მოამზადა მაია ტორაძემ
2021 წელს 80 წელი შეუსრულდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას, რომელიც 1941 წლის 8 თებერვალს დაარსდა. პირდაპირი წანამძღვრები, რომელთაც მომზადდა ნიადაგი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შექმნისათვის, შექმნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესურამ. დამფუძნებელთა შორის იყვნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები – ნიკო მუსხელიშვილი, აკაკი შანიძე, კორნელი კეკელიძე, გიორგი ახვლედიანი, ივანე ბერიტაშვილი, კირიაკ ზავრიევი, ფილიპ ზაიცევი, ალექსანდრე თვალჭრელიძე, ნიკოლოზ კეცხოველი, ტარასი კვარაცხელია, დიმიტრი უზნაძე, არნოლდ ჩიქობავა, გიორგი ჩუბინაშვილი, გიორგი ხაჭაპურიძე, სიმონ ჯანაშია, ალექსანდრე ჯანელიძე.
სხვადასხვა წლებში მეცნიერებათა აკადემიას ხელმძღვანელობდნენ აკდემიკოსები: ნიკოლოზ მუსხელიშვილი (1941-1972); ილია ვეკუა (1972-1977), ევგენი ხარაძე (1978-1986), ალბერტ თავხელიძე (1986-2004), თამაზ გამყრელიძე (2005– 2013). 2013 წლის 19 ივნისიდან დღემდე აკადემიის პრეზიდენტია აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე.
წელსვე დაბადებიდან 130 წელი შეუსრულდა მეცნიერებათა აკადემიის პირველ პრეზიდენტს ნიკოლოზ მუსხელიშვილს, რომელიც 30 წელი ემსახურა აკადემიას და ქართული მათემატიკური სამეცნიერო სკოლა გაუტოლა მსოფლიო სამეცნიერო სიმაღლეებს.
* * *
თავდაპირველად აკადემიას ორი განყოფილება გააჩნდა: მათემატიკის და საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივ მეცნიერებათა. აკადემიის პირველი 16 წევრიც ამ ორ განყოფილებაში განაწილდა.
შემდგომ პერიოდში საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შემადგენლობაში შევიდა 9 სამეცნიერო დაწესებულება, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი, გეოლოგიის ინსტიტუტი, ივ. ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტი, ფსიქოლოგიის და ყოფილი ფიზიკის ინსტიტუტის ლაბორატორია, რომლებიც თბილისის უნივერსიტეტთან ფუნქციონირებდა.
გარდა აღნიშნულისა, აკადემიას გადაეცა განათლების სახალხო კომისარიატთან არსებული ქართული ხელოვნების ისტორიის სექტორი, ხოლო ფსიქოლოგიის ლაბორატორია მაშინვე გარდაიქმნა სექტორად. ამრიგად, დაარსებიდან აკადემიის სისტემაში შევიდა 14 სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში ფუნქციონირებს 9 სამეცნიერო განყოფილება. აქ მოღვაწეობს 64 აკადემიკოსი და 24 წევრ-კორესპონდენტი.