ნატო ობოლაძე
„ელექტროკარდიოგრამის მარტივი და სწრაფი ინტერპრეტაციის საფუძვლების“ ტრენინგის ფარგლებში გამართულ ვიქტორინაში თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის გუნდმა გაიმარჯვა. ინგლისურენოვანი ტრენინგი „საქართველოს არითმიის სკოლის“ ორგანიზებით ბაკურიანში სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის მედიცინის ფაკულტეტის 60-მდე სტუდენტი მონაწილეობდა.
„არითმიის სკოლის გამარჯვებული სტუდენტის“ ნომინაციაშიც საუკეთესოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მე-5 კურსის სტუდენტი გიორგი ბოკერია დასახელდა. „ელექტროკარდიოგრამის ინტერპრეტაციის ამ კურსში იყო დეტალიზებული ისეთი ნიუანსები, რაც სტუდენტებს სჭირდებათ ელექტროკარდიოგრამის გაგებისათვის — განხილული იყო თითოეული სეგმენტი და დეტალების მორფოლოგია, თუ როგორ უნდა მივხვდეთ სხვადასხვა დიაგნოზს და რა არის მათთვის დამახასიათებელი სხვადასხვა ნიშანი. გვქონდა თავისუფალი დროც, ვასრულებდით სხვადასხვა ტესტებსა და ვმონაწილეობდით ვიქტორინებში, რაც პროგრამით გათვალისწინებული მასალის ათვისებას ხელს უწყობდა“, — აცხადებს გიორგი ბოკერია.
„ელექტროკარდიოგრამის მარტივი და სწრაფი ინტერპრეტაციის საფუძვლების“ ტრენინგში თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის უცხოელი სტუდენტებიც მონაწილეობდნენ. „ტრენინგის ფარგლებში მიღებულმა ინფორმაციამ საშუალება მომცა შემეფასებინა ჩემი ცოდნა ელექტროკარდიოგრამის ინტერპრეტაციაში და გამეღრმავებინა იმ მიმართულებებით, რომელშიც სუსტი ვიყავი. ლექციები დამეხმარა რთული საკითხების გაგება-ათვისებაში“, — აღნიშნავს თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი ნიკუნჯ აგარვალი.
„ელექტროკარდიოგრამის მარტივი და სწრაფი ინტერპრეტაციის საფუძვლების“ ტრენინგში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 20 სტუდენტი იყო ჩართული, რომლებიც მედიცინის ფაკულტეტის ადმინისტრაციამ გასაუბრების შედეგად, აკადემიური მოსწრებისა და ინგლისური ენის ფლობის დონის მიხედვით, შეარჩია.
„მსგავსი ტრენინგები ხელს უწყობს სტუდენტების ცოდნის გაღრმავებას და ძალიან ინტერაქტიურია. სტუდენტების ჩართულობა მაღალია, ასევე ხდება ქართველი და უცხოელი სტუდენტების ინტეგრაცია — მათ სამი დღე გაატარეს ერთად და ძალიან დამეგობრებოდნენ, რაც ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, მათ ტრენინგის ფარგლებში დრო ხალისიანად და ნაყოფიერად გაატარეს. სასიხარულოა, რომ ჩვენმა სტუდენტებმა წარმატებას მიაღწიეს და სხვადასხვა ნომინაციებში გაიმარჯვეს“, — აცხადებს თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი მაია ბიწკინაშვილი.
„საქართველოს არითმიის სკოლის“ ორგანიზებული ტრენინგები 25-27 თებერვალს ბაკურიანში მიმდინარეობდა. მონაწილე სტუდენტების ხარჯები თსუ მედიცინის ფაკულტეტმა სრულად დააფინანსა.