ნატო ობოლაძე
მედიცინის ფაკულტეტზე სტუდენტზე ფოკუსირებული თანამედროვე სასწავლო გარემოს გასაუმჯობესებლად აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების სამოქმედო გეგმა შემუშავდა. დოკუმენტი ასოცირებულმა პროფესორმა მაია ბიწკინაშვილმა და მედიცინის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, პროფესორმა ნინო ჩიხლაძემ შეადგინეს.
„სამედიცინო განათლებაში ჩართული სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარების სამოქმედო გეგმის ფარგლებში გამოიყო სამედიცინო განათლების პრიორიტეტული მეთოდოლოგიური საკითხები, მიმდინარეობს კომუნიკაცია საერთაშორისო ექსპერტებთან, რომლებთან კოლაბორაციით ჩატარებული ტრენინგების სერია ხელს შეუწყობს სტუდენტზე ფოკუსირებული თანამედროვე სასწავლო გარემოს შექმნას, აკადემიური პერსონალის მიერ თანამედროვე მიდგომების გამოყენებას სამედიცინო განათლების სწავლების პროცესში და უზრუნველყოფს სამედიცინო განათლების საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობას“, — განმარტავს ნინო ჩიხლაძე.
მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა მაია ბიწკინაშვილმა და მედიცინის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, პროფესორმა ნინო ჩიხლაძემ, 2019-2021 წლებში, ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის (AMEE – Association for Medical Education in Europe) ოთხი თემატური ტრენინგ პროგრამა გაიარეს, რომელიც სამედიცინო განათლების მოდერნიზაციისათვის აუცილებელი სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების დანერგვის საკითხებს მოიცავდა. გამოცდების წარმატებით დასრულების შემდეგ მაია ბიწკინაშვილმა და ნინო ჩიხლაძემ სამედიცინო განათლების დარგში AMEE სპეციალისტის კვალიფიკაცია მოიპოვეს.
„სამედიცინო განათლების მოდერნიზაციისთვის აუცილებელი გამოცდილების მიღება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მედიცინის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამაში სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდოლოგიის დახვეწასა და სამედიცინო განათლების ხარისხის გაუმჯობესებას“, — აღნიშნავენ პროფესორები.