქროთ, ვიზრუნოთ შემდგომ ნაბიჯებზე.
- რა სახის რეკომენდაციები გაქვთ, როგორც ეკონომისტს?
- უნდა შეიქმნას გარკვეული გადარჩენის გეგმა: პირველი — ეს უნდა იყოს საგადასახადო შეღავათები; მეორე — საშუალო და მცირე ზომის საწარმოებისათვის ფინანსური დახმარება; ასევე, კრედიტების გადავადება ბიზნეს სექტორში და ბანკებისთვის დახმარება. უნდა ვიფიქროთ, აგრეთვე, ინდივიდუალებზეც. უამრავ ჩვენს თანამოქალაქეს, ადამიანს, მათ შორის, მეც მაქვს გარკვეული საკრედიტო ვალდებულება და ვარ დამოკიდებული იმაზე, რაც შემოდის თსუ-ში. ჩემი ხელფასიდან ვიხდი ამ საკრედიტო დავალიანებას. ასეა ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი. შესაბამისად, ვერაფერ ახალ რეკომენდაციას ვერ შევიმუშავებთ. ერთადერთი, რაც შეიძლება ითქვას, თვალნათელია, რომ პირველი და ყველაზე მძიმე დარტყმა მიიღო ტურიზზმა და მასთან დაკავშირებულმა სექტორებმა — ესაა სასტუმროები, რესტორნები, საცალო ვაჭრობის ობიექტები... რაღაცნაირად ამათ მხარდაჭერაზე უნდა ვიფიქროთ. თუმცა ეს ობიექტები დამოკიდებული არიან ტურისტებზე. ტურისტების შემოსვლის გარეშე ძალიან რთული იქნება გამოსავლის მოძებნა.
ერთი კარგიც ვთქვათ რაიმე, მხოლოდ ნეგატივზე ნუ ვიქნებით ორიენტირებული. რა აჩვენა ამ კრიზისმა? კრიზისმა აჩვენა, რომ საქართველო თავისი ჯანდაცვის სისტემით და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარით, მათი აღსრულებით გამორჩეულ მდგომარეობაშია. საქართველომ გაცილებით უფრო სწრაფად და ეფექტიანად იმოქმედა, ვიდრე ჩინეთმა, ვიდრე ძალიან ბევრმა გაცილებით უფრო განვითარებულმა ქვეყანამ. აქედან გამომდინარე, ეს უნდა გახდეს ჩვენი სავიზიტო ბარათი და ჩვენი გარკვეული კონკურენტული უპირატესობა. ჩვენ თამამად შეგვიძლია ვუთხრათ ჩვენს პარტნიორებს დასავლეთ ევროპაში და აშშ-ში, რომ საწარმოო სიმძლავრეები, ჩინეთის მაგივრად, გახსენით საქართველოში; აქ ბევრად უფრო დაცულად ხართ სამედიცინო თვალსაზრისით (ფიზიკური დაცულობა მეორე მომენტია); აქ სხვა ფაქტორებია მნიშვნელოვანი და, ამდენად, ჩვენ შეგვილია ძალიან კარგი ეს ველი შემოგთავაზოთ. ოდესღაც, ეს კრიზისი რომ დასრულდება და როდესაც დაიწყებენ ფიქრს დივერსიფიკაციაზე, ამ მიმართულებით აუცილებლად ამოქმედდება ევროპა, ამერიკა, რადგან, როგორც აღმოჩნდა, ძალიან სახიფათო ყოფილა მთელი მსოფლიოსათვის ის გარემოება, რომ ერთ ქვეყანაში მოიყარა თავი უზარმაზარმა კონცენტრაციამ სამრეწველო წარმოებისა. მსოფლიო ფაბრიკად წოდებულ ჩინეთში ვირუსის პრობლემამ მთელი მსოფლიო ეკონომიკა პრობლემის წინაშე დააყენა. ამიტომ, რაღაც გადანაწილება მოხდება, რასაკვირველია. აბსურდია ვიფიქროთ, რომ ყველაფერი, რაც ჩინეთშია, საქართველოში გადმონაწილდება — ჩვენ ამის რესურსი არ გვაქვს. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ ერთი ან რამოდენიმე დარგის, რამოდენიმე საწარმოს აქ გადმონაწილების შესაძლებლობაზე. ასე რომ, დამატებითი ზომები იქნება გასატარებელი და თუ ისეთივე ეფექტიანად ვიმოქმედებთ ეკონომიკის მიმართულებით, როგორც იმოქმედეს ჯანდაცვის მესვეურებმა, ამ კრიზისის მერე აშკარად გამოვალთ მოგებულები.
საქართველოში ყოველთვის გამოყოფდნენ სამ სფეროს, სადაც გამორჩეულად კარგი მდგომარეობა გვქონდა — ეს იყო განათლება, ჯანდაცვა, კულტურა. ამ კატასტროფული კრიზისის პირობებში ამ სამივე ფაქტორმა ერთად აჩვენა, რომ ყველაფერი ყოფილა მართალი. ჯანდაცვის სისტემა მუშაობს; განათლების სისტემამ აჩვენა ბრწყინვალე შესაძლებლობა შეგუების და ადაპტირების; კულტურაზე აღარ ვსაუბრობ. ჩვენ ხშირად ვამბობდით, რომ ყოფითი კულტურა გვაკლია. რომ გამოხვალთ ქუჩაში და გაიხედავთ, მგონი, არ გვაკლია — ჩვენი თანამოქალაქეები ძალიან კარგად იცავენ ამ ყოფით კულტურას, უწესებენ თავის თავს შეზღუდვებს, ზედმეტი ხალხი არ შედის სავაჭრო ობიექტებში და დგებიან გარკვეული დისტანცირებით. ამის პოპულარიზაცია უნდა მოხდეს! ნაგავში რომ ხალხი იქექება, იმის ფოტოები კი არ უნდა დაიდოს, უნდა გავრცელდეს ამ ახალი წესრიგის ფონზე ჩვენი მოქალაქეების პასუხისმგებლიანი მოქმედების ამსახველი ფოტოები, რათა სწორად წარმოჩინდეს ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა და სწორად მოხდეს მისი პოზიციონირება.