გვესაუბრება თსუ-ის პროფესორი ლევან გიგინეიშვილი
ესაუბრა ნინო კაკულია
- მსოფლიო პანდემია — ამ დღევანდელ ვითარებას თუ მოუძებნეთ ფილოსოფიური ახსნა ადამიანთან მიმართების კონტექსტში?
- ორი წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა ჩემთვის — მოდი დავნაძლევდეთ, ერთ კვირაში დედამიწის ზურგზე ერთი კაფეც არ იქნება, სადაც მეგობრებთან ერთად შეხვალ და ესპრესოს ან ლუდს დალევო, — გიჟად ჩავთვლიდი, მაგრამ ეს რეალობა მივიღეთ. ანუ მოხდა რაღაც ისეთი, რაც არა თუ მე, ჩემზე უფროსი თაობის ხალხსაც არ ახსოვს, ალბათ, მეორე მსოფლიო ომის მერე. გრძნობის დონეზე თითქოს მთელი კაცობრიობა რაღაც ერთი ტვირთის მატარებელი გახდა და მეც, ასე თუ ისე, განვიცდი ამ ტვირთს ყველასთან ერთად. რაღაც იძულებით სოლიდარობაში ჩავარდა მთელი დედამიწა. ბევრი რამე ამ ვირუსზე ცნობილი არ არის, უფრო სწორად, ძალიან ცოტაა ცნობილი, ისიც, ზოგჯერ, წინაააღმდეგობრივი ინფორმაცია ვრცელდება და ეს ბუნდოვანება ქმნის სივრცეს როგორც პანიკისთვის, ისე ნაადრევი დამშვიდებისთვის და ეს ორივე უკიდურესობა სახიფათოა. სამწუხაროდ, მსოფლიო მასმედია ობიექტურობას ნაკლებ ეძებს, უფრო ემოციებზე აკეთებს აქცენტს და სტატისტიკას ცალმხრივად გვაწვდის. ცხადი სტატისტიკური კრიტერიუმებია საჭირო, რომ ზუსტი სურათი მივიღოთ და ასეთი სიზუსტის გარეშე ჩვენი როგორც შიშები, ისე დამშვიდებები, არ იქნება რეალობის ადექვატური. ჩემმა ერთმა მეგობარმა, რომელიც ამჟამად ბელგიის პატარა საუნივერსიტეტო ქალაქ ლუვენშია, მითხრა ახლახან: „პრესა წერს, რომ ლუვენში 300 ადამიანი დაიღუპა ახალი კორონავირუსის გამოო. გული გამისკდა, ეს ინფორმაცია რომ წავიკითხე, არადა მოგვიანებით გავიგე, რომ რადგან ლუვენშია დიდი საავადმყოფო, სადაც მძიმე პაციენტები ბელგიიდან მიყავთ, ყველა, ვინც იქ გარდაიცვალა, ლუვენს მიათვალესო’’. ასეთი რამ ტოტალურად ხდება. ორი დღის წინ ჯანმოს ხელმძღვანელმა დამაპანიკებელი რამ თქვა: „არ ვიცით — ვინც განიკურნა, იმუნიტეტს გამოიმუშავებს თუ ამ ვირუსზე იმუნიტეტი არ მუშავდებაო’’. გამოდის, მილიარდები შეიძლება ტყუილად დაიხარჯოს ვაქცინაზე, ანუ ათეულ ათასობით ადამიანმა თავი რომ გადადო და თავის თავზე აცდევინებენ პრეპარატებს, ამისთვის ტყუილად ირჯებიან?! ან რაზე დააფუძნა პატივცემულმა ეს დასკვნა? — ამაზე არაფერი უთქვამს. ისევ ასეთი პლურალიზმი აზრების და ამ მასშტაბის დაუდგენელი განმარტებები არსებულ ვირუსზე ქმნის სივრცეს ადამიანების ვნებებით მანიპულაციებისთვის. დეკარტეს დავესესხები ტერმინებს და ვიტყვი, რომ სადაც არ არის რაიმე მოვლენის „ცხადი და ნათელი“ ხედვა, იქ სწორი ფსიქოლოგიური და, ასევე, ზნეობრივი პოზიციის დაჭერა ძნელია, თუ შეუძლებელი არა.
ერთი რამ ცხადია: ასეთი გლობალური საფრთხე და განგაში, როგორც ახლობლების, ისე საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, ვფიქრობ, ადამიანის გონებას მიაქცევს ყველაზე მთავარისკენ ცხოვრებაში — აცილებს ფიქრს დროებით და ფუქსავატურ ფასეულობებზე და მეტად აფიქრებს ცხოვრების საზრისზე თუ დანიშნულებაზე. ამ კუთხით, უბედურებებისა და განსაცდელების წნეხშიც რაღაც კარგი და სასარგებლოც ხდება ან შეიძლება მოხდეს ადამიანის ცხოვრების სულიერ-ზნეობრივ მხარეში. ჩემ შემთხვევაში ეს გარკვეული დოზით ასეა.
- რა ფილოსოფიურ აზროვნებას ამჟღავნებს თანამედროვე მსოფლიო და საქართველო პანდემიის პირობებში?
- ვეცდები, ასეთ ბუნდოვან კითხვას ამ კონკრეტული გადასახედიდან შევხედო: ორი საპირისპირო ფილოსოფიურ-ზნეობრივი მიდგომა ვნახე პანდემიის მიმართ. მსოფლიოში ქვეყნების უმრავლესობამ და, მათ შორის, საქართველომაც მკაცრ ზომებს მიმართეს, რათა ინფექცია შეაჩერონ და მართვადი გახადონ. არის მეორე პოზიცია — შვედეთის (და შეიძლება დამატებით თითო-ოროლა სხვა ქვეყნებიც მოვიაზროთ), სადაც ნაკლებ მკაცრი ზომები მიიღეს სოციალური დისტანცირების გაცილებით ნაკლები დოზის გათვალისწინებითაც და ეს პოზიცია შვედეთმა დაიკავა იმ მოტივით, რომ თუ ახალი კორონავირუსით (რომელიც არ არის ძალიან აგრესიული) ბევრი დაინფიცირდება, საზოგადოება ე.წ. „ჯოგურ იმუნიტეტს“ გამოიმუშავებს და ეკონომიკის რადიკალური დამუხრუჭებაც აღარ გახდება საჭირო, რაც ძალიან სავალალო შედეგებს იწვევს. წავიკითხე სტატია, რომელიც ამართლებდა ამ მიდგომას და „დოზირებულ ფაუსტურ“ მიდგომადაც ნათლავდა, ანუ გრძელვადიანი პერსპექტივისა და სამომავლო უკეთესობისთვის აწმყოში რაღაცის მოთმენა, რაღაც მსხვერპლზე და გარკვეულ მორალური ხასიათის კომპრომისზეც წასვლა, მიუხედავად საკმაოდ საინტერესო და, ალბათ, წონიანი არგუმენტებისა, გაუმართლებელი მგონია (ვგულისხმობ შვედეთის მაგალითს) და ასკდება ზნეობრივ იმპერატივს, რადგან აქ მეტაფორულ მსხვერპლზე კი არ არის საუბარი, არამედ კონკრეტული ადამიანების სიცოცხლეზე. მესმის, რომ მკაცრ ზომებს გაჭირვება მოჰყვება უამრავი ადამიანისთვის, განსაკუთრებით, მცირე ბიზნესებისთვის, მაგრამ არათანაზომად კატეგორიებად მიმაჩნია ეს ორი რამ: ჯობია ცოცხალი იყო და გაჭირვებული, ვიდრე მკვდარი და „გაუჭირვებელი“. სხვა საკითხია, რომ ბალანსი და ზღვარი ყველგანაა საჭირო და უსასრულოდ მკაცრი ზომები და ეკონომიკის გაჩერება შეუძლებელიც იქნება, ზოგადად, ადამიანის სიცოცხლისთვის. ამიტომ, სანამ ვაქცინას გამოიგონებენ და იმედი მაქვს, ეს რამდენიმე თვეში მოხდება, კაცობრიობას მოუწევს ამ ვირუსთან მაქსიმალურად შესაძლებელი სიფრთხილით თანაცხოვრება.
საქართველოზე, კერძოდ, რა ვთქვა პანდემიასთან დაკავშირებით მსოფლმხედველობრივ- ფილოსოფიურად?
მე მგონი, საქართველო, თავისი მიდგომით, როგორც ზემოთ ვახსენე, დიდად არ განსხვავდება მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობისგან. ძალიან კარგი, რომ ადრე დაიჭირა თადარიგი სახელმწიფომ, ჯანდაცვის სისტემამ და თავიდან ავირიდეთ იტალიის და ესპანეთის კატასტროფული სცენარი. საქართველოს წარმატება ამ მხრივ მთელი მსოფლიოს მასშტაბით გახდა ცნობილი. სულ ახლახან ვნახე — ავსტრიის ჯანდაცვის მინისტრმაც აღნიშნა ეს. საგანგებო რეჟიმის დარღვევები ხდება, რასაც ყოველ დღე აცხადებენ, მაგრამ ამას არ აქვს ულტრა საგანგაშო ხასიათი, რადგან, ძირითადად, მოქალაქეები შეგნებულობას საკმაოდ იჩენენ. ჩემი თვალით ვუყურებ, როგორ იცავს ჩემს უბანში, პეკინსა თუ დოლიძეზე ხალხი წესრიგს აფთიაქებში თუ სასურსათო მაღაზიებში. დარწმუნებული ვარ, ასეთივე სიტუაციაა სხვაგანაც. იმედი მაქვს, რომ ეს საერთო ძალისხმევა ნაყოფს გამოიღებს და საქართველოში კორონავირუსი მალე დამარცხდება, როგორც ეს მოხდა, მაგალითად, ახალ ზელანდიაში. არ ვიცი, ეს პანდემია და თანმხლები განგაში ამაზე ახდენს თუ არა გავლენას, მაგრამ, მგონი, საზოგადოება მოქალაქეობრივად უფრო შეგნებული და სოლიდარული ხდება. ნათესაურ-მეგობრულ დონეზე სოლიდარობა ისედაც არ გვაკლდა, მაგრამ სამოქალაქო შეგნების და თითოეულისგან საკუთარი წილი პასუხისმგებლობის აღების მხრივ ბევრი სირთულე გვაქვს კიდევ გადასალახი და კარგი იქნება, თუ ისეთი მიდგომები, რასაც ახლა ცხადად ვამჩნევ, მარტო კრიზისის დასრულებამდე არ გასტანს. ევროპასთან მიახლოებაც ზუსტად რომ სამოქალაქო თვითშეგნების და სოლიდარობის გაღრმავებით უნდა მოხდეს.
- რამდენად გვსჯის უფალი? როგორია სხვადასხვა წრეებში გავრცელებული ამ კითხვის ფილოსოფიური ახსნა დღევანდელ მოცემულობაში?
- მინიმუმ წინასწარმეტყველი უნდა იყოს კაცი, რომ ამ კითხვას უპასუხოს. ქრისტიანული სწავლების მიხედვით, ღვთის ნების გარეშე ადამიანს „ერთი ღერი თმაც არ დავარდება“ — ეს ბიბლიური მეტაფორა გულისხმობს, რომ არანაირ შემთხვევითობას არ აქვს სამყაროში პიროვნულ ღმერთზე აღმატებული სტატუსი და რომ ღმერთი ყველა შემთხვევითობას მართავს თუ იყენებს ისე, როგორც სურს. ის, თუ რატომ უშვებს მაშინ ღმერთი ასეთ განსაცდელებს როგორც ინდივიდუალურ, ისე უფრო მასშტაბურ დონეზე, ინტერპრეტაციისთვის ძალიან ძნელია. შეიძლება საერთო განსაცდელმა უფრო სოლიდარული გახადოს კაცობრიობა, ნაკლებ ეგოისტური, ბუნების უფრო გამფრთხილებელი, მარადიულსა და წარუვალზე უფრო დაფიქრებული — არ გამოვრიცხავ, რომ ამგვარი განსაცდელის დაშვება განგებისაგან, ნაწილობრივ, მაინც ამით აიხსნებოდეს... მაგრამ ისევ, წინასწარმეტყველი არ ვარ, რომ რამე კონკრეტული მიზეზი ვთქვა და თეოდიციის ურთულეს და ბოლომდე ისედაც შეუცნობელ საკითხს ამ მოკლე საუბარში სათანადოდ შევეხო.
- თემას შევცვლი და გკითხავთ — როგორ ჩაერთეთ დისტანციური სწავლის პროცესში?
- ძალიან ნორმალურად. თავიდან მეხამუშებოდა ცოტა, მაგრამ უკვე შევეჩვიე და დავაგემოვნე კიდეც. ცხადია, უშუალო შეხვედრები სტუდენტებთან და მოსწავლეებთან ჯობს, მაგრამ როცა თანამედროვე ტექნოლოგიები გვაძლევს საშუალებას — პანდემიის დროს არ ჩავაგდოთ სასწავლო სეზონი, არაჩვეულებრივია. და ეს მაშინ, როცა ამ ზაფხულს, პირველად ჩემს ცხოვრებაში, ჩემი საყვარელი უიმბლდონიც არ ტარდება, ტოკიოს ოლიმპიადაც გადაიდო და მთელი მსოფლიო სპორტი გაჩერებულია.
- რას საქმიანობთ სახლში? რა სახის ინფორმაციას ეცნობით ან ამუშავებთ? ახალი დღის წესრიგი როგორია?
- ამ მხრივ არ მაქვს დიდი სირთულე. ისედაც, ძირითადად, სახლში ვმუშაობდი უნივერსიტეტის და სკოლის მერე. ახლა მეტიც კი მაქვს თავისუფალი დრო და ზოგიერთი გადადებული წიგნის წაკითხვის საშუალებაც მომეცა, რაც ძალიან მიხარია. არაჩვეულებრივი იყო ამ ოთხი დღის მანძილზე მანქანებისგან თითქმის დაცლილ თბილისში ველოსიპედით სიარული. ცხადია, ასეთი ფრაგმენტული სიხარულები არ გადაწონის ჩემს სიხარულს იმის თაობაზე — გავიგო, რომ პანდემია მთელ მსოფლიოში დასრულდა.