მაია ტორაძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობისთვის და მათემატიკის დარგში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის თსუ-ის პროფესორი თამაზ ვაშაყმაძე რექტორმა გიორგი შარვაშიძემ უნივერსიტეტის ოქროს მედლით დააჯილდოვა.
მეცნიერი ამ ჯილდოზე კათედრამ წარადგინა. ოფიციალური წარდგინება რიცხვითი ანალიზის კათედრის ხელმძღვანელის, პროფესორ ჯემალ როგავას სახელით განხორციელდა.
„დღემდე ვსწავლობ და ვიზრდები. სხვისი კრიტიკა ჩემი საქმე არ არის, ყოველთვის ვფიქრობ — მე როგორ განვვითარდები და რა შემიძლია, რომ გავაკეთო ახალი. უნივერსიტეტში არცერთი დღე არ გამიცდენია და 10-ზე მეტი სილაბუსი მაქვს შექმნილი. მიყვარს ჩემი საქმე. ეს ჯილდო, ფაქტობრივად, არის იმის დადასტურება, თუ ვინ და როგორ ემსახურება ქართველ ხალხს და, შესაბამისად, უნივერსიტეტს. ჩემთვის ამაზე დიდი ჯილდო არ არსებობს. უნივერსიტეტი საქართველოსთვის არის კოლოსალური მნიშვნელობის, ხოლო ოქროს მედალი — აღიარება იმ პროფესორ-მასწავლებლებს შორის, ვინც აქ სტუდენტს ემსახურება. მე ჩემი თავი შეიძლება უღირსადაც მიმაჩნდეს, რადგან უნივერსიტეტის ოქროს მედალი ძალიან დიდი ჯილდოა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ცალსახად არის ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლო საქართველოსთვის. ვცდილობ, ის მათემატიკის დარგში წარმოვაჩინო და ვაჩვენო, რომ თსუ-ს შეუძლია ყველა წამყვანი უნივერსიტეტის და ქვეყნის გვერდით დადგეს“, — გვითხრა თამაზ ვაშაყმაძემ.
აღსანიშნავი და საინტერესოა წარდგინებაში გამოქვეყნებული ინფორმაცია, სადაც ვკითხულობთ, რომ პროფესორი თამაზ ვაშაყმაძე 1968 წლიდან დღემდე თსუ-ის ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის თანამშრომელია. ამჟამად იგი რიცხვითი მეთოდებისა და მათემატიკური მოდელირების მიმართულების ხელმძღვანელი და მთავარი მეცნიერ-თანამშრომელია. პარალელურად იგი ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას. იყო სრული პროფესორი, ამჟამად თსუ-ის ემერიტუსი და მიწვეული პროფესორია.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი კვლევებიდან გამომდინარე ორი კანონზომიერება:
- უწყვეტი გარემოს უნივერსალობის შესახებ: რაიმე ძალას ან მოვლენას, დამზერილს ან აღმოჩენილს რომელიმე სეპარატულ ნივთიერებაში აქვს უნივერსალური ხასიათი — იგი საერთოა უწყვეტი გარემოს ნებისმიერი ფორმისათვის;
- დაზუსტებულ იქნა დარსი-პასკალის კანონი იმ აზრით, რომ იგი არ არის სამართლიანი ფორო-დრეკადი გარემოსათვის, რადგან ხორციელდება მათემატიკური მოდელის ტიპის გადაგვარება. ჩვენ მიერ შემოტანილი ახალი ფაზიკური მახასიათებელი აზუსტებს დარსი-პასკალის კანონს.
თამაზ ვაშაყმაძე არის 15-ზე მეტი დაცული საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციის ხელმძღვანელი და მეცნიერ-კონსულტანტი. ხუთ წელზე მეტია, თსუ-ის რამდენიმე თანამშრომელთან ერთად, ხელმძღვანელობს და უანგაროდ ემსახურება მოსწავლეთათვის სკოლას „ნაბიჯ-ნაბიჯ ცოდნისაკენ“, სადაც მომზადდა და პრაქტიკა გაიარა 400-მდე ქართველმა და უცხოელმა ახალგაზრდამ მათემატიკასა და მომიჯნავე დარგებში.
იგი გახლავთ 200-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის, მათ შორის, 10-მდე მონოგრაფიისა და სახელმძღვანელოს ავტორი. მონაწილეობდა 180-ზე მეტი საერთაშორისო და რესპუბლიკური მნიშვნელობის სამეცნიერო ფორუმის მუშაობაში, წაკითხული აქვს 130-ზე მეტი სექციური და 30-ზე მეტი პლენარული მოხსენება. იყო ორ ათეულზე მეტი საერთაშორისო კონფერენციის და კონგრესის ორგკომიტეტის წევრი, არის ოთხი ჟურნალის, მათ შორის, „Journal of Applied Functional Analysis“ (აშშ, მემფისი) რედკოლეგიის წევრი, იყო 1998-2003 წწ. თსუ-ის შრომების სერიით „გამოყენებითი მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერებანი“ მთავარი რედაქტორი. გახლავთ რიგი სამეცნიერო (მათ შორის, თსუ დიდი საბჭოს) და სადისერტაციო საბჭოების წევრი.
თამაზ ვაშაყმაძე მონაწილეობდა არაერთ სამეციერო-კვლევით პროექტში. იგი დაჯილდოებულია პრეზიდენტის ბრწყინვალებისა და ღირსების ორდენებით, ივანე ჯავახიშვილისა (1977, 2009) და თსუ-ის მედლებით; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მიერ გაცემული ილია ვეკუას პრემიით; თურქეთის მათემატიკოსთა საზოგადოების საერთაშორისო პრემიით უცხოელი მათემატიკოსებისათვის: „მთელი ცხოვრება მათემატიკის სამსახურში“.
იგი დღემდე აგრძელებს აქტიურ კვლევით და პედაგოგიურ საქმიანობას, რაც წინაპირობაა იმისა, რომ შესაძლოა სულ მალე ახალი და მეტად მნიშვნელოვანი კვლევებით, მიგნებებითა თუ დასკვნებით წარსდგეს სამეცნიერო საზოგადოების წინაშე.