ვინ არიან დაკრძალულნი მთაწმინდის პანთეონში და რა ისტორიებს გვახსენებს მეხსიერება? — ამ თემაზე საინტერესო სტატია — „მთაწმინდის პანთეონი — მეხსიერების ადგილი და იდენტობის სიმბოლო“ თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კულტურის კვლევათა სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის პროფესორს ნინო ჩიქოვანს ეკუთვნის, რომელიც საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში „Caucasus Survey“ გამოქვეყნდა. ეს მულტიდისციპლინური გამოცემა აქვეყნებს ნაშრომებს კავკასიის რეგიონის შესახებ ისტორიის, კულტურის კვლევების, პოლიტიკის მეცნიერებების, სოციოლოგიის, ანთროპოლოგიის და სხვა სფეროებიდან. ნაშრომი შესრულდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროექტის „ქართული ნაციონალური იდენტობა და მეხსიერების ადგილები: წარსულის კონსტრუირების დომინანტური და ალტერნატიული პერსპექტივები“ – ფარგლებში, რომელშიც მუშაობდნენ მკვლევრები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურის კვლევათა სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტიდან.
ნაშრომის ძირითადი აქცენტების შესახებ გვესაუბრება ნინო ჩიქოვანი:
– ნაშრომის მიზანი იყო მთაწმინდის პანთეონის, როგორც ქართული იდენტობის სიმბოლოს ჩამოყალიბებისა და მისი ტრანსფორმაციის შესწავლა კულტურის მეცნიერებათა პერსპექტივიდან, კოლექტიური მეხსიერებისა და იდენტობის კვლევის კუთხით.
პანთეონის შექმნის იდეა, რომელიც ქართველ ინტელექტუალთა წრეში მე-19 საუკუნის ბოლოს გაჩნდა, იმავე მიზანს ემსახურებოდა, რასაც საფრანგეთში, საიდანაც იგი ისესხეს: ეროვნული იდენტობის ჩამოყალიბებასა და განმტკიცებას. პირველი ნაბიჯები პანთეონის შექმნის მიმართულებით იმავე პერიოდში გადაიდგა და მათ შედეგად მოჰყვა მამადავითის ეკლესიასთან არსებული სასაფლაოს გარდაქმნა დიდი ქართველების განსასვენებლად, რომლებიც ქართულ იდენტობას განასახიერებდნენ. მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია დიმიტრი ყიფიანის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის დაკრძალვა მთაწმინდაზე. თუმცა პანთეონი ოფიციალურად მხოლოდ საბჭოთა პერიოდში, 1929 წელს დაარსდა და მას საფუძვლად ახალი რეალობის შესაბამისი მიზნები დაედო. ამ წელს აღინიშნებოდა ალექსანდრე გრიბოედოვის გარდაცვალების 100 წლისთავი, პანთეონიც რუსეთთან მჭიდროდ დაკავშირებული საბჭოთა საქართველოს კოლექტიური იდენტობის სიმბოლოდ უნდა ქცეულიყო და საბჭოთა ეროვნული პოლიტიკის მიზნებს მომსახურებოდა. იგი მწერლების, პოეტების, კომპოზიტორების, მსახიობების და მეცნიერების სამუდამო სამყოფლად იქცა, რომლებიც აღიარებული იყვნენ ხელისუფლების მიერ და განასახიერებდნენ, ერთი მხრივ, ხალხთა ძმობისა და მეგობრობის იდეას, მეორე მხრივ კი ეთნიკური სამშობლოს ერთგულებას. პანთეონისთვის არასდროს აუვლია გვერდი პოლიტიკურ კონიუნქტურას. მაგალითად, 1935-1950 წლებში აქ დაიკრძალნენ ცნობილი ბოლშევიკები სიმონ ჯუღელი, სილიბისტრო თოდრია, ფილიპე მახარაძე და მიხა ცხაკაია, აგრეთვე სტალინის დედა ეკატერინე გელაძე-ჯუღაშვილი.
საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო წლები პანთეონში უჩვეულო და მოულოდნელი ფაქტით აღინიშნა: 1987 წლის შემოდგომაზე, როდესაც საქართველოში ილიას დაბადების 150 წლისთავს აღნიშნავდნენ, მთაწმინდის პანთეონში ფილიპე მახარაძის საფლავი ააფეთქეს, რომელიც ილიას პირდაპირ, მისგან სულ რამდენიმე მეტრის დაშორებით განისვენებდა და რომლის სახელს, სხვა სოციალ-დემოკრატებთან ერთად, ილიას მკვლელობას უკავშირებდნენ. ხელისუფლებამ ამჯობინა, მომხდარი არ გაეხმაურებინა და საფლავი მეორე დღესვე აღადგინა. თუმცა 1989 წლის ბოლოს ფილიპე მახარაძისა და კიდევ ორი ცნობილი ბოლშევიკის — სილიბისტრო თოდრიას და მიხა ცხაკაიას — ნეშტები მთაწმინდის პანთეონიდან ხუდადოვის ტყე-პარკთან არსებულ რევოლუციონერთა საძმო სასაფლაოზე გადაასვენეს, შემდეგ კი ნათესავებმა ისინი საგვარეულო სასაფლაოებზე დაკრძალეს. ამ ფაქტმა სათავე დაუდო პროცესს, რომელსაც მკვლევრები აქტიურ დავიწყებას ან წარსულთან ანგარიშსწორებას უწოდებენ. იმავე წლის ოქტომბერში მთაწმინდაზე დაკრძალეს მერაბ კოსტავა — ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ლიდერი, რომელიც ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ეს იყო პირველი ნაბიჯი ახალი, არასაბჭოთა მეხსიერებისა და ახალი იდენტობის შექმნის გზაზე.
დამოუკიდებლობის პერიოდში მთაწმინდის პანთეონში ბინა დაიდეს პიროვნებებმა, რომელთა სახელები დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას უკავშირდებოდა და რომლებიც ახალი ეროვნული იდენტობისა და მეხსიერების ცენტრალურ ფიგურებად უნდა ქცეულიყვნენ: ექვთიმე თაყაიშვილი (2000 წელს გადაასვენეს დიდუბის პანთეონიდან); ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი (2005 წელს გადაასვენეს ლევილიდან), საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია (2007 წელს გადაასვენეს გროზნოდან), გენერალი გიორგი კვინიტაძე (2021 წელს გადაასვენეს საფრანგეთიდან). 2011 წელს მთაწმინდაზე გაიხსნა 1937-1938 წლებში საბჭოთა რეჟიმის მიერ რეპრესირებულ მწერალთა და ხელოვანთა სიმბოლური საფლავი-მემორიალი, რაც მიზნად ისახავდა ქართული საზოგადოების კონსოლიდაციას საბჭოთა წარსულის ტრავმული მეხსიერების გარშემო. პანთეონის დახურვის ოფიციალური გადაწყვეტილების მიუხედავად, გრძელდება იქ ცნობილ მწერალთა და შემოქმედთა დაკრძალვა.
მთაწმინდის გარდა თბილისში სხვა რამდენიმე პანთეონიც შეიქმნა. მთაწმინდის პანთეონი მათ შორის პირველია — ქრონოლოგიურადაც და მნიშვნელობითაც, მას სიმბოლური დატვირთვა მიენიჭა და დღემდე ცნობილია, როგორც მეხსიერების ადგილი და თანამედროვე ქართული იდენტობის სიმბოლო.
მოამზადა მაია ტორაძემ