გვესაუბრება მედიაფსიქოლოგი მარიამ გერსამია
ახალი კორონავირუსის პირობებში სახლში გამოკეტილი საზოგადოების ნაწილს დეპრესია და შფოთვა დაეუფლა. ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ სასურველია პანდემიის შესახებ ან ნეგატიური ემოციების შემცველ ნებისმიერ ინფორმაციას მოვუსმინოთ დღეში ერთხელ ან ორჯერ, დღის პირველ მონაკვეთში. საღამო კი — ძილის წინა პერიოდი — არ უნდა დავტვირთოთ უარყოფითი ემოციებით. სწორედ ამ პრობლემას ეხმიანება მედიაფსიქოლოგი, თსუ-ის პროფესორი მარიამ გერსამია, რომელიც ამ რთულ პერიოდში მედიის პოზიტიურ და ნეგატიურ გავლენებს სწავლობს.
- რა გავლენას ახდენს მედია საზოგადოებაზე ახალი კორონავირუსით გამოწვეული რეალობიის ფონზე?
- მედიის გავლენა საზოგადოებაზე მედიის გაჩენისთანავე თვალშისაცემი იყო. ყოველი ახალი მედიუმის გამოჩენას თავისი ძლევამოსილების ფაზა ახლდა. მაგალითად, როცა გაჩნდა რადიო, საზოგადოებაში იყო ისეთი განცდა და მოლოდინი, რომ რადიოს შეუძლია სასწაულების მოხდენა. ჩვენ გვახსოვს მაგალითები, როდესაც რადიო გადაცემებმა მასიური პანიკაც კი გამოიწვია (1938 წელს ორსონ უილსის რადიო წარმოდგენა აშშ-ზე მარსიანელების თავდასხმაზე). ხალხმა მაშინ დაიჯერა, რომ ეს მართლა ხდებოდა. ტელევიზიის გაჩენისთანავეც იგივე განწყობა გაჩნდა, რომ ტელევიზიას შეუძლია სასწაულების მოხდენა. ახლა იმავეს ვამბობთ ინტერნეტთან, სოციალურ ქსელებთან მიმართებითაც. ეს ტექნოლოგიური ეიფორია მაინც ფრაგმენტულია და ადამიანი ეჩვევა მედიაეფექტებს, შესაბამისად, უფრო კრიტიკულად განიხილავს მთ და ზეგავლენა კლებულობს, ტექნოლოგიების გავლენაც რუტინული ხდება. მედიის გავლენა უფრო მეტად შესწავლილია მისი ნეგატიური ფენომენის კუთხით. რამდენად შეუძლია მას აგრესიის და ძალადობის გამოწვევა? რამდენად შეუძლია პანიკის დათესვა, რადგან ეს უფრო თვალში საცემია. თუმცა მკვლევრები ბოლო დროს ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ თუ მედიას შეუძლია ანტისოციალური ქცევების გამოწვევა, მედიას, ასევე, შეუძლია გამოიწვიოს პროსოციალური ქცევებიც და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჟურნალისტიკათმცოდნეებმა, მედიაფსიქოლოგებმაც მიაქციეს ყურადღება და შეთანხმდნენ იმაზე, რომ, რა თქმა უნდა, ჟურნალისტის მთავარი ფუნქციაა პრობლემის დაფიქსირება და რეალობის (და არა ფსევდორეალობის) ასახვა, მაგრამ, ამასთანავე, მან უნდა შემოგვთავაზოს პრობლემიდან გამოსავლის გზაც და არ უნდა დაგვტოვოს მარტო პრობლემის პირისპირ. ანუ ჟურნალისტმა უნდა გვაჩვენოს ქცევის მოდელები — როგორ ვიმოქმედოთ გარკვეული პრობლემის არსებობის დროს. ამ კუთხით ძალიან საინტერესოა, რაც ხდება, თუნდაც, ახალ კორონავირუსთან მიმართებაში. გავიხსენოთ ის, რომ როცა გასულ საუკუნეში დაიწყო საზოგადოებრივი აზრის კვლევები მედიასთან მიმართებით, ამ კვლევებმა აჩვენა, რომ სენსაციურ თუ ნეგატიურ ამბებს, სადაც მკვლელობაზე, სენსაციაზე, სკანდალებზე და კრიმინალზეა საუბარი, უფრო მეტი მაყურებელი ჰყავს. ეს მედიამ იმდენად გაითავისა, რომ ტოპ-ნიუსებად ირჩევს სენსაციაზე ორიენტირებულ ამბებს, თუნდაც, ეს ერთი დღის სენსაცია იყოს. იგივე სურვილი და სხვა რეალობა გაჩნდა ახლა, როდესაც საქმე ეხება პანდემიას, ეს აღარ არის ფრაგმენტული (ერთი დღის) გაშუქება, ანუ უკვე მესამე კვირაა, მთელი სატელევიზიო დღის წესრიგი აგებულია ამ თემის გაშუქებაზე, რომელიც, ცალსახად და სამწუხაროდ, უფრო მეტად ნეგატივით არის დატვირთული. ეს, გარკვეულწილად, გამოწვევაა მაყურებლისთვისაც და ჟურნალისტებისთვისაც. ჟურნალისტებმა ამ კრიზისულ სიტუაციაში თითქოს სწრაფად გაიარეს ტრენინგი, თუ როგორ უნდა გააშუქონ ასეთი ამბები.
გამოწვევა ისიცაა, რომ მედია ყოველდღიურ ამბებად, როგორც წესი, აშუქებს პოლიტიკას, ეკონომიკას, საპარლამენტო ცხოვრებას, სოციალურ თემატიკას, კულტურას და საერთაშორისო ამბებს... მეცნიერება მას აინტერესებს მხოლოდ აღმოჩენის კუთხით — ვთქვათ, კიბოს წამალი გამოიგონეს, კორონავირუსის ვაქცინა აღმოაჩინეს და ა.შ. — აი, მსგავს თემებს აშუქებენ იმიტომ, რომ ის სენსაციას შეიცავს (როგორც წესი, პოზიტიურს). დღეს კი, რეალობიდან გამომდინარე, აბსოლუტურად სხვა პატერნს და მოცემულობას ვხედავთ. ჩვენ ვუყურებთ ჟურნალისტებს (ყველა მათგანი არა, მაგრამ გამოჩნდნენ უკვე ასეთი ჟურნალისტები და ეს მისასალმებელია), რომლებიც საფუძვლიანად ემზადებიან პროფესიონალებთან, მეცნიერებთან, სპეციალისტებთან ინტერვიუსთვის და მათ უსვამენ, მათ შორის, ისეთ კითხვებსაც, როგორიცაა — როგორ მიმდინარეობს კვლევები? რა ეტაპზე არის ვაქცინის შექმნის პროცესი? რომელი წამალი რა ეტაპზე როგორ მოქმედებს და, აქედან გამომდინარე, ჩვენ, მაყურებლებმაც, არა მარტო გავიგეთ ახალი ტერმინოლოგია კვლევების შესახებ და, შესაბამისად, ავიმაღლეთ ცნობიერება, არამედ ამ ახალი ამბების რუტინაშიც ვართ ჩართული. ანუ, ჩვენ სამეცნიერო ამბებს „დისქავერის“ არხიდან კი არ ვგებულობთ, მიმდინარე ახალ ამბებში ვეცნობით მიმდინარე კვლევებს და ყველას გვსურს, რომ ეს გრძელი ამბავი — პოზიტიურად დამთავრდეს. დღევანდელი მოვლენების სამეცნიერო კუთხით გაშუქების ეს ფორმა (მთელი მსოფლიო მთელი დღე მხოლოდ მეცნიერებაზე და მედიცინაზე საუბრობს), მინდა, გითხრათ — მსოფლიო მედიის ისტორიაში პირველი შემთხვევაა. პოლიტიკაც და ეკონომიკაც იქცა ამ თემის კონტექსტი.
- რას ურჩევდით ჟურნალისტებს კრიზისების გაშუქებისას და რას ურჩევთ მაყურებელს?
- ჩვენ ვხედავთ ჟურნალისტებს, რომლებიც დღესაც ისევ სკანდალზე ორიენტირებულები არიან, რითაც, რა თქმა უნდა, პანიკის დათესვა შეიძლება მოხდეს და ეს არ არის სწორი მიდგომა ასეთ სიტუაციაში. მედიამ უფრო მეტი უნდა ისაუბროს იმაზე, როგორ უნდა ვიმოქმედოთ ჩვენ. საუბარია იმაზე, როგორ მიაწოდოს მედიამ მეტი ინფორმაცია ადამიანებს, რათა მათ თავი იგრძნონ დაცულად. მედიას დღესაც შეუძლია გააგრძელოს ისევ და ისევ სკანდალებზე ორიენტირება და მიყვეს ძველ პატენტს (რაც უფრო სკანდალურია ინფორმაცია, მით უფრო ყურებადია), თუმცა, ამ შემთხვევაში, მაყურებელი მაინც გააკეთებს არჩევანს თავის სასიკეთოდ. „თავის სასიკეთოდ“ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი ეძებს გამოსავალს და მედიაც უნდა გადავიდეს იმ ფაზაში, როცა ეკრანიდან რაციონალურად გვესაუბრებიან პანდემიის თემაზე და გვთავაზობენ სწორ მოდელებს. სამწუხაროდ, სოციალურ ქსელში და მედიითაც ვხედავთ, რომ „ნახვების“ და რეიტინგებისთვის ვრცელდება ყალბი ახალი ამბები (ე.წ. ფეიქ ნიუსები) სენსაციის ეფექტით, მაგალითად ვაქცინის ან წამლის გამოგონებაზე და ეს ამბები ცალსახად დეზინფორმაციის კატეგორიაში ხვდება.
საინტერესოა დავაკვირდეთ — როგორ (შე)იცვლება მაყურებლის მედია-არჩევანი და ქცევა, რაც რეიტინგებზეც აისახება. მაყურებლის მიმართ მთავარი რჩევა არის — შევარჩიოთ სანდო წყაროები. ყველაფრის ტირაჟირება და ყველაფრის მოსმენა თუ გაზიარება ფეისბუქზე შეიძლება ძალიან ნეგატიურად აისახოს თავად ადამიანების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. სჯობს, სკეპტიკურად და კრიტიკულად შევხედოთ სენსაციებს და სკანდალებს, ვიდრე უპირობოდ დავიჯეროთ. ასევე, სასურველია ლიმიტირებულად მოვუსმინოთ, იგივე, ახალ ამბებს, მაგალითად, დილას ან საღამოს, რათა მივიღოთ ინფორმაცია და ის რეკომედაციები, რაც ვირუსთან არის დაკავშირებული, ოღონდ მივიღოთ ეს ინფორმაცია კვალიფიციური ადამიანებისგან. ჩვენ შეგვიძლია არჩევანი გავაკეთოთ და უფრო მეტად ვუყუროთ ისეთ არხებს, რომლებიც უფრო რაციონალურად უდგებიან საკითხს, ჩვენს ინფორმირებაზე ზრუნავენ და არა ჩვენი ემოციების მანიპულაციას აგრძელებენ. საერთოდ, პოზიტივისკენ მიდრეკილება ადამიანს უფრო მეტი აქვს. ჩვენ ყველას გვინდა, რომ ეს ყველაფერი მალე დასრულდეს, გაჩნდეს მეტი ინფორმაცია მეტი გამოჯანმრთელებულის შესახებ, მოვისმინოთ „გადარჩენის ისტორიები“, ისტორიები — თუ როგორ ეხმარებიან ადამიანები ერთმანეთს, არიან სოლიდარულები და ფიქრობენ და მოქმედებენ გადარჩენისთვის. ამიტომ ჟურნალისტებიც გამოწვევის წინაშე დგანან. არჩევანი აღარ არსებობს — თუ რა გააშუქონ. „კორონავირუსის ამბის“ გარდა არაფერი ხდება. ყველაფერი ამ ამბის გარშემოა. არჩევანი არის — როგორ გააშუქონ ეს ამბები? ერთის მხრივ, მათ მაყურებლის შენარჩუნება სურთ, მაგრამ მეორე მხარეს დევს ამის „ფასი“, რასაც რეიტინგებიც გამოაჩენს. საინტერესო იქნება ამაზე დაკვირვებაც. როგორც არასდროს, ისე ჩანს სწორედ ახლა სანდო და კვალიფიციური მედიის და ჟურნალისტის როლი.
- სად არის გამოსავალი?
- მწვავე კითხვების დასმა, პრობლემაზე საუბარი ჟურნალისტის მოვალეობაა, მაგრამ, ამავე დროს, მთავარი, რაც ამ კითხვების უკან უნდა იყოს, ესაა — მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას იმისთვის, რომ თავს დაცულად გრძნობდეს. ჩვენი თვითმიზანი არ შეიძლება იყოს ადამიანი (მათ შორის რესპონდენტის) წყობიდან გამოყვანა და მაყურებლის ემოციაზე თამაში. ჩვენ ყველას გვაქვს ემოციური განწყობა ამ თემებთან მიმართებით, ოღონდ ტელევიზორს ვრთავთ იმიტომ, რომ გავიგოთ ახალი ამბავი. თუ რესპონდენტი ვერ აკონტროლებს თავის ემოციებს — ეს ცუდია, მაგრამ ასევე ცუდი საყურებელია, როცა ვხედავთ, რომ ჟურნალისტი აჰყვა ემოციებს და პანიკაშია. ახლა, ჩვენ ყველას გვსურს — ვნახოთ მობილიზებული ადამიანები, რომლებიც გვემსახურებიან და გვაწვდიან გადამოწმებულ ინფორმაციას. თუ მე აღმოვაჩენ, რომ ის ინფორმაცია, რომელიც ჟურნალისტმა მომაწოდა, სიმართლეს არ შეესაბამება, რა თქმა უნდა, ის ბრაზი, რომელიც პანდემიით გამოწვეული სტრესის დროს არსებობს, შეიძლება მივმართო ამ ჟურნალისტისკენ. ეს ბრაზი შეიძლება მივმართო პოლიტიკოსის ან ინსტიტუციის მიმართაც, ამიტომ მათი პასუხისმგებლობა და ტვირთი მედიაში გამოჩენისას დიდია. ჩვენ ყველამ გამოვიარეთ შიშის, რეალობის არმიღების, უსუსურობის განცდის ეტაპი, რაც სტრესის თანმდევია. ამასთან ბრაზიც შემდეგი ეტაპია და ჩვენ შეიძლება გავბრაზდეთ ჟურნალისტზე, პოლიტიკოსზე ან ინსტიტუციაზე. ბრაზის მერე მოდის მოქმედება და მედიასთან მიმართებით ეს შეიძლება იყოს სხვა არხზე გადართვა; პოლიტიკოსებთან მიმართებით — ნდობის შემცირება. ამიტომ პოლიტიკოსებმაც და ჟურნალისტებმაც უნდა იფიქრონ, პირველ რიგში, მაყურებელზე და თავის პოზიტიურ როლზე ამ პროცესში ჩვენს დასახმარებლად.
და ბოლოს, ჩემი რჩევა იქნება — ვუყუროთ მთავარ საინფორმაციო გამოშვებას ან დილას, ან საღამოს, რათა გავიგოთ — რა ხდება? ოღონდ, ჩვენ თვითონ ავარჩიოთ სანდო წყაროები და გავარჩიოთ — რომელი რესპონდენტია სანდო მისი პროფესიონალიზმიდან და პროცესებში ჩართულობის ხარისხიდან გამომდინარე. თუ ვხედავთ, რომ პანიკას იწვევს მედია, სჯობს გამოვრთოთ ტელევიზორი და უბრალოდ რაციონალურად გავიაზროთ — რა ხდება ჩვენს გარშემო? ჩვენ, ერთის მხრივ, უნდა მივიღოთ ის რეალობა, რომელიც არის და გავარჩიოთ ის ფსევდო-რეალობისგან (მათ შორის, შესაძლოა მედიის მიერ მოწოდებულისგან). ჩვენ ეს შეგვიძლია, რადგან ამ რეალობაში ვცხოვრობთ და მასზე ჩვენი ქცევებითაც ვახდენთ გავლენას. მედიაში კი სჯობს ვიხილოთ სასარგებლო ქცევის მოდელები. ამასთან, შიში ერთია და სიფრთხილე მეორე, რომელიც შეგვიძლია ჩვენ გამოვიჩინოთ, მათ შორის, ჩვენს ქცევებთან მიმართებით, რათა ტელევიზიასთან სულ მიჯაჭვულებიც არ ვიყოთ. გვახსოვდეს, არჩევანი ჩვენს ხელშია, საზოგადოებრივ დღის წესრიგს ისევ ჩვენ ვქმნით და ეს კარგია, მათ შორის, მედიისთვისაც!
ესაუბრა ნინო კაკულია