ნატო ობოლაძე
მსოფლიოს ისტორიაში რამდენიმე მძიმე პანდემიაა ასახული: შავი ჭირის, ყვავილის, ქოლერის, გრიპის, შიდსის და ახლა უკვე — კოვიდპანდემიაც. ჯერ კიდევ ძველი ბერძენი ავტორები — ჰომეროსი, სოფოკლე, ლუკრეციუსი, ვერგილიუსი აღწერდნენ მომაკვდინებელ შავ ჭირს, პანდემია-ეპიდემიის თემა აისახა სხვადასხვა ეპოქის ლიტერატურის გამოჩენილი წარმომადგენლების: ბოკაჩოს, შექსპირის, დანიელ დეფოს, თომას მანის, ედგარ პოს, კამიუს, მარკესის, ვაჟა-ფშაველას და ა.შ. შემოქმედებაში. თუმცა, „პანდემიებმა რამდენადაც დარტყმა მიაყენა მოსახლეობას, იმდენადვე მისცა მამობილიზებელი კომპონენტი“ — პირველი აცრა 1796 წელს ჯენერმა ყვავილის ვირუსის საწინააღმდეგოდ გააკეთა და დაამტკიცა, რომ აცრა დაავადებისგან იცავს. სავალდებულო ვაქცინაციის პირველი ფაქტი ბავარიაში 1807 წელს დაფიქსირდა, კლასიკური ვაქცინაციის დაწყებამდე კი აცრის „პირველყოფილი სახეობა“ ადამიანში ვირუსის შეყვანას გაკაწვრის საშუალებით ითვალისწინებდა — კაცობრიობა პანდემიებთან ბრძოლის საშუალებას ყოველ ჯერზე ეძებდა... ისტორიული გამოცდილება კოვდიპანდემიამ კიდევ უფრო აქტუალური და, სხვადასხვა დარგის მეცნიერებთან ერთად, ლიტერატურათმცოდნეების კვლევის საგანიც გახადა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ მე-15 საერთაშორისო სიმპოზიუმზე — „ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები“ — მკვლევრებმა პანდემიის გავლენა ლიტერატურასა და ადამიანის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე ისტორიულ და თემატურ კონტექსტში განიხილეს. სიმპოზიუმში საქართველოს სხვადასხვა საუნივერსიტეტო და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან ერთად 11 ქვეყნის 80-ზე მეტი მეცნიერი მონაწილეობდა.
„2007 წელს, როდესაც პირველი საერთაშორისო სიმპოზიუმი ჩავატარეთ, ნამდვილად ვერ ვიფიქრებდით, რომ მე-15 საერთაშორისო სიმპოზიუმს ვუმასპინძლებდით. ამ დროის მანძილზე ჩვენი სამეცნიერო ღონისძიება ერთ-ერთ უაღრესად საინტერესო ლიტერატურულ დიალოგად და ერთგვარ ბრენდადაც კი ჩამოყალიბდა. სიმპოზიუმის საერთაშორისო ავტორიტეტი და მიღწევები თითოეული მონაწილის დამსახურებაა“, — განაცხადა სიმპოზიუმის ორგანიზატორმა, თსუ-ის პროფესორმა, თსუ-ის ლიტერატურის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ირმა რატიანმა.
ლიტერატურული ნაწარმოებების გარდა, სიმპოზიუმზე შეკრებილმა მეცნიერებმა პანდემიის გავლენა თეატრსა და კინოზეც მიმოიხილეს და, დისტანციური სასწავლო პროცესის პირობებში, ზოგადი განათლების სისტემაში ლიტერატურის სწავლების მეთოდებზეც იმსჯელეს. პანდემიების ისტორია და კოვიდპანდემიით გამოწვეულ ფსიქოლოგიურ სტრესთან გამკლავების რეკომენდაციები კი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორების მხრიდან მოისმინეს.
პანდემიების ისტორია და კოვიდპანდემიის გავლენა ადამიანების ფსიქიკაზე
სიმპოზიუმის გახსნისას პანდემიები ისტორიულ ჭრილში მიმოიხილეს და ადამიანებზე კოვიდპანდემიის ფსიქოლოგიურ ზემოქმედებაზე ისაუბრეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა დიმიტრი კორძაიამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა ნინო ოკრიბელაშვილმა. დიმიტრი კორძაიამ ლიტერატურათმცოდნეებს საკარანტინე სისტემის შემოღების, ვაქცინაციის „პირველყოფილი სახეობის“, სავალდებულო ვაქცინაციისა და ქოლერით დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ წითელი ღვინის გამოყენების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
„პირველი შავი ჭირის პანდემია 541 წელს დადასტურდა და მსოფლიოს 400-450 მილიონი ადამიანიდან 150 მილიონი შეიწირა. ეს პანდემია ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანეს სახელით შევიდა ისტორიაში, საქართველოში ბიზანტიიდან შემოაღწია და სხვათაშორის მაშინ შემოსული სიტყვები — ჟამი, ჟამიანობა — დღემდე გამოიყენება ქართულ ენაში.
მეორე შავი ჭირის პანდემია ევროპაში მეთოთხმეტე საუკუნეში იწყება, რომელიც აღწევს საქართველომდეც. საინტერესო ფაქტია ის, რომ მაშინ ევროპის ზოგიერთ საჰერცოგოში გამოიცა ბრძანება შავი ჭირით დაავადებულების დახოცვის თაობაზე, ამის პარალელურად კი ხევსურეთში აგებულია ჟამიანთა ქოხები, სადაც თავის ნებით მიდიან ადამიანები, რათა იქ დაიხოცონ და ახლობლებს არ შეუქმნან საფრთხე.
საკარანტინე სისტემის დანერგვა პირველად ინგლისში დაიწყეს და შავ ჭირთან ბრძოლის მიზნით 40 დღიანი კარანტინი დააწესეს, მაშინ არ იცოდნენ, რომ ამ დაავადების გამოსავლენად 6 დღე საკმარისია. საკარანტინე სისტემა მოქმედებდა ვენეციაშიც, დოჟების მმართველობის პერიოდში, როდესაც გემები შედიოდნენ ჯერ საკარანტინე სივრცეში, საკვები გადიოდა კარანტინულ დროსა და დამუშავებას, რის შემდეგაც იწყებოდა მოხმარება.
მსოფლიოში სულ 7 ქოლერის პანდემიაა აღწერილი, თუმცა საყურადღებოა მე-19 საუკუნის პანდემია, რომელიც საქართველოსაც შეეხო. ეს მნიშვნელოვანი პერიოდია, რადგან ალექსანდრე ორბელიანი იწყებს პაციენტების მკურნალობაში წითელი ღვინის გამოყენებას, რასაც შემდეგ მთელი კვლევები მოჰყვა იმ ქვეყნებში, სადაც წითელი ღვინო, როგორც კულტურული ფენომენი, არსებობს. შიდსის პანდემიაზე ვიტყვი, რომ საქართველოს მან გვერდი აუარა ჩვენი ექიმების — თენგიზ ცერცვაძის და მისი გუნდის დამსახურებით, რომელიც ჯერ საქართველოს არ შეუფასებია სათანადოდ და მადლობა არ უთქვამს“, — აღნიშნა თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა დიმიტრი კორძაიამ.
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა ნინო ოკრიბელაშვილმა ჰანს სელიეს სტრესის თეორიაზე ისაუბრა, რომელიც გულისხმობს, რომ სტრესი მამობილიზებელი მოვლენაც შეიძლება იყოს, თუმცა ნეგატიური შინაარსის სტრესი, იგივე დისტრესი, ყოველთვის დესტრუქციულია. ნინო ოკრიბელაშვილმა კოვიდპანდემიის ადამიანებზე ზეგავლენა ფსიქო-ემოციურ კონტექსტში შეაფასა.
„პანდემია აუცილებლად უნდა განვიხილოთ, როგორც ზოგადპოპულაციური გამოცდილება, მასშტაბური სტრესი, რამაც მსოფლიოში 2, 6 მილიარდი ადამიანი სოციალურ იზოლაციაში მოაქცია. ამას დაემატა ეკონომიკური პრობლემები, რამაც 2020 წლის უკვე მეორე ნახევარში გამოიწვია გადაწვის მეორეული ეპიდემია, ანუ სოციალური გადაწვა. გადაწვის სიმპტომები კი მრავალფეროვანია: ემოციური გამოფიტვა, ცინიკური დამოკიდებულება, საქმის მიმართ გულგრილობა, ადამიანების მიმართ გულგრილობა. პოფესიულ არაეფექტურობაში იგულისხმება მდგომარეობა, როდესაც პიროვნული მიღწევების დაქვეითებას გრძნობს ადამიანი, არაკომპეტენტურობისა და წარუმატებლობის განცდა უყალიბდება. ჩემი დაკვირვებით, დღეს მოსახლეობას აქვს პოსტსტრესული აშლილობის სიმპტომები და, შესაბამისად, ხშირია ღრმა დეპრესია. ურთულესი საკითხია თამბაქოს, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარება, ამის ფონზე ვითარდება შფოთვითი დარღვევები, ადაპტაციის დარღვევები და იმატებს აგრესიულობის მუხტი“, — აღნიშნა ვიცე-რექტორმა. მედიკოსები პანდემიით გამოწვეულ სტრესთან გამკლავების საშუალებად სწორ კვებას, ძილის რეჟიმის მოწესრიგებას, ინფორმაციის ერთი სანდო წყაროსგან მოსმენას, ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრებას და ნორმალურ ყოფაში დაბრუნებას მიიჩნევენ.
ჟამიანობა ლიტერატურაში
ისტორიაში პირველ პანდემიად ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანეს დროს გავრცელებული შავი ჭირი ითვლება. ამ პერიოდს ცნობილი ისტორიკოსი პროკოპი კესარიელი აღწერს. პირველი პანდემიის თემის შესახებ სიმპოზიუმზე მანანა ფხაკაძემ ისაუბრა: „ჩვენთვის საინტერესოა, როგორ აღწერს პროკოპი კესარიელი პანდემიის შედეგს, რომელიც „გვიან გამომჟღავნდა“. „აზრი შეიცვალეს, გახდნენ უარესი, ვიდრე ადრე, გადარჩენილმა ხალხმა გამოამჟღავნა თავისი ყველაზე საძაგელი თვისებები და თავს გადაამეტა ავკაცობაში. ასე რომ, სამყაროს განვითარებისთვის ტექნოლოგიაზე მეტად მნიშვნელოვანი ადამიანების როლია“, — აღნიშნა მკვლევარმა.
პანდემიის დროს ადამიანთა დამოკიდებულების საკითხი იკვლია ნინო ბალანჩივაძემ. მკვლევარი მოხსენებაში — „ჟამიანობა და ადამიანის ზნეობრივი შეგნება“ ვაჟა-ფშაველას წერილის „ფიქრები (ხოლერის გამო)“ საუბრობს: „ვგონებ შაჰ-აბაზის შემოსევამაც არ ააყაყანა ისე საქართველო, როგორც ხოლერის გაჩენამ“, – წერდა ვაჟა-ფშაველა თავის წერილში „ფიქრები (ხოლერის გამო)“ და წუხდა, რომ „ის ხოლერა, რომელიც კაცს ცოცხალს მკვდრადა ჰხდის“, რატომ არაფერს ათქმევინებს და არც აგრძნობინებს მკვდრადმყოფ ცოცხალსო? ვაჟას ეს ფიქრები დღესაც აქტუალურია“, — ამბობს ავტორი.
შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მკვლევარი ეკა ჩხეიძე მოხსენებაში „ჟამიანობა ლიტერატურაში“ იმ მნიშვნელოვანი ნაწარმოებების ჩამონათვალს გვთავაზობს, სადაც ეპიდემია ცენტრალურ ადგილს იკავებს.
„როგორც ღვთის სასჯელი, შავი ჭირი ლიტერატურაში ჯერ კიდევ ანტიკურ საბერძნეთში ჩნდება. ის სიუჟეტის მამოძრავებელი მუხტი და მთავარი კონფლიქტის გამომწვევი მიზეზია ორ ფუნდამენტურ ტექსტში ჰომეროსის „ილიადასა“ და სოფოკლეს „ოიდიპოს მეფეში“. ჟამიანობა რენესანსის ეპოქაში, ანუ როგორ იქცევა ადამიანი საგანგებო მდგომარეობისას, რენესანსის დროს პერსპექტივა საგრძნობლად იცვლება. აღორძინების პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწარმოებში — ჯოვანი ბოკაჩოს „დეკამერონში“ შავი ჭირი ისეთივე საზარელ, ისეთივე განსაკუთრებულ მდომარეობას იწვევს, როგორც მანამდე ანტიკურ საბერძნეთში. ეპიდემიის თემისთვის მიძღვნილ ლიტერატურის ახალ და უახლეს ტექსტებს შორის სხვათაგან ძლიერ გამოირჩევა ალჟირული წარმოშობის ფრანგი ნობელიანტი მწერლის ალბერ კამიუს რომანი „შავი ჭირი“ თავისი სიმძაფრით, ექსპრესიითა და მხატვრული ოსტატობით. ავტორი ამ ნაწარმოებში მაღალი მხატრული ოსტატობით აღგვიწერს ალჟირის პერიფერიულ ქალაქ ორანში აფეთქებული შავი ჭირის ეპიდემიას.
ჩვენი დროის სახელგანთქმულ ფილოსოფოსთა უმრავლესობამ უკვე გამოთქვა გარკვეული აზრი პანდემიის შესახებ. მათ შორის ყველაზე სწრაფი კი სლოვენიელი მარქსისტი მოაზროვნე სლავოი ჟიჟეკი აღმოჩნდა, რომელმაც კორონა ვირუსის შესახებ მოკლე საგაზეთო ესეებისგან შემდგარი წიგნის გამოცემაც კი მოასწრო. „პანდემია! კოვიდი აზანზარებს მსოფლიოს“ — ასე ქვია მის წიგნს“, — აღნიშნავს ეკა ჩხეიძე.
კოვიდპანდემია აისახა თანამედროვე პოეზიაშიც: „იაკი კაბეს (ირაკლი კაკაბაძის) ახალი კრებული „ამაღლების ქუჩა“ პანდემიის დროს დაწერილ ლექსებს აერთიანებს. პოეტი ამ კრებულში მონატრებულ ქალაქსა და, ადამიანებთან ერთად, საკუთარი თავის ძიების პროცესზეც გვესაუბრება. იაკი კაბე საუბრობს იმაზეც, თუ საკუთარ თავთან მარტო დარჩენილს ბევრი მოგონება, ფიქრი, სიზმარი როგორ ახსენებდა თავს. საინტერესოა არა მხოლოდ პოეტთა სათქმელი, არამედ ამ სათქმელის გადმოსაცემად მათ მიერ შერჩეული მეტრი, რიტმი, სტროფიკა და რითმები“, — განმარტავს თსუ-ის დოქტორანტი სალომე ლომოური.
პანდემია კინოსა და თეატრში
„2020 წელს, Covid 19-ის ჟამიანობის პერიოდში, ქართულ ვირტუალურ სივრცეში ორი ქორეოგრაფიული სპექტაკლის პრემიერა შედგა. პირველი სპექტაკლი „მარიჯანის ოთახი“ იყო, რომელიც ერთ-ერთი პირველი ქართველი პოეტი ქალის მარიჯანის (მარიამ ალექსიძე-ტყემალაძის) შესახებ მოგვითხრობდა, ხოლო მეორე – „ლუჩიას ოთახი“ – დიდი ირლანდიელი მწერლის ჯეიმზ ჯოისის ქალიშვილის ლუჩიას ჯოისის შესახებ“, — ამბობს თსუ-ის ასოცირებული პროფესორი დავით მაზიაშვილი თავის მოხსენებაში — „მარიჯანი და ჯოისი ალექსიძის ოთახიდან“. კვლევის ავტორის განმარტებით, მარიამ ალექსიძის ორივე სპექტაკლში პანდემიურ (დავირუსებულ) სამყაროში ნამდვილი ხელოვანის და მაღალი ლიტერატურის სულიერი მდგომარეობაა განზოგადებული, სადაც მან ლიტერატურული ნაწარმოებების და ქორეოგრაფიის ახალი გამომსახველობითი მხატვრული ფორმებით კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, ერთი მხრივ, მაღალი შემოქმედების მარადიული აწმყოობა, ხოლო მეორე მხრივ, COVID 19-ით გამოწვეული იძულებითი იზოლაციით, ვირტუალური სამყაროს ამარა დარჩენილი თანამედროვე ადამიანის სულიერი სიცარიელე.
მოხსენებაში — „ეპიდემია ქართულ პროზასა და კინემატოგრაფიაში: დავით კლდიაშვილის და ვაჟა-ფშაველას მოთხრობების ეკრანიზაციები“ — ლელა წიფურია მე-20 საუკუნეში ეპიდემიის თემაზე გადაღებული ფილმების შესახებ საუბრობს: „ქართულ პროზაში ეპიდემიის აღწერის ორი პოლუსურად განსხვავებული კონცეფციის ნიმუშია ეკრანიზებული მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის კინემატოგრაფში: 1964 წელს ელდარ შენგელაიას სცენარითა და მისივე რეჟისორობით ეკრანიზებული დავით კლდიაშვილის „მიქელა“ და პავლე ჩარკვიანის სცენარითა და რეჟისორობით 1984 წელს ეკრანიზებული ვაჟა-ფშაველას „ხოლერამ მიშველა“. მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი — ელდარ შენგელაიას „მიქელა“ — სამი ნოველისგან შემდგარი კინოალმანახის — „წარსულის ფუცლების“ პირველი ნოველაა. ალმანახის მეორე და მესამე ნოველები კი მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობების მიხედვით შეიქმნა (რეჟისორები: მერაბ კოკოჩაშვილი და გიორგი შენგელაია). კინოალმანახში, სხვადასხვა კონცეფციის შავ-თეთრ ნოველებში „მიქელა“ ყველაზე მეტად განსხვავდება ავტორის ტექსტისგან.
ვაჟა-ფშაველას თხზულებების ეკრანიზაციების ტრადიცია საქართველოში მრავალფეროვანია. მათ შორის გამორჩეულია პოემების ფილოსოფიური ინტერპრეტაცია თენგიზ აბულაძის „ვედრებაში“. ასევე, თავისუფალი მიდგომით, ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებების მოტივებზეა გადაღებული 1984 წელს კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ პავლე ჩარკვიანის ფერადი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „ზოგი ჭირი მარგებელია“. ფილმის ძირითადი ლიტერატურული საფუძველია ვაჟა-ფშაველას მოთხრობა — „ხოლერამ მიშველა“. დღეს ინტერნეტ-საიტებზე ფილმს შემდეგი კლასიფიკაცია აქვს: „კომედია, ზღაპრული (ფენტეზი)“.
ლიტერატურის სწავლების გამოწვევები „ონლაინ სკოლებში“
თსუ-ის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მკვლევარი ირინა ნაცვლიშვილი მოხსენებაში — „ლიტერატურის სწავლების პრობლემები და შესაძლებლობები თანამედროვე „ონლაინ სკოლაში“ იმ პრობლემებს აღწერს, რის წინაშეც ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგები აღმოჩნდნენ პანდემიის პერიოდში. ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტით განსაზღვრული შედეგების მისაღწევად საჭირო გახდა მხატვრული თუ დოკუმენტური ფილმების, აუდიო და სხვა მულტიმედიური პროდუქტების (როგორც სასწავლო რესურსების) გამოყენების პრაქტიკა, რომლის დანერგვაც, მიუხედავად საჭიროებისა და მნიშვნელოვანი ეფექტიანობისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ტექნიკური საშუალებებით არასათანადო აღჭურვილობის გამო ძნელად ან თითქმის ვერ ხერხდებოდა.
„თუმცა, უაღრესად მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ სწავლა-სწავლების ახალმა ფორმამ შესაძლებელი გახადა სასწავლო პროცესში ციფრული ტექნოლოგიების მჭიდრო ინტეგრირება და მათი ფუნქციების მიზნობრივი გამოყენება მოსწავლეთა კოგნიტური და მეტაკოგნიტური უნარების განვითარებისათვის. პანდემიური გამოცდილება მომავალში უთუოდ დიდად წაადგება გახსნილ საგანმანათლებლო სივრცეს“, — აღნიშნავს მკვლევარი.
საბაზო და საშუალო საფეხურზე ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების მომზადების თვალსაზრისით ახალი გამოწვევის წინაშე დადგნენ უმაღლესი სასწავლებლებიც. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელი სიმპოზიუმზე რუსუდან ფიფია საკუთარ კვლევაში საუნივერსიტეტო პროგრამების თანამედროვე მოთხოვნებთან ადაპტირების აუცილებლობას ხედავს.
„ჩვენს ქვეყანაში არსებობს ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების მრავალწლიანი გამოცდილება, მეთოდები, მიდგომები, საპროგრამო თხზულებები, აპრობირებული სასწავლო-მეთოდური პრატიკა, რაც საგნის სწავლების არსებული კონცეფციის შემადგენელი ნაწილებია. თანამედროვე საუნივერსიტეტო პროგრამებმა უნდა მოამზადონ ისეთი მასწავლებლები, რომელთაც ექნებათ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ქართული ენისა და ლიტერატურის ფუნდამენტური ცოდნა, რაც დაფუძნებული იქნება კვლევის თანამედროვე მეთოდებზე, სწავლების როგორც ტრადიციულ, ისე ინოვაციურ ფორმებსა და ხერხებზე, პედაგოგიკისა და პედაგოგიური ფსიქოლოგიის სადღეისო მიღწევებზე“, — განმარტავს მომხსენებელი.