თამარ დადიანი
თსუ-ის მესამე კორპუსის ადმინისტრატორის არჩილ ბერიას შვილიშვილები: მათე და ნიკოლოზ თოფურიები უკვე დიდი ადამიანებივით აზროვნებენ და აცნობიერებენ ადამიანის დანიშნულებასა და როლს. ორივე თბილისის 165-ე საჯარო სკოლაში სწავლობს და ორივეს კარგად ესმის, რომ სწავლის გარეშე წარმატებას ვერ მიაღწევენ.
ისეთი სიმპათიური და ვაჟკაცი ბიჭი გაიზრდება, მთელი ქვეყნის გოგონები მის მოხიბვლასა და გულის დაპყრობას შეეცდებიან. ჯერ მხოლოდ 12 წლისაა, ნათელი სახით და ზღვისფერი თვალებით. როგორც თვითნ ამბობს, ყოჩაღი ბიჭია, შრომისმოყვარე, სწავლაც უყვარს და გართობაც: „მათემატიკის ამოცანების ამოხსნა მიყვარს და ფეხბურთის თამაში. სწავლაც მიყვარს, მაგრამ ხშირად იმაზე ვფიქრობ, არდადეგები როდის მოვა. რომ გავიზრდები, მინდა ვიყო განათლებული და წარმატებული. ეს კი მაშინ გავხდები, როცა ჩემი შრომით და სწავლით მიზანს მივაღწევ“, — აცხადებს მათე თოფურია, რომელსაც უბრალოდ სწყინს, როცა მშობლები სთხოვენ: პატარა ძმას დაუთმეო...
როდის გრძნობს თავს ბედნიერად? – „ბედნიერი ვარ, როცა ყველა კარგად მყავს, როცა გვერდით მოსიყვარულე ადამიანები არიან და როცა მასწავლებლის ქებას ვიმსახურებ!“
ზოგადსაკაცობრიო თემებზეც ფიქრობს... მდიდრებს და ღარიბებს შორის განსხვავება კი ასე ესმის: „სიმდიდრე არის ბევრი ფული და ქონება, ხოლო გაჭირვება უქონლობა და უმუშევრობაა, რაც ცუდია და სურვილებს ვერ ისრულებ...“ — აცხადებს მათე, რომელიც მადლიერებას მადლობის გადახდით გამოხატავს, ხოლო ბოდიშს მაშინ იხდის, როცა სინანულს გრძნობს... ასეთია მათე, რომელიც ღმერთს ასეთ შეკითხვას დაუსვამდა: უცხოპლანეტელები მართლა არსებობენ?
* * *
მშობლების დამჯერი ბიჭია მათეს უმცროსი ძმა ნიკოლოზ თოფურია, რომელიც 8 წლის ასაკში გატაცებულია ლიტერატურის კითხვით და ეზოში მეგობრებთან თამაშიც კარგად გამოსდის. მულტფილმების ყურებაც უყვარს და კითხვაზე — რომელი გმირი იქნებოდი საყვარელი მულტფილმებიდან? — ასე გვპასუხობს: „ადამიანი ობობა! იმიტომ, რომ ძლიერია, კეთილი და ხალხს ეხმარება!“ სკოლიდან დაბრუნებულს, ერთი სული აქვს — გაკვეთილებს როდის მოამზადებს, დედის შენიშვნა რომ არ მიიღოს და ამით გული გაუხაროს... ყველაზე გულდაწყვეტილი მაშინ არის, როცა ეზოში სათამაშოდ არ უშვებენ. როცა გაიზრდება, ზრდილობიანი და კეთილი იქნება და აუცილებლად — კალათბურთელი!
ბედნიერებაა, როგორც თვითონ ამბობს: „როცა ოჯახი სასეირნოდ მივდივართ და ყველაფერი კარგადაა.“ სიყვარული კი ასე ესმის: „სიყვარულია, როცა აფასებ, ერთგული ხარ და ბედნიერი“.
ყველაზე მეტად თანატოლების სიკვდილს განიცდის და ღმერთთანაც მხოლოდ ეს შეკითხვა აქვს: „რატომ იღუპებიან ბავშვები?“