ნატო ობოლაძე
გლობალიზაციის ახალი ტალღა, რომელიც ფართომასშტაბიან ტექნოლოგურ ცვლილებებს უკავშირდება, მოიცავს ციფრულ ტრანსფორმაციას, რომელიც ინდუსტრია I4.0-ის (I4.0) სახელწოდებითაა ცნობილი. საზოგადოების ცხოვრება დღეს ამ გარემოში ვითარდება და ეს ეხება განათლების სექტორსაც. I4.0-ის და უმაღლესი განათლების სისტემის ურთიერთგავლენის საკითხებზე თსუ-ის მოწვეული პროფესორი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი ნინო პაპაჩაშვილი უკვე წლებია მუშაობს, რომელმაც საკუთარი კვლევის შედეგები კიევის ვადიმ ჰეტმანის ეროვნული ეკონომიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაზე — „ორგანიზაციების სტრატეგია VUCA რეალობის პირისპირ“ — წარადგინა. „აბრევიატურა VUCA არასტაბილურ, გაურკვეველ, რთულ და ბუნდოვან ვითარებას (Volatile, Nncertain, Complex, and Ambiguous) აღნიშნავს.
„I4.0-ის და უმაღლესი განათლების სისტემის საკითხებს რამდენიმე პუბლიკაცია და საკონფერენციო მოხსენება მივუძღვენი. ამ კონფერენციაზე ვრცელი კვლევის ერთ-ერთი ასპექტი წარვადგინე: „მომავალი მენეჯერების ციფრული კომპეტენციების განვითარების საკითხი საგანმანათლებლო სექტორის პერსპექტივიდან“. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში უფრო მეტად აქტუალური გახდება ციფრული კომპეტენციების საგანმანათლებლო პროგრამებში ინტეგრირების საკითხი, რადგან ზოგადი ინტელექტის (IQ) და ემოციური ინტელექტის (EQ) მსგავსად მნიშვნელოვანია DQ — ციფრული ინტელექტის განვითარებაც. ჩემი კვლევის შედეგები, ერთი მხრივ, ავითარებს კონცეფტუალურ ჩარჩოს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების I4.0-ის კონტექსტში გააზრებისთვის და მეორე მხრივ, სასარგებლო პრაქტიკულ მიგნებებს გვთავაზობს უმაღლეს საგანამანთლებლო პროგრამებში (და მათ შორის ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამებში) ციფრული კომპეტენციების ასახვისთვის.
აღსანიშნავია, რომ მიუხედავად რიგი კვლევებისა, უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებში ციფრული კომპეტენციების ინტეგრირების საკითხი ჯერ კიდევ არ არის ფართოდ შესწავლილი,“ — განმარტავს მკვლევარი.
კიევის ვადიმ ჰეტმანის ეროვნული ეკონომიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენცია — „ორგანიზაციების სტრატეგია VUCA რეალობის პირისპირ“ – 10 ნოემბერს, ზუმის პლატფორმის მეშვეობით ონლაინ ფორმატში ჩატარდა.