თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების მიმართულების ხელმძღვანელად პროფესორი მანანა შამილიშვილი დაამტკიცეს. მანანა შამილიშვილს პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. იგი 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და 3 სახელმძღვანელოს თანაავტორია, აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო კონფერენციებში; გამოქვეყნებული აქვს პუბლიკაციები საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში; ჩართულია არაერთი საერთაშორისო და ეროვნული სამეცნიერო საგრანტო პროექტის განხორციელებაში, მათ შორის, საქართველოში აშშ-ს საელჩოს ხელშეწყობით მიმდინარე პროექტში „მედიაგანათლების განვითარებისთვის“ და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამით დაფინანსებულ საერთაშორისო საგრანტო პროექტში „ჟურნალიზმი ევროპულ საზოგადოებებში“. 2020 წელს, მისი თანაავტორობით, გამოიცა დამხმარე სახელმძღვანელო ჟურნალისტებისთვის: "კონფლიქტის კომუნიკაციები: ისტორია, სტატუს-ქვო, პერსპექტივები (უკრაინის, საქართველოსა და გერმანიის მედიაგამოცდილება)’’. მისი ხელმძღვანელობით დაცულია სადოქტორო დისერტაციები. მანანა შამილიშვილი არის აგრეთვე თსუ-ის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი.
თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების მიმართულების ხელმძღვანელად არჩეულ მანანა შამილიშვილს თსუ-ის მედიისა და მასობრივი კომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამისა და მისი განვითარების კონცეფციაზე ვესაუბრეთ.
— ქალბატონო მანანა, უპირველესად რომ გაგვაცნოთ თქვენი შეფასება, თუ რამდენად შეესაბამება თსუ-ის ჟურნალისტიკის მიმართულებაზე მიმდინარე სასწავლო პროცესი დასაქმების ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს?
— პირდაპირ დასმულ კითხვაზე პასუხსაც მყისიერს მოგიგებთ — დიახ, სავსებით ესადაგება. მოგახსენებთ, რა მაძლევს ამის თქმის საფუძველს. იმთავითვე ვიტყვი, შორს ვარ აზრისგან, რომ ყველაფერი იდეალურადაა. ცხადია, პრობლემები არსებობს, მათ შორის, დიდი ხნის მოუგვარებელი, მაგრამ არ უნდა გინდოდეს დანახვა, რომ ვერ შეამჩნიო — სასიკეთოც რამდენი კეთდება. სხვათა შორის, ამ ეტაპზე რეაკრედიტაციის რთულ პროცესს გადის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი და მასთან ერთად, ბუნებრივია, ჩვენი მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამებიც. სპეციალურად ამ პროცესისთვის ჩვენ მიერ ჩატარებულმა კვლევებმა ცხადლივ დაადასტურა, რომ საქმე ნამდვილად არ გვაქვს ცუდად. ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულებაზე მიმდინარე სასწავლო პროცესი შეესაბამება დასაქმების ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს და ამას სტატისტიკური მონაცემებიც ამტკიცებს. კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი ბოლო 5 წლის განმავლობაში თითქმის 90 პროცენტია, ხოლო მიღებული კვალიფიკაციის შესაბამისად, დაახლოებით — 65-70 პროცენტი.
როგორც მოგეხსენებათ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულებას არსებობის 70-ზე მეტწლიანი ისტორია აქვს — თავდაპირველად განყოფილების, შემდგომ — ფაკულტეტის, ხოლო 2005 წლიდან — დღეს არსებული სახით. მიმართულებაზე ფუნქციონირებს 5 აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამა. მათი მიზანია, სწავლების სხვადასხვა საფეხურზე სტუდენტებს მისცეს მრავალმხრივი განათლება ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის სფეროში; მოამზადოს თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების მქონე, ეთიკური პრინციპებისა და დემოკრატიული ღირებულებების გამზიარებელი, დამოუკიდებელი და კრიტიკულად მოაზროვნე ჟურნალისტთა ახალი თაობა.
წინააღმდეგ ჟურნალისტიკაში საბაკალავრო სწავლების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით ბოლო ხანს დამკვიდრებული უსაფუძვლო სკეფსისისა, უნდა შევნიშნოთ, რომ აღნიშნული პროგრამა მუდმივად ვითარდება, ფეხს უწყობს კომუნიკაციურ პროცესებს და იზიარებს საერთაშორისო გამოცდილებას. მისი ანალოგები გვხვდება მსოფლიოს მრავალ წარმატებულ უნივერსიტეტში, მათ შორის, აშშ-სა და ევროპის წამყვან მედიასკოლებში. საუბარმა განსხვავებული ელფერი რომ არ შეიძინოს, ამ თემაზე მეტად აღარ დავყოვნდებით, თუმცა სასურველია, სხვა დროს ეს საჭირბოროტო საკითხიც გახდეს ცალკე განსჯის საგანი.
ცხადია, სასწავლო პროგრამების შინაარსი მუდმივად ითხოვს განახლებას, რაც დაკავშირებულია მასობრივი კომუნიკაციისა და ჟურნალისტიკის განვითარების ტენდენციებთან, განსაკუთრებით, ციფრული მედიის გამოწვევებთან და ჟურნალისტიკის მულტიდისციპლინურ ინტერესებთან. ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტრანსფორმაციების შედეგად მიმდინარე ცვლილებები დროთა განმავლობაში პროგრამაშიც აისახება ახალი სასწავლო კურსების სახით, მათ შორის უნდა დავასახელოთ: პოლიტიკური და კულტურის კომუნიკაციის, ახალი მედიის, სპორტის ჟურნალისტიკის, აგროჟურნალისტიკის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, მედიასამართლის, ამბის თხრობისა („Storytelling“) და ინფორმაციის ვიზუალიზების თავისებურებათა შემსწავლელი საგნები. შრომის ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მოცემული და სხვა მსგავსი ცვლილებები დიდად უწყობს ხელს დარგობრივ ჟურნალისტიკაში სტუდენტთა ვიწროპროფილურ დახელოვნებას.
— როგორია თქვენი ხედვა და კონცეფცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების განვითარების თვალსაზრისით, როგორც ახალი ხელმძღვანელისა,?
— პირველ ყოვლისა, უნდა შევნიშნო, რომ ჩვენი მიმართულება მართვის გუნდური სტილით გამოირჩევა და არც სამომავლოდ უღალატებს ამ დემოკრატიულ პრინციპს, რაც გულისხმობს პროფესურის აქტიურ მონაწილეობას მიმართულების განვითარებისთვის ხელშემწყობ საქმიანობაში. ჩემი, როგორც ახალარჩეული მესვეურის, კონცეფციაც ამ თანხმიერების შედეგად შემუშავებულ ხედვას ემყარება. იგი ასახავს იმ ძირითად პრობლემებს, რომლებიც დღევანდელი ჟურნალისტიკის, როგორც ერთ-ერთი ნოვატორული და მუდმივად ცვალებადი პრაქტიკული და სამკვლევრო სფეროს წინაშე დგას. აქ ყურადღებას ვამახვილებთ პრაქტიკული და სამეცნიერო მუშაობის სპეციფიკასა და მათი ეფექტურად წარმართვის შესაძლებლობებზე, რაც, საბოლოო ჯამში, დარგის სტატუსსა და კომპეტენციას ემსახურება.
მიმართულების განვითარების ჩვენეული ხედვა რამდენიმე პუნქტად შეიძლება წარმოვადგინოთ. პირველ ყოვლისა, ეს გახლავთ თეორიასა და პრაქტიკას შორის კავშირის გაძლიერება და ამ მხრივ კონკრეტული ქმედითი ღონისძიებების დაგეგმვა — იქნება ეს აქტიური თანამშრომლობა დარგის ექსპერტებთან და მედიის პროფესიონალებთან; მათთან ინტენსიური შეხვედრები (ე.წ. „მასტერკლასების“ ჩატარება), სტუდენტური პრაქტიკის ორგანიზება და ა.შ. პრაქტიკული კომპონენტის გაძლიერებაში დიდად დაგვეხმარება ფაკულტეტის მულტიმედია ცენტრი და მისი ტექნიკური ბაზა, რომლის განახლებაც უახლოეს მომავალში იგეგმება. ეს კი ხელს შეუწყობს სტუდენტთა სადისკუსიო ფორუმის, ობიექტური თავისუფალი პლატფორმის შექმნას.
კიდევ ერთი კონცეპტუალური ასპექტი უკავშირდება სტუდენტების კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარებას, კერძოდ: აქტუალური პრობლემატიკის იდენტიფიცირების, სამეცნიერო ნაშრომების კრიტიკულად წაკითხვის, სამეცნიერო იდეების შერჩევისა და ამ იდეათა მნიშვნელობის მათთვის საინტერესო კუთხით შეფასების უნარების გამომუშავებას. აღნიშნული ამოცანების გადაჭრაში დიდად დაგვეხმარება თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე არსებული სამეცნიერო გამოცემები, ყოველწლიური სტუდენტური კონფერენციები, მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტები. მათ პარალელურად დაიგეგმება სხვა აქტივობებიც, რომლებიც თანადროულობის აქტუალური თემების ირგვლივ სტუდენტთა თვალთახედვას წარმოაჩენს.
მნიშვნელოვანი ყურადღება გამახვილდება აგრეთვე სტუდენტთა შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე. ამ მიზნით განსაზღვრულ აქტივობებს შორის უნდა დავასახელოთ: შემოქმედებითი პროექტების დაგეგმვა და განხორციელება, სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული პრაქტიკული საგნების ფარგლებში შექმილი ტელე და რადიო პროდუქციის დემონსტრირება, კონკრეტული დარგობრივი სასწავლო კურსის ფარგლებში შექმნილი საუკეთესო ნაშრომების კრებულთა ელექტრონული და ბეჭდური ვერსიების გამოცემა და სხვა. აქვე უნდა ითქვას, რომ ამ მხრივ მართლაც საუკეთესო გამოცდილება გვაქვს. უკვე მრავალი წელია „ბეჭდული მედიის“ სასწავლო კურსის ფარგლებში სტუდენტთა მიერ იქმნება ორიგინალური ბეჭდური გამოცემები. ეს ტრადიციაც, ცხადია, გაგძელდება და ტექნოლოგიური სიახლეების თანმდევად პროდუქციის გამოცემის ფორმებიც იცვლის სახეს.
აქვე უთუოდ უნდა ვახსენოთ საერთაშორისო თანამშრომლობის გამოცდილება და ამ მხრივ ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების მრავალწლიანი თანამშრომლობა საქართველოში აშშ საელჩოსთან. საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, თსუ-ს ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების პროფესორები ვიზიტით იმყოფებოდნენ ჩიკაგოში, სადაც 2019 წლის 4-17 აგვისტოს, ჩიკაგოს დეპოლის კომუნიკაციების კოლეჯში მომავალი ჟურნალისტების განათლების გაუმჯობესებაზე ორიენტირებულ პროექტში მიიღეს მონაწილეობა. „მედიაგანათლების პროგრამა“, რომელიც 2019 წელს დაიწყო, მრავალწლიან პერსპექტივაზეა გათვლილი. სამომავლოდ იგეგმება არაერთი აქტივობა, მათ შორის — პროფესორთა მორიგი ვიზიტი აშშ-ში, ვორკშოპები და სემინარები, რომელთაც ამერიკელი პროფესორები ჩაატარებენ ჩვენი აუდიტორიისთვის. ინტერნაციონალიზაციის კუთხით მუშაობა მუდმივად იქნება მიმართულების ზრუნვის საგანი.
ამგვარად, მიმართულების განვითარებისთვის ხელშემწყობ ღონისძიებათა ნუსხა დიდია და მათი იდენტიფიცირება მოხდება დღის წესრიგით გამოკვეთილი საჭიროებების კვალად.
— როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი მიმართულებისა და თსუ-ის პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედია ცენტრის ურთიერთთანამშრომლობა?
— თეორიასა და პრაქტიკას შორის კავშირის გაძლიერებისა და სტუდენტთა შემოქმედებითი პოტენციალის განვითარების თვალსაზრისით ვგეგმავთ აქტიურ თანამშრომლობას თსუ-ის პუბლიცისტიკისა და ელექტრონულ მედია ცენტრთან, რომელიც გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ ბაზაზე შეიქმნა. უნივერსიტეტის გაზეთთან მრავალწლიანი თანამშრომლობის საუკეთესო გამოცდილებიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, ეს ახალი კოლაბორაციაც მეტად სასარგებლო და შედეგიანი აღმოჩნდება.
— რას სთავაზობს წარმატებულ კურსდამთავრებულებს მიმართულების ადმინისტრაცია დასაქმების კუთხით?
— სტუდენტთა პროფესიული და კარიერული მხარდაჭერის მიზნით, მუშაობა წარიმართება ორი გზით: პერიოდულად მოეწყობა დამსაქმებლებთან შეხვედრები, მცირე ფორუმები, სადაც სტუდენტებს შეეძლებათ მათთან გასაუბრება და საჭირო ინფორმაციის მოპოვება. მეორე მხრივ, მუშაობა გაძლიერდება პოტენციურ დამსაქმებლებთან ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმების კუთხით, დაიგეგმება ერთობლივი სასწავლო-პრაქტიკული აქტივობები.
სხვადასხვა მედიაორგანიზაციასთან მჭიდრო თანამშრომლობის გვერდით, განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან 17 მარტს გაფორმებული მემორანდუმი, რომლის ფარგლებში ჩვენი სტუდენტები სტაჟირებას საზოგადოებრივ მაუწყებელში გაივლიან. ამასთან ერთად, ევროპის მაუწყებელთა კავშირის სასწავლო ცენტრისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივ ონლაინ სესიებს დაესწრებიან. მემორანდუმის თანახმად, სტაჟირებასთან ერთად, ისინი მონაწილეობას მიიღებენ ერთობლივად დაგეგმილ კონფერენციებში, მასტერკლასებში, სემინარებსა და სასწავლო-პრაქტიკულ პროექტებში.