ნატო ობოლაძე
სოციალური ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ნანა სუმბაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1972 წლიდან მუშაობდა. მისი კვლევები სოციალური ფსიქოლოგიის, სოციალური მეცნიერებების საკითხებს, ასევე, სოციალური პრობლემების ფართო სპექტრს ეხებოდა და მიმართული იყო სოციალური ჯგუფების საჭიროებების კვლევასა და მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე. მათ შორის იყვნენ ქალები, იძულებით გადაადგილებული პირები, ახალგაზრდები, უმუშევარი პირები, ხანდაზმულები, ეროვნული უმცირესობები, ე.წ. თურქი მესხები, მიგრანტები და სხვა. მისი კვლევების საფუძველზე არაერთი სოციალური პროგრამა განხორციელდა, რამაც დიდი როლი შეასრულა სოციალური პრობლემების შემცირებისა და მოწყვლადი ჯგუფების მდგომარეობის გაუმჯობესებაში.
პროფესორი ნანა სუმბაძე 1949 წლის 22 ივნისს ქალაქ თბილისში დაიბადა. 1966 წელს დაამთავრა თბილისის პირველი საშუალო სკოლა. 1966-1971 წლები სწავლობდა ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტში. 1981 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი. 1993 წლიდან ის ლეიდენის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტია. 1999 წელს მან დაიცვა დისერტაცია თემაზე „სოციალური ქსელი: მოზრდილი ქალების და კაცების მეგობრობა“ და ლეიდენის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი გახდა.
ნანა სუმბაძეს უდიდესი წვლილი მიუძღვის ფსიქოლოგების თაობების აღზრდაში; მისი კოლეგები იხსენებენ, რომ „ასობით სტუდენტს ასწავლიდა და ხელმძღვანელობდა მათ პირველ ნაბიჯებს მეცნიერული კვლევის გზაზე; ცოდნისა და კვლევითი უნარების ჩამოყალიბებასთან ერთად, ყოველთვის ცდილობდა აღეზარდა ღირსეულ მოქალაქეებად, რადგან თავად იყო ასეთი: თავისუფალი, პასუხისმგებლიანი, ერთგული და მაღალი პრინციპების მქონე ადამიანი.“
თამარ გაგოშიძე, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი: „ნანა სუმბაძე... ესაა მტკივნეული რეალობა, იგი აღარ არის ჩვენთან ერთად! ბევრი ასოციაცია შეიძლება მქონდეს პროფესორ ნანა სუმბაძესთან დაკავშირებით — სოციალურ ფსიქოლოგიაში გამორჩეული მკვლევარი, კარგი მეგობარი და მხარდამჭერი, სოციალურად აქტიური, პრინციპული პიროვნება... ჩემი პერსონალური მოგონება, ალბათ, ყველაზე კარგად და სრულად აღწერს მას, როგორც პიროვნებას და როგორც მეცნიერს: შავბნელი 90-იანები იყო. ნანა ჰოლანდიაში წავიდა თავის სადოქტორო კვლევაზე სამუშაოდ. ესეც მის მიზანმიმართულობაზე, შეუპოვრობასა და საოცარ კომუნიკაბელობაზე მეტყველებს. მაშინ მას ნაკლებად ვიცნობდი, კოლეგიალურად. ერთ-ერთი ჩვენი შეხვედრის დროს ფაკულტეტზე მითხრა, რომ ძალიან უნდა ჩემი ჰოლანდიელ კოლეგასთან დაკავშირება. ჩემთვის ეს სრულიად მოულოდნელი იყო, არც კი ვოცნებობდი ამაზე, რადგან ჩვენ ყოველდღიურ მძიმე რეალობასთან ბრძოლით ვიყავით დაკავებული. ნანამ ყველაფერი გააკეთა, რომ 1 თვით სტიპენდია მიმეღო და ჰოლანდიელ ნეიროფსიქოლოგ კოლეგასთან ვიზიტით წავსულიყავი. ეს იყო არაჩვეულებრივი ერთი თვე ნანასთან ერთად, მისი სრულიად უანგარო საჩუქარი და ჩემთვის ძალიან დიდი პროფესიული და ადამიანური მხარდაჭერა. ეს იყო ფანჯარა სიბნელიდან სინათლეში. განსაკუთრებით მაშინ, ძალიან რთულ პერიოდში მისმა ასეთმა საჩუქარმა რადიკალურად შეცვალა ჩემი განწყობაც, მოტივაციაც, გამოცდილებაც. ამაში ჩანს მისი დიდსულოვნება და სრულიად უანგარო მხარდაჭერა და ზრუნვა მის გარშემო მყოფი, თუნდაც ნაკლებად ახლობელი ადამიანებისადმი. ასეთი იყო, გულუხვად გასცემდა და უშურველად უჭერდა მხარს ახალგაზრდა მკვლევრებს, მის თანამშრომლებს თუ სტუდენტებს. ყოველთვის მადლობელი ვიქნები ნანა სუმბაძის მისი გულითადი თანამონაწილეობისა და მხარდაჭერისთვის ჩემ პროფესიულ გზაზე“.
ეკატერინე ფირცხავალა, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი: „ ბნელი 90-იანების დასაწყისში სრულებით შემთხვევით (მაგრამ, ალბათ, არაფერი ხდება შემთხვევთ) ჩავაბარე ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე, რომელმაც შეცვალა ჩემი ცხოვრება. თსუ-ის მეორე კორპუსის „სამტრედეთში“, როგორც ვეძახით ხოლმე, სადაც ფსიქოლოგიის ფაკულტეტი იყო, ერთი რკინის გისოსოებიან ოთახის კარის შეღებისას ქალი შემხვდა, საშუალო სიმაღლის, მხარზე უზარმაზარი ჩანთა ჰქონდა გადაკიდებული უამრავი ფურცლით და წიგნებით სავსე — ეს იყო პირველი შეხება ნანასთან... მხიარულად და ხმაურიანად მოგესალმებოდა, მერე რა, რომ არ გიცნობდა და შევიდოდა ამ ოთახში ლექციების ჩასატარებლად.
სოციალური ფსიქოლოგიის კათედრაზე (მაშინ ასე ერქვა) ინტერპერსონალურ ურთიერთობებს, გარემოს ფსიქოლოგიას და კვლევის მეთოდებს ნანა სუმბაძე ასწავლიდა. მაშინ არჩევანი არ კეთდებოდა. შენ გქონდა გაწერილი ცხრილი და ამ ცხრილით ხელმძღვანელობდი. ნანა რომ გავიცანი, მაშინ 43 წლის იყო, მაშინ ძალიან მიკვირდა — ამ ასაკში ასეთი თანამედროვე, ახალგაზრდული როგორ შეიძლებოდა ყოფილიყავი (მეც რომ 43 წლის გავხდი, ნანას ვეუბნებოდი — წარმოგიდგენია, მე ახლა იმ ასაკში ვარ, შენ რომ გაგიცანი და ახლა უფრო ვხვდები — მაშინ რატომ მეჩვენებოდა, რომ ყველასგან განსხვავებული იყავი თქო). ასეთი თანამედროვე, ახალგაზრდული იყო მთელი ცხოვრება.
საოცრად საინტერესო, სახალისო ლექციები ჰქონდა. პირველი, რაც მახსოვს, გვითხრა — შეგიძლიათ ნანა დამიძახოთო (ესეც გასაკვირი იყო ჩემთვის). მას შემდეგ ნანა ყოველთვის იყო „ნანა“ და არავითარი — „ქალბატონი ნანა“, ასე მხოლოდ მაშინ მივმართავდი, თუ რამეზე ვხალისობდით.
ია კუტალაძე, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი: „ნანა იყო სიცოცხლის სიყვარულით, ოპტიმიზმით, ერთგულებით გამორჩეული ადამიანი... ძალიან თანამედროვე, ღია, სიახლეებით სავსე, ამიტომაც იზიდავდა ახალგაზრდებს, იყო მათი მხარდამჭერი, გულშემატკივარი, მეგობარი. ნანა იყო არაერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი პროექტის ხელმძღვანელი, რომლებშიც მუდმივად ყავდა ჩართული ახალგაზრდები. ამ პროექტებში მონაწილეობით ისინი მისგან პროფესიული და ადამიანური ურთიერთობების გაკვეთილებს იღებდენენ. ნანა იყო მაღალი კლასის პროფესიონალი, მკვლევარი, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოში გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგიის განვითარების საქმეში, თაობების აღზრდაში, რომელთაც ყოველთვის ემახსოვრებათ მისი განსაკუთრებული წვლილი არა მხოლოდ მათ პროფესიულ დაოსტატებაში, არამედ სწორი ღირებულებების ფორმირებაში. ნანას საოცარი შინაგანი ძალა ჰქონდა, ის იყო ადამიანი, რომლის ნდობა და იმედი ყოველთვის გვქონდა როგორც პროფესიულ, ასევე ადამიანურ ურთიერთობებში, როგორც ახალგაზრდებს, ასევე მის კოლეგებს.“
გუგული მაღრაძე, თსუ-ის პროფესორი: „ნანა სუმბაძე ძალიან განსხვავებული და საინტერესო პიროვნება იყო. იგი გავიცანი 80-იან წლებში, როცა ლექციებს ვკითხულობდი თსუ-ის ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე. თსუ-ის ფსიქოლოგიის ფაკულტეტმა მოახერხა მაშინდელი დროისთვის უპრეცედენტო რამ: გახსნა შრომის და საინჟინრო ფსიქოლოგიაში ე.წ. საღამოს დასწრებული პროგრამა, რომელზეც სწავლა შეეძლო ნებისმიერ უმაღლეს დამთავრებულ პიროვნებას თავისი სამსახურიდან მომართვის საფუძველზე, სადაც უნდა ყოფილიყო აღნიშნული, რომ ამ პიროვნებას მისი სამსახურებრივი საქმიანობის წარმატებით შესრულებისათვის სჭირდებოდა შრომის და საინჟინრო ფსიქოლოგიის ცოდნა. საკმაოდ ბევრი გამოჩნდა მსურველი, მაგრამ საბოლოოდ 5 წლიანი კურსი მხოლოდ ერთეულებმა დაამთავრეს და მათ შორის გამორჩეული იყო ნანა სუმბაძე, რომელსაც მანამდე დამთავრებული ჰქონდა უცხო ენების ფაკულტეტი ინგლისური ენის სპეციალობით, რაც მას საგრძნობ უპირატესობას აძლევდა, რადგან უახლესი ლიტერატურა ფსიქოლოგიაში, ძირითადად, ინგლისურ ენაზე იყო. ნანა ძალიან სწრაფად დამკვიდრდა თსუ-ის სოციალური ფსიქოლოგიის კათედრაზე, როგორც წამყვანი ლექტორი. იგი ერთ-ერთი პირველი ქართველი ფსიქოლოგი იყო, ვინც დაიცვა სამეცნიერო ხარისხი ლეიდენის უნივერსიტეტში, რაც ასევე ძალიან იშვიათი იყო მაშინ.
ნანამ შექმნა და კითხულობდა არაერთ საინტერესო კურსს ფსიქოლოგიაში და კითხულობდა ისე საინტერესოდ, რომ მისი სტუდენტების უმრავლესობა ცდილობდა მოხვედრილიყო მის სამეცნიერო კვლევით ჯგუფში. ნანა იყო პიონერი უცხოური გრანტების მოძიების საქმეშიც. მახსოვს, 90-იან წლებში მან პირველმა მოიტანა ინფორმაცია კათედრაზე, რომ ნატო-ს ორგანიზაცია აცხადებდა კონკურსს სოციალურ და ფსიქოლოგიურ საკითხებზე კვლევების ჩასატარებლად. მე ამის გამო მისი ძალიან მადლიერი ვარ, რამდენადაც ნანამ, ფაქტობრივად, მომცა სტიმული არაერთ უცხოურ პროგრამაში მონაწილეობისათვის და მას შემდეგ ათობით პროექტი გამიკეთებია.
მან ჩამოაყალიბა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სანდო სოციოლოგიური კვლევების ორგანიზაცია, სადაც არაერთი ფსიქოლოგია დასაქმებული. ნანა შეუდარებელი იყო საკვლევი პრობლემების გამოვლენასა და კვლევებში. მის მიერ მოპოვებულ პროექტებში არაერთი სტუდენტი მონაწილეობდა და დღეს ისინი არიან წამყვანი სპეციალისტები. მისი კვლევები კი ბევრი ჩვენგანისათვის და არა მარტო ჩვენთვის, არამედ ყველა სპეციალისტისთვის, ექსპერტისა თუ პოლიტიკოსისათვის, ვინც დაინტერესებულია საქართველოში მიმდინარე პრობლემებით, სამაგიდო ნაშრომს წარმოადგენს.
პიროვნულად ნანა, ერთი შეხედვით, კუშტი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა, მაგრამ საკმარისი იყო, სულ რამდენიმე წუთი გესაუბრა მასთან, რომ დარწმუნდებოდი მის კეთილგანწყობაში ადამიანების მიმართ, თუმცა საკმაოდ კრიტიკულიც იყო. ეს კრიტიკაც საფუძვლიანი და კეთილგანწყობილის პოზიციით ნაკარნახევი გახლდათ. ყოველთვის დაგაფიქრებდა და აღმოაჩენდი, რომ მისი შენიშვნები შენს სასიკეთოდ იყო მომართული.
ნანას ჰქონდა შეფარული, რბილი იუმორი, რომლითაც შეეძლო ადვილად განეტვირთა უხერხული სიტუაციები. ის, რომ იგი იყო არა მხოლოდ შესანიშნავი სამეცნიერო ხელმძღვანელი, არამედ უახლოესი მეგობარი თავისი სტუდენტებისათვის, ამაზე მისი ყოფილი და ახლანდელი სტუდენტებიც ბევრს იტყვიან. ახლა და ახლა ვიგებთ — როგორ უჩუმრად ეხმარებოდა უამრავ ადამიანს, მათ შორის, მისთვის სრულიად უცნობებს, მიუხედავად იმისა, რომ არც მას აკლდა პრობლემები.
...დაბოლოს, რაც ძალიან გამოარჩევდა მას. არასდროს არ მახსოვს ნანა რაიმეზე მოწუწუნე, არასდროს ლაპარაკობდა თავის თავზე, არ მოგახვევდა საკუთარ განცდებსა და აზრებს.
მე კიდევ ერთი ასპექტითაც ვიცნობდი მას. ჩემი და მისი შვილიშვილი ერთ კლასში სწავლობდნენ. ჩვენ ხვდებოდით-ხოლმე ერთმანეთს სკოლაში ბებიების რანგში. ნანა იყო ისეთი თბილი და რბილი ხასიათის ბებია, რომ ვერც წარმოიდგენდით.
დასანანია, რომ წავიდა... კიდევ ბევრი რამის გაკეთება შეეძლო თავისი საყვარელი საქმისთვის, თავისი ოჯახისთვის, ერთგული მეგობრებისა და კოლეგებისათვის. ყოველდღიურად სულ უფრო ვგრძნობთ, თუ როგორ გვაკლია ფსიქოლოგებს და ყველას, ვინც მას იცნობდა. იგი ყოველთვის გვემახსოვრება.“
ნაზი ფარსადანიშვილი, ნანა სუმბაძის სტუდენტი, ასისტენტი: „ნანი სუმბაძეს პირველად 2013 წელს შევხვდი, მე-4 კურსის ბოლო სემესტრში ვსწავლობდი და ერთ-ერთ საგნად მისი კურსი — თვით-აღწერითი საზომები ფსიქოლოგიაში — ავირჩიე. მაშინ უკვე ვიცოდი, რომ მაგისტრატურაზე გამოყენებით სოციალურ ფსიქოლოგიაზე უნდა ჩამებარებინა, მის შესახებაც ბევრი მსმენოდა და ერთი სული მქონდა, როდის შევხვდებოდი. გონებაში ახლაც მაქვს ხატად ჩაბეჭდილი მე-3 კორპუსის 301-ე აუდიტორია, სადაც მშვიდი სახით და დინჯი ნაბიჯებით შემოვიდა და, მიუხედავად იმისა, რომ საგანზე 80-მდე სტუდენტი იყო, ყველას სახელითა და გვარით დაინტერესდა. გასაოცარი იყო მისი უშუალობა, თავმდაბლობა, საკითხის მარტივად ახსნის უნარი და ძალიან საინტერესო თხრობა. ეს იყო ის თვისებები, რისი დამსახურებითაც ყველა სტუდენტს აყვარებდა შესასწავლ საკითხს. კურსის ფარგლებში ჯგუფებად დაგვყო და კვლევების ჩატარება დაგვავალა. ამაში, თითქოს, გასაოცარი არაფერი იყო, რადგან იქამდეც ბევრჯერ ჩაგვიტარებია სასწავლო კურსის ფარგლებში კვლევა. თუმცა, ეს სულ სხვა გამოცდილება იყო, რადგან იგი ჩვენ მოგვიდგა, როგორც მკვლევრებს, როგორც მის სწორებს. ამ გამოცდილების გამო ძალიან ბედნიერი ვიყავი და სიხარულით ვატარებდი კვლევას. მახსოვს, შედეგების დამუშავების ეტაპზე რომ მივედით, spss-ის პროგრამაში რაოდენობრივი მონაცემების დასამუშავებლად მე და ჩემი კურსელი მე-2 კორპუსის გადასწვრივ მდებარე თავის ორგანიზაციაში დაგვიბარა. ძალიან გვინდოდა გაგვეხარებინა და აბაშიძის ქუჩაზე გვირილების თაიგული ვიყიდეთ, მასავით სადა, უბრალო... გვირილებით ხელში რომ შევედით, ძალიან გაუხარდა. პირველი, რაც თვალში მომხვდა, უამრავი წიგნით სავსე მისი სამუშაო ოთახი იყო, სადაც წიგნებისაგან ძლივს გავათავისუფლეთ სკამები, კომპიუტერთან მის გვერდით რომ დავმსხდარიყავით. ამდენი წიგნის გამო აღფრთოვანება ვერ დავმალეთ და მანაც საჩუქრად ბოძებული წიგნებით ხელდამშვენებულები გამოგვიშვა. ნანი სუმბაძესთან მუშაობა ყველა ეტაპზე უდიდესი ბედნიერება იყო. მე ძალიან გამიმართლა... ძალიან გამიმართლა იმაში, რომ დოქტორანტურაზე ჩაბარებისას თავის ასისტენად ამირჩია და მასთან ერთად უფრო სიღრმისეულად მუშაობის გამოცდილება მხვდა წილად. ძალიან ძნელია გადმოვცე ყველაფერი ის, რაც ნანა სუმბაძემ მასწავლა. მაგრამ, ერთ სიტყვაში შემიძლია ვთქვა, რომ მან მე და ყველა სტუდენტს ასწავლა ყველაზე მნიშვნელოვანი რამ — ადამიანობა.“
ანასტასია ქიტიაშვილი, ასოცირებული პროფესორი, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი: „მე-3 კურსზე ვიყავი, ნანი სუმბაძე რომ გავიცანი. ჰოლანდიიდან ახლად დაბრუნებული იყო და სოციალური ფსიქოლოგიის კათედრაზე ძალიან საინტერესო საგნებს გვიკითხავდა. უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა სულ რამდენიმე ლექციაში. გაცნობის პირველი დღიდან ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა ჩემს ცხოვრებაში. მან შემოიტანა ჩვენს კათედრაზე სინათლე და პროგრესი ბნელ 90-იან წლებში. ის იყო პირველი, ვინც უცხოური გრანტები მოიტანა სოციალური ფსიქოლოგიის კათედრაზე და, ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა სოციალური ფსიქოლოგიის სფეროს განვითარებაზე. ის იყო თავის საქმის უზადო პროფესიონალი და ყოველთვის პროგრესთან, ინოვაციებთან, განვითარებასთან, ევროპულ განათლებასა და ევროპულ ღირებულებებთან ასოცირდებოდა. მისმა საქმიანობამ და უანგარო მხარდაჭერამ ბევრი კოლეგის თუ სტუდენტის კარიერული და პროფესიული განვითარება განსაზღვრა.
ნანი პირველი იყო, ვინც კვლევის მეთოდებსა და მონაცემების დამუშავებას გვასწავლიდა. სტუდენტური კვლევითი იდეებით მივედი მასთან, მომისმინა და მოეწონა. აქტუალური თემააო, — მითხრა. ეს იყო ჩვენი პირველი ერთობლივი კვლევა. ბევრი ვიმუშავეთ და ორი პუბლიკაცია გავაკეთეთ. ვერ წარმომედგინა, რომ ლექტორს შეიძლებოდა სტუდენტთან ერთად სტატია გაეკეთებინა, თანამედროვე ლიტერატურა, საკვლევი სოფტები გაეზიარებინა, ან სტუდენტის აზრი გაეთვალისწინებინა; ბედნიერი ვარ, რომ ამის შემდეგ ჩვენ ათობით ერთობლივი სტატია გამოვაქვეყნეთ, არაერთი კვლევა და პროექტი განვახორციელეთ. ჩემი ცხოვრების ყველა მნიშვნელოვან ეტაპზე ფიგურირებს ნანი... ჩემი მასწავლებელი იყო, ჩემი პირველი დამსაქმებელიც IPS-ში, სადაც ძალიან ბევრი და საინტერსეო კვლევა განვახორციელეთ, ასევე, უნივერსიტეტში სოციალური ფსიქოლოგიის ინსტიტუტში მასთან ვმუშაობდი.
ჩვენს ფაკულტეტზე გამოყენებით კვლევებს ნაკლები მნიშვნელობა ენიჭებოდა. 2007 წელს ნანიმ და მე ერთად დავაარსეთ გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგიის მიმართულება. 13 წელი ერთად ვხელმძღვანელობდით „გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგიის“ სამაგისტრო პროგრამას, დაახლოებით 10 წელი კი — სადოქტორო პროგრამას. შესაბამისად, ძალიან დიდ დროს ვატარებდით ერთად. ეს ძალიან ბედნიერი წლები იყო — სულ რაღაცას ვგეგმავდით, ვუზიარებდით ერთმანეთს, ვავითარებდით პროგრამებს. ჩვენი ურთიერთობა აგებული იყო ძალიან დიდ ურთიერთ ნდობაზე, მხარდაჭერაზე, პატივისცემასა და სიყვარულზე. ნანი წამყვან საგნებს კითხულობდა და უამრავ სტუდენტს ხელმძღვანელობდა. ყველაფერს, რასაც ასწავლიდა, პრაქტიკაში თავად ახორციელებდა. ყოველთვის ახდენდა პრაქტიკული გამოცდილების შერწყმას მეცნიერულ მოდელებსა და კონცეფციებთან. არასოდეს უთქვამს სტუდენტებისთვის უარი ხელმძღვანელობაზე, ძალიან დიდ დროს ატარებდა მათთან, უნივერსიტეტში, IPS-ში და სახლშიც.
სულ ახალი და ინოვაციური კვლევითი იდეები ჰქონდა. ტიპური სოციალურ-ფსიქოლოგიური თემების გარდა, ისეთი საკითხებითაც ინტერესდებოდა, რაც უცხო იყო სხვა პროფესორებისთვის. უამრავი კვლევა აქვს გაკეთებული მოწყვლადი ჯგუფების სოციალურ-ფსიქოლოგიური თავისებურებებისა და საჭიროებების კვლევაზე, მათ შორის არის იძულებით გადაადგილებული პირების, მიგრანტების, ქალების, შშმ და სსმ პირების, უმუშევარი ახალგაზრდების და ა.შ. შესახებ. მისი კვლევები იყო ერთდროულად მეცნიერული და ამავე დროს გამოყენებითი, გამიზნული ამ სოციალური ჯგუფების კეთილდღეობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე. ეს გამოარჩევდა მას, როგორც მეცნიერს. არასოდეს ყოფილა პოპულისტი (რაც ასე გავრცელებულია დღეს ჩვენს ირგვლივ) ან თვითპრეზენტაციასა და კარიერიაზე ორიენტირებული, არასოდეს უთქვამს უარი საკუთარ პრინციპებზე კონფორმისტული მოტივების გამო, არც რეგალიები სჭირდებოდა ურთიერთობისას.... ის ჩემთვის ყოველთვის იყო „ნანი“, „ნანიკო“.
პროფესიონალიზმთან ერთად მასში საოცრად იყო შერწყმული ღირსება, ადამიანობა, დიდსულოვნება და მაღალი მორალური ღირებულებები. ეს ყველაფერი მას სრულიად გამორჩეულ მეცნიერად და პიროვნებად ხდიდა. ფეისბუქზე დავწერე, რომ „არაფერი აღარ იქნება ძველებურად ჩემს ცხოვრებაში ნანიკოს გარეშე“ და სამწუხაროდ, ყოველ დღე ვრწმუნდები ამ რეალობის სიმძიმეში.“