ნატო ობოლაძე
2021 წლის 30 დეკემბერს იურიდიული ფაკულტეტის საბჭომ დეკანის თანამდებობაზე, მეორე ვადით, ასოცირებული პროფესორი თამარ ზარანდია აირჩია. კონცეფცია, რომელიც თამარ ზარანდიამ საბჭოს წარუდგინა, ფაკულტეტის განვითარების იმ ძირითად მიმართულებებს მოიცავს, რაზეც საქართველოში რეიტინგით პირველი სამართლის სკოლა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ორიენტირდება. დოკუმენტი სწავლებისა და კვლევის კომპონენტების გაძლიერებას, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას, სტუდენტთა მომსახურების გაუმჯობესებასა და აკადემიური პერსონალის საქმიანობის ხელშეწყობას ითვალისწინებს. დეკანი დასახული ამოცანების განხორციელებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობად ფაკულტეტის ფინანსური ავტონომიის გაზრდას მიიჩნევს.
იურიდიული ფაკულტეტის განვითარების შესახებ თამარ ზარანდია ვრცლად ინტერვიუში გვესაუბრება.
— რას მოიცავს იურიდიული ფაკულტეტის განვითარების კონცეფცია?
— ერთდროულად დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მეორედ არჩეული დეკანი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის განვითარების კონცეფცია, რომელიც წარვადგინე ფაკულტეტის საბჭოზე, წარმოადგენს ფაკულტეტის განვითარების ზოგად ხედვას და მოიცავს ძირითად საკითხებს იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რის წინაშეც დღეს ვიმყოფებით. მასში ასახული საკვანძო საკითხები მნიშვნელოვანია იურიდიული ფაკულტეტის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამების, სასწავლო პროცესის და სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობისთვის, საფინანსო-ეკონომიკური, ადმინისტრაციული საქმიანობის განხორციელებისა და საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებისათვის.
— როგორია თქვენი ხედვა ფაკულტეტზე სასწავლო პროცესის გაუმჯობესების, კვლევითი კომპონენტის გაძლიერების თვალსაზრისით?
— უპირველესად, უნდა აღინიშნოს, რომ სასწავლო პროცესის მნიშვნელოვანი გამოწვევაა დისტანციური სწავლება, რაც კოვიდპანდემიის რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო გახდა მთელი მსოფლიოს და, მათ შორის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის აკადემიური პოლიტიკის ნაწილი. შესაბამისად, დისტანციური ფორმით განხორციელებული სასწავლო პროცესი ორიენტირებული უნდა იყოს სტუდენტის კრიტიკულ საჭიროებებსა და, ამავდროულად, ხარისხიანი განათლების მიღების ინტერესზე. ამ მიმართულებით ბევრი გამოწვევაა, განსაკუთრებით პროლემატურია საგამოცდო პროცესი, რომელიც პანდემიის გამო ვერ მიმდინარეობს საგამოცდო ცენტრში. ძალიან მწვავედ დადგა აკადემიური კეთილსინდისიერების და პლაგიატის პრობლემა და ფაკულტეტს ბევრ საკითხთან დაკავშირებით კიდევ მოუწევს საკუთარი გადაწყვეტილებების ძიება.
რაც შეეხება სასწავლო პროცესისა და სტუდენტთა მომსახურების სეგმენტის გაძლიერებას, მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტთა მომსახურების კულტურა დავხვეწოთ. ამ მიმართულებითაც კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო. ამ ეტაპზე ფაკულტეტზე ფუნქციონირებს სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის ფარგლებში სტუდენტთა მომსახურების ჯგუფი. მეორე კორპუსში დაიგეგმა სტუდენტთა მომსახურების ცენტრის ერთიანი სივრცე, რომელიც აერთიანებს კანცელარიას, სტუდენტთა მომსახურების სეგმენტს და სასწავლო პროცესის მართვის სამსახურს. ვფიქრობ, რომ ერთიან სივრცეში ამ სამი კომპონენტის განთავსება გააუმჯობესებს სტუდენტთა მომსახურების ხარისხს, რაზეც ფაკულტეტი მუდმივად უნდა ზრუნავდეს.
მნიშვნელოვანია სტუდენტთა და ახალგაზრდა აკადემიური პერსონალის სამეცნიერო აქტივობების ხელშეწყობა. ვფიქრობთ, რომ ფაკულტეტის წარმატებისა და ზრდისთვის საჭიროა ნიჭიერი სტუდენტებისა და ახალგაზრდა აკადემიური პერსონალის მხარდაჭერა, მათ შორის სტუდენტური სამეცნიერო ჟურნალის პერიოდული გამოცემის უზრუნველყოფით, საფაკულტეტო სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციების სტანდარტის ზრდითა და სხვა მექანიზმებით.
სასწავლო პროგრამების მუდმივი განვითარება იურიდიული ფაკულტეტის სამუშაო დღის წესრიგის ნაწილია და ამ მიმართულებით ფაკულტეტი არაერთ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომ ჩვენმა პროგრამებმა შეინარჩუნონ პირველობა სამართლის საგანმანათლებლო ბაზარზე.
— სტუდენტების პრაქტიკული უნარ-ჩვევების სწავლება-გაუმჯობესების მიმართულებით რა ღონისძიებები განხორციელდება?
— საგანმანათლებლო პროგრამების მოდიფიცირების პირველი ეტაპი იურიდიულ ფაკულტეტზე უკვე განხორციელდა, წარმატებით გაიარა აკრედიტაცია სამართლისა და საერთაშორისო სამართლის სამივე საფეხურის ახალმა პროგრამამ. ამ ცვლილებების ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი ბაკალავრიატის საფეხურზე არის ის, რომ იურიდიულ სავალდებულო საბაზისო მოდულებს უფრო მეტი დრო და ყურადღება ეთმობა, ვიდრე ადრე. ცვლილებების შემდეგ სამართლის საბაკალავრო პროგრამა სავალდებულო საგნების გვერდით სტუდენტებს კვლავ სთავაზობს არჩევითი საგნების ფართო სპექტრს, რადგან ჩვენი მიზანია სტუდენტს ჰქონდეს არჩევანის შესაძლებლობა. ასევე, იგეგმება პროგრამის გაძლიერება ისეთი დისციპლინებით, რომლებიც ასახავენ სამართლის თანამედროვე ტენდენციებს. ასევე, დაგეგმილია ზოგიერთ დისციპლინაში საკონტაქტო საათების ზრდა.
სამართლის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების შემდგომი განვითარება და მათი გაძლიერება იურიდიული ფაკულტეტის მნიშვნელოვანი ამოცანაა. აუცილებელია ლექციების წასაკითხად სხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან (ძირითადად ევროპისა და ამერიკის წამყვანი იურიდიული სკოლებიდან) მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვა. ამ მიმართულებით იურიდიული ფაკულტეტი, განსაკუთრებით ამ ბოლო წლების მანძილზე, ძალიან წარმატებულია და კვლავ გააგრძელებს ამ ტიპის თანამშრომლობის პროექტებს.
2021 წლის დეკემბერში იურიდიულმა ფაკულტეტმა დააორგანიზა სტაჟირება ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, რომელიც ითვალისწინებს სტუდენტების ჩართულობას სხვადასხვა მიმართულებით, კერძოდ, დეკანისა და ადმინისტრაციის, საფაკულტეტო სტუდენტური ჟურნალის მხარდაჭერის, სტუდენტთა მომსახურების ჯგუფის, სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის საქმიანობასა თუ სხვა სტრუქტურულ ერთეულებში სტაჟიორ სტუდენტთა ჩართულობას. ეს პროექტი იქნება პერმანენტული და სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ მეტად ჩაერთონ საფაკულტეტო საქმიანობაში.
იურიდიული ფაკულტეტისთვის მნიშვნელოვანია დამსაქმებელთან მუდმივი კომუნიკაცია, კვლევების ჩატარება, შეხვედრების ორგანიზება და დასაქმების ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება. შესაბამისად, ამ მიმართულებით ასევე გაგრძელდება მუშაობა.
— საერთაშორისო კავშირების გაძლიერების მიმართულებით რა იგეგმება?
— არ არის სიახლე, რომ იურიდიულ ფაკულტეტს აქვს პარტნიორი და მეგობარი უცხოური უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო დაწესებულებების ფართო ქსელი, რაც დასტურდება საერთაშორისო თანამშრომლობის არსებული მასშტაბებით. ჩვენ გვაქქვს კიოლნის სამაგისტრო პროგრამა (LL.M. zu Köln), რომელიც თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტისა და კიოლნის უნივერსიტეტის (გერმანია) საერთო სამაგისტრო პროგრამაა, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტს კიოლნის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრის ხარისხი ენიჭება (LL.M. Köln). ასევე შპაიერის სამაგისტრო პროგრამა — საჯარო მმართველობა, რომელიც ინგლისურენოვანია და გერმანიის ქ. შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტთან თანამშრომლობით 2009 წლიდან ხორციელდება. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ამ პროგრამამ 2021 წელს მეორედ მოიპოვა ევროპული სააკრედიტაციო ორგანიზაციის (FIBAA) საერთაშორისო აკრედიტაცია შენიშვნებისა და რეკომენდაციების გარეშე, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში. ძალიან საინტერესო გეგმები გვაქვს ესპანური სამართლის შესწავლის ინსტიტუტის და დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის მონაწილეობით და ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვანი ძალისხმევა მოგვიწევს. მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტთან და ადამიანის უსაფრთხოების მანუელ ბალბეს სახელობის კათედრასთან. ვმუშაობთ ერთობლივი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის შემუშავებაზე.
— შეაფასეთ გასული წელი საგანმანათლებლო და კვლევითი კუთხით — რამდენად შეძლო დისტანციური სწავლების პირობებში ფაკულტეტმა სწავლების ხარისხის შენარჩუნება და რა მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა?
— გასული წელი პანდემიის გამო საკმაოდ რთული იყო ყველასთვის. სირთულეს წარმოადგენს იურიდიული ფაკულტეტისთვის ისიც, რომ ფაკულტეტს ფაქტობრივად არა აქვს შესაბამისი სამუშაო სივრცე, მეორე კორპუსის სარემონტო სამუშაოების გამო, მოგეხსენებათ ჩვენი სამსახურები განთავსებულია უნივერსიტეტის სხვადასხვა სამსახურების სამუშაო სივრცეში. ამის მიუხედავად, შესაძლებლობის ფარგლებში სასწავლო პროცესი განხორციელდა შეფერხებების გარეშე. ეს წელი აღსანიშნავი იყო იმითაც, რომ იურიდიულმა ფაკულტეტმა წარმატებით განახორციელა მისი ძირითადი პროგრამების რეაკრედიტაცია, მათ შორის უცხოელი ექსპერტების ჩართულობით ორჯერ შეფასდა სამართლის პროგრამები. სამართლის პროგრამების განმავითარებელი შეფასება იყო ძალიან სასარგებლო ფაკულტეტისათვის. განმავითარებელ შეფასებაში ჩართული იყო ორი უცხოელი ექსპერტი — ევროპის იურიდიული ფაკულტეტების ასოციაციის მოქმედი და ყოფილი თავმჯდომარეები, პროფესორები ხოსე მარია დე დიოსი და ანე კლებეს პლისიერი. ძალიან სასიხარულო იყო, რომ დასკვნები, რომელიც ამ ვიზიტს მოჰყვა, უშუალოდ ფაკულტეტის აკადემიურ ნაწილში იყო ძალიან დადებითი. განხორციელებული ცვლილებები შეფასდა როგორც ძალიან წარმატებული. საბოლოოდ კი, სამართლის სამივე საფეხურის პროგრამამ მოიპოვა სრული აკრედიტაცია.
ცალკე აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ ჩვენმა ინგლისურენოვანმა ინტერდისციპლინურმა „საჯარო მმართველობის“ სამაგისტრო პროგრამამ, რომელსაც ჩვენ 2009 წლიდან ვახორციელებთ გერმანიის ქ. შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, მოიპოვა საერთაშორისო აკრედიტაცია, უკვე მეორედ, ყოველგვარი შენიშვნების გარეშე, რაც, როგორც ითქვა, უპრეცედენტო მოვლენაა ქართულ საუნივერსიტეტო სივრცეში.
დაბოლოს, მინდა ვთქვა, რომ იურიდიულ ფაკულტეტს ნამდვილად გამორჩეული სტუდენტობა ჰყავს, სტუდენტები, რომლებიც ეროვნულ თუ საერთაშორისო ასპარეზზე არიან ძალიან წარმატებულნი იმ ცოდნისა და უნარების წყალობით, რაც მათ მოპოვებული აქვთ, რითაც ისინი დაჯილდოებულნი არიან და რასაც მათ ფაკულტეტი კიდევ უფრო უვითარებს. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ეს ადამიანები იქნებიან ასეთივე წარმატებულნი იურიდიულ პროფესიაშიც. ამდენად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ფაკულტეტის აკადემიურ გუნდს და ჩვენს სტუდენტებს სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობისათვის ღირსეული გარემო ჰქონდეთ, რაც მეორე კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, იმედი გვაქვს, რომ განხორციელდება.