„რა ვქნათ? როგორ მოვიქცეთ? როგორ მოვახერხოთ ის, რომ არც თანამედროვეობას ჩამოვრჩეთ და არც ჩვენი ძირძველი და მშვენიერი კულტურა და იდენტობა დავკარგოთ“, — ეს სატკივარი თსუ-ის პროფესორისა და რეჟისორის მერაბ კოკოჩაშვილისთვის ყოველ ახალ წელს აქტუალურდება, რადგან მისი საახალწლო სურვილები, პირველ რიგში, ქვეყნის მომავალს უკავშირდება.
მერაბ კოკოჩაშვილი:
ჩვენთვის, ქართველებისთვის ამჟამად დიდი სიხარული ის არის, რომ ვცხოვრობთ ქვეყანაში, რომელიც დღეს ჩვენივე სამართავია და არა სხვისი, როგორც ადრე. ამას კი სიბრძნე, ურთიერთგაგება, ურთიერთპატივისცემა და ერთობა სჭირდება. ისეთი სისწრაფით იცვლება საკაცობრიო წარმოდგენები და ურთიერთობები, რომ ჩვენს შვილიშვილებს და შვილთაშვილებს სრულიად განსხვავებულ სამყაროში მოუწევთ ცხოვრება. მახსენდება შესანიშნავი სცენარისტის, სულიკო ჟღენტის მიერ ჩვენი დღევანდელობის ზუსტი შეფასება: „უცნაური საუკუნეა — ხალხებს აახლოვებს და ადამიანებს აშორებს“. დღეს უკვე შეცვლილია ადამიანთა შორის, თუნდაც მეგობართა და კოლეგებს შორის ისტორიულად ჩამოყალიბებული, ჩვეული ურთიერთობები. შეხვედრები, სწავლება და ყველაფერი ის, რაც ადრე ცოცხალი, ლამის ხელშესახები ურთიერთობებით ხორციელდებოდა, დღეს ტექნოლოგიურმა, ელექტრონულმა ურთიერთობებმა შეცვალეს. რა ვქნათ? როგორ მოვიქცეთ? როგორ მოვახერხოთ ის, რომ არც თანამედროვეობას ჩამოვრჩეთ და არც ჩვენი ძირძველი და მშვენიერი კულტურა და იდენტობა დავკარგოთ. ვფიქრობ, არსებობს გზა — აითვისო ყველაფერი, რაც საკაცობრიო მონაპოვარია, შემდეგ ის შენს ეროვნულ თვითმყოფადობაში გადახარშო და კვლავ დაუბრუნო კაცობრიობას. ქართველი ნიჭიერია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მას შეუძლია, აქვს უნარი — იყოს მოწინავე (ამის მაგალითები შეგიძლიათ აღმოაჩინოთ როგორც საკაცობრიო კულტურაში, ისე ისტორიაში). ამის მისაღწევად კი საჭიროა შექმნა ყველაზე მოწინავე საგანმანათლებლო სისტემა, წარმატებული მომავალი, უმაღლესი ტექნოლოგია და, ასევე, უმაღლესი კულტურის დონე საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. ვფიქრობ, ჩვენ ვალდებული ვართ გამოვიმუშაოთ და დავნერგოთ ჩვენში ყველა ეს პრინციპი. მაშინ ვიქნებით მოწინავენიც და ქართველებიც.
* * *
გილოცავთ ახალ წელს ყველას! — ასაკოვნებს, ახალგაზრდებს, უნივერსიტეტელებს... მინდა, ყველას გისურვოთ ჯანმრთელობა, სიკეთე, სიყვარული, მშვიდი და წარმატებული მომავალი. ვირწმუნოთ, რომ გავიმარჯვებთ და მართლაც გამარჯვებული ვიქნებით...