თამარ დადიანი
რა წერია ნაშრომში, სადაც მსოფლიოში ცნობილ მეცნიერთა კვლევების ციტირებით არის აღწერილი მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის შედეგად ეკონომიკაში მოსალოდნელი ცვლილებებისა და რყევების პროგნოზები?
„მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დღეისათვის არსებული სამუშაო ადგილების 10%-ის გაქრობასა და 11% ახალი სამუშაო ადგილების გამოჩენაზე მიუთითებს. ასევე — დასაქმებულთა 54%-ს დასჭირდება უნარების განახლება, ხოლო მათ შორის 1/3-ს — 6 თვეზე მეტი ხანგრძლივობის ტრენინგი“ — აღნიშნულია თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის ინეზა გაგნიძის სტატიაში — „საუნივერსიტეტო ეკოსისტემიდან სამეწარმეო ეკოსისტემისკენ — გზა ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებისთვის“, რომელიც უნივერსიტეტის პროფესორმა იტალიის მესინას უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორთან, კატანძაროს უნივერსიტეტის მკვლევრთან, ეკონომიკის დოქტორ ვალტერ ვესპერისთან ერთად მოამზადა. „რთული მოლოდინიდან გამოსავლის მოსაძებნად, ჩვენი აზრით, განათლება არის ის გზა, რომელსაც შეუძლია შეარბილოს ზემოთ მოყვანილი ნავარაუდევი ეფექტები“, — აღნიშნა ინეზა გაგნიძემ.
ინეზა გაგნიძე იტალიელ კოლეგასთან ვალტერ ვესპერისთან 2018 წლიდან თანამშრომლობს. ამავე წელს მათ იტალიის ქალაქ ნეაპოლში, ფედერიკო II სახელობის უნივერსიტეტში (რომელიც იტალიის უნივერსიტეტებს შორის მეორეა რომის საპიენცის უნივერსიტეტის შემდგომ) პროფესიონალთა და მეცნიერთა ასოციაცია „ბიზნეს სისტემების ლაბორატორიის“ V საერთაშორისო სიმპოზიუმზე წარადგინეს ერთობლივი მოხსენება „საუნივერსიტეტო სისტემის გადააზრება: სამეწარმეო უნივერსიტეტებისკენ“. ნაშრომი შემდგომ სამეცნიერო სტატიის ფორმატით გამოქვეყნდა მაღალრეიტინგულ იმპაქტ ფაქტორის მქონე ჟურნალში Kybrentes. უახლოეს პერიოდში აშშ-ში გამომცემლობა NOVA science publishers ამზადებს ფართოფორმატიან კრებულს, რომლის ერთი თავი მათი ერთობლივი ნამუშევარი იქნება.
* * *
შეუძლია თუ არა უნივერსიტეტს ადგილობრივი ეკონომიკის განვითარება? რა ელემენტები ახასიათებს საუნივერსიტეტო ეკოსისტემას და სამეწარმეო ეკოსისტემას? — სწორედ ეს აქტუალური საკითხებია განხილული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის ინეზა გაგნიძისა და იტალიის მესინას უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორისა და კატანძაროს უნივერსიტეტის მკვლევრის, ეკონომიკის დოქტორ ვალტერ ვესპერის ერთობლივ სტატიაში „საუნივერსიტეტო ეკოსისტემიდან სამეწარმეო ეკოსისტემისკენ — გზა ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებისთვის“, რომელიც დაიბეჭდა ეკონომიკისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ჟურნალში (International Journal of Economics and Business Research, cite score – 0.8), 2021 წლის სექტემბერში.
როგორც სტატიის თანაავტორი, პროფესორი ინეზა გაგნიძე აღნიშნავს: „ნაშრომში მსოფლიოში აღიარებული კვლევითი ინსტიტუტებისა და ორგანიზაციების ანგარიშებისა და ცნობილ მეცნიერთა კვლევების ციტირებით აღწერილია მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის შედეგად ეკონომიკაში მოსალოდნელი ცვლილებებისა და რყევების პროგნოზები, მაგალითად, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დღეისათვის არსებული სამუშაო ადგილების 10%-ის გაქრობასა და 11% ახალი სამუშაო ადგილების გამოჩენაზე მიუთითებს. ასევე — დასაქმებულთა 54%-ს დასჭირდება უნარების განახლება, ხოლო მათ შორის 1/3-ს — 6 თვეზე მეტი ხანგრძლივობის ტრენინგი.
ამ რთული მოლოდინიდან გამოსავლის მოსაძებნად, ჩვენი აზრით, განათლება არის ის გზა, რომელსაც შეუძლია შეარბილოს ნავარაუდევი ეფექტები. ნაშრომში დაისვა ორი კვლევითი კითხვა: რა ელემენტები ახასიათებს საუნივერსიტეტო ეკოსისტემას და სამეწარმეო ეკოსისტემას? შეუძლია თუ არა უნივერსიტეტს ადგილობრივი ეკონომიკის განვითარება?
ამ კითხვებზე საპასუხოდ განვიხილეთ გზა საუნივერსიტეტო ეკოსისტემიდან სამეწარმეო ეკოსისტემამდე, ასევე, მსოფლიოს 40 ქვეყანაში მიმდინარე საუნივერსიტეტო სისტემის გარდაქმნის პრობლემები. ნაშრომის ერთი ნაწილი დაეთმო სამეწარმეო უნივერსიტეტის მნიშვნელობის ხაზგასმას, ბოლოს კი იტალიის უნივერსიტეტებში მიმდინარე პროცესების დახასიათებასა და ანალიზს.“-განაცხადა პროფესორმა ინეზა გაგნიძემ.
საკითხების თეორიული კვლევა დაიწყო დოქტორმა ვესპერიმ VOSviewer software-ის გამოყენებით და ნაშრომის საკვანძო სიტყვების ანალიზით გამოკვეთა 5 კლასტერი. როგორც ქართველი მეცნიერი აღნიშნავს, იტალიელი კოლეგის აზრით: „აკადემიური ლიტერატურის ფართო სპექტრის ანალიზმა აჩვენა პირდაპირი კავშირი სტუდენტების სამეწარმეო ქცევასა და მათ უნართან აღმოჩინონ, შეაფასონ და გამოიყენეონ შესაძლებლობები. ასეთ პირობებში საუნივერსიტეტო ეკოსისტემა განისაზღვრება მეწარმეობაზე სასწავლო კურსის არსებობით, უნივერსიტეტების საურთიერთობო კაპიტალით, ცოდნის გადაცემის საუნივერსიტეტო პოლიტიკით და სამეწარმეო სტრუქტურებთან ურთიერთობით.“