ნატო ობოლაძე
საქართველოში ჟურნალისტიკა, ძირითადად, ქალების სამუშაო სფეროდ მოიაზრება. კითხვაზე – რა არის ამის მიზეზი? გამოკითხული რესპონდენტებიდან ყველაზე მეტმა (31%) უპასუხა, რომ ამის საფუძველია პროფესიის მიმზიდველობა, 27%-ს მიაჩნია, რომ ეს პროფესია მოითხოვს ისეთ უნარებს, რომელიც ქალებს უფრო აქვთ, ხოლო 16%-მა აღნიშნა, რომ მამაკაცებისთვის ამ სფეროში არსებული ფინანსური ანაზღაურება არასაკმარისია, ქალები კი ნაკლები ანაზღაურების პირობებშიც მუშაობენ. ქალები უფრო თამამები არიან კრიტიკული კითხვების დასმის თვალსაზრისით, რასაც, კვლევის მიხედვით, განაპირობებს ის, რომ ქალი ჟურნალისტები, ძირითადად, ვერბალური ძალადობის და ბულინგის მსხვერპლნი არიან, მამაკაცები კი ვერბალური და ფიზიკური — ეს არის მიგნებების ერთი ნაწილი, რომელიც 9 სექტემბერს ლონდონის საერთაშორისო ონლაინ კონფერენციაზე — „სამართალი, ბიზნესი და ინოვაციური კვლევები“ („LAW, BUSINESS AND INNOVATION STUDIES (#LBIS)“– წარადგინეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ორგანიზაცია მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო კვლევითი ცენტრის (MCERC)-ის ხელმძღვანელმა მარიამ გერსამიამ, MCERC-ის გამგეობის წევრმა, თსუ–ის ასოცირებულმა პროფესორმა მაია ტორაძემ და მედიაფსიქოლოგმა ლიანა მარქარიანმა. წელს საერთაშორისო კონფერენციის ფოკუსი იყო „აქტუალური პერსპექტივები სოციალურ მეცნიერებებში“.
მოხსენება: „გენდერული სტერეოტიპები და ქალი ჟურნალისტების წინაშე არსებული საფრთხეები ქართულ მედიაში (2019-2021)“ ავტორებმა სამფაზიანი კვლევის შედეგებზე დაყრდნობით წარადგინეს (კვლევის პირველი ნაწილი 2020 წელს IGI Globl-ის მიერ ინგლისურ ენაზე გამოქვეყნდა კრებულში „Discrimination, Gender Disparity, and Safety Risks in Journalism“).
სამფაზიანი კვლევის პირველ ეტაპზე დადგინდა, რა გენდერული სტერეოტიპები დომინირებს ქართულ მედიაში, ხოლო მეორე ეტაპზე ჩატარებულმა თვისებრივმა კვლევამ აჩვენა, თუ რა მექანიზმები უნდა დაინერგოს მედიაში გენდეული სტერეოტიპების შესამცირებლად.
რაც შეეხება სამომავლო პერსპექტივებს, პროფესორ მარიამ გერსამიას თქმით, კვლევის მესამე ფაზაში დაგეგმილია გაანალიზება, თუ რამდენად უსაფრთხოა ქალი ჟურნალისტებისთვის ის მედიაგარემო, რომელშიც ისინი მუშაობენ. საბოლოო შედეგები კი გვიჩვენებს, რა უნდა გაკეთდეს მედიამდგრადობის და მედიაგარემოს გაუმჯობესებისთვის.
პროფესორმა მარიამ გერსამიამ უხელმძღვანელა ლონდონის საერთაშორისო კონფერენციის სპეციალურ სესიას, რომელიც გენდერულ თანასწორობას და ქალთა ჩართულობას მიეძღვნა. კონფერენცია 11 სექტემბრის ჩათვლით გრძელდებოდა და მასში სხვადასხვა ქვეყნის აკადემიური სფეროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.