„ის, რომ 2020 წელს, პანდემიისას, ადამიანები უფრო ემპათიურები და სოლიდარულები გახდნენ, ყველას გვაძლიერებდა“, — მიაჩნია თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორს, „მედიაფსიქოლოგიისა და კომუნიკაციების“ სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელს მარიამ გერსამიას, რომელსაც უნივერსიტეტში გატარებული ერთი ჩვეულებრივი დღის დაბრუნება ენატრება...
– ორიოდ სიტყვა იმედებზე, რითაც ხვდებით ახალ 2021 წელს...
– მინდა, ადამიანური ურთიერთობები ისევ დაბრუნდეს. ერთი ჩვეულებრივი დღე მომენატრა ჩემს უნივერსიტეტში. მინდა, ისევ აუდიტორიაში ჩავატარო ლექცია, იქიდან გამოსულმა პირველი კორპუსის ბაღში გავისეირნო და მერე მაიკო ტორაძესთან ან ჩემს სტუდენტებთან ერთად „ჩაის სახლში" ჩამოვჯდე. მომენატრა, როცა ლექციისგან გადაღლილი, მაგრამ სტუდენტების ახალი იდეებით შთაგონებული, ვერაზე დედაჩემთან შევირბენდი და მის ახალ სიმღერას ვისმენდი. ალბათ არ ვიქნები გამონაკლისი თუ ვიტყვი, რომ იმ სურვილებს, რომლებსაც ადრე ჩვეულებრივ მივიჩნევდი, ახლა მთელი გულწრფელობით ვნატრობ: მთავარია, ვიყოთ ჯანმრთელები! მთავარია, ერთმანეთი გვყავდეს!
– მიუხედავად პანდემიისა, თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ, რა მოხდა დადებითი ამ წელს?
– ამ წელსაც ძალიან კარგი სტუდენტები გავიცანი. სწორედ მათ გაახალისეს და საინტერესო გახადეს პანდემიის პერიოდი. მათი ჩართულობით დავწერეთ კვლევები, მონაწილეობა მივიღე ონლაინ კონფერენციებში, პრესტიჟულმა გამომცემლობამ დაბეჭდა ნაშრომი, რომელიც კოლეგასთან და სტუდენტთან ერთად მოვამზადე... მიუხედავად არაერთი გამოწვევისა, რომელიც ონლაინ-სწავლებამ მოიტანა, ჩემი ხელმძღვანელობით გახსნილ ინგლისურენოვან პროგრამაზე („მედიაფსიქოლოგია და კომუნიკაციები") წელს ბევრი უცხოელი სტუდენტი ჩაერთო (ერაზმუს პლიუსის ფარგლებში).
რაც მთავარია, ჩემი დაკვირვებით, ადამიანები უფრო ემპათიურები და სოლიდარულები გახდნენ, რაც ყველას გვაძლიერებდა.
შეიძლება ბანალურად ჟღერს, მაგრამ პანდემიის პირობებში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ „ჩემი ოჯახი — ჩემი ციხესიმაგრეა".
– როგორ და რით გაილამაზებთ კოვიდის პირობებში საახალწლო ღამეს?
– მინდა, საახალწლო ღამე ჩვენი შვილებისთვის და ბავშვებისთვის ისევ განსაკუთრებული იყოს. ჩემი შვილები უკვე დიდები არიან, თუმცა მშობლები მაინც შევეცდებით — სადღესასწაულო განწყობა შევუქმნათ. მინდა, ყველა მშობელს ჰქონდეს ამის განწყობა და შესაძლებლობა.
* * *
ჩემო ძვირფასო სტუდენტებო, ჩემო კოლეგებო! უნივერსიტეტი ჩვენი დიდი ოჯახია! ამ დიდ ოჯახში, მინდა, გიხილოთ ბედნიერები, წარმატებულები და ჯანმრთელები...
მიყვარხართ და მეძვირფასებით!