ლიეტუველმა მკითხველმა ქართველი პოეტის, მთარგმნელისა და აღმოსავლეთმცოდნის გიორგი ლობჟანიძის ლექსების კრებული — „წმინდანოფობია“ 2020 წლის 15 საუკეთესო კრებულს შორის დაასახელა. თარგმანს „ბრწყინვალე“ შეაფასება მისცა ლიეტუვის ელჩმა საქართველოში ანდრიუსკალინდრამ, რომელმაც ქართველი პოეტი საელჩოში მიიწვია და საკუთარი შთაბეჭდილებები პირადად გაუზიარა.
„სიამოვნებით გავიმეორებ იმას, რაც სრულიად გულწრფელად ვუთხარი ბატონ ელჩს: „სამშობლო, როგორც უფალი, ერთია ქვეყანაზედა“, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ წარმოუდგენლად ძალიან მიყვარს აღმოსავლეთის ქვეყნები — ირანი, ეგვიპტე და სხვა, სადაც ჩემი ცხოვრების დიდი თუ მცირე ხანი დამიყვია, ჩემს მეორე სამშობლოდ მაინც ლიეტუვა მიმაჩნია, რადგან, ბოლოს და ბოლოს, პოეტისთვის ყოველი ახალი დაბადება მისი ახალი კრებულია. ჩემი ლექსების კრებული კი ჯერ-ჯერობით მხოლოდ ლიეტუვაშია ასე შესანიშნავად გამოცემული. ამდენად, მე ქართული ენობრივი სივრცის გარდა, ხელახლა (სრულფასოვნად) ჯერ მხოლოდ ლიეტუვაში დავიბადე და ამიტომ ამ ქვეყანასაც თამამად შემიძლია ვუწოდო სამშობლო. ვერ მოვიტყუები და თუ თანაბრად და ისეთივე სიყვარულით არა, მაგრამ, არანაკლებ შეიძლება მიყვარდეს, ვიდრე საქართველო. მიყვარდეს იმის გამო, რომ იქ ნამდვილი მეგობრები მეგულება და, უპირველესად, მათი ღირებულებებისთვის, რომელთა შორისაც კულტურის ბუნებრივი, უანგარო და არამოჩვენებითი დაფასება ერთ-ერთი უპირველესი პრიორიტეტია“, — აღნიშნა გიორგი ლობჟანიძემ საქართველოში ლიეტუვის ელჩთან ვიზიტის შემდეგ.
ლიეტუვაში მკითხველთა რჩეულ წიგნებს ყოველი წლის ბოლოს ავლენენ; შეფასებისას კრიტიკოსების მოსაზრებებს, მკითხველთა გამოკითხვის შედეგებსა და გაყიდვების მაჩვენებელს ითვალისწინებენ. ეს ტრადიცია ლიეტუველი გამომცემლების ერთობლივი ინიციატივით დამკვიდრდა. გიორგი ლობჟანიძე, რომელიც, ამავე დროს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის არაბისტიკის მიმართულების ასოცირებული პროფესორია, ლიეტუველი მკითხველის მიერ მისი შემოქმედების აღიარებას არა მარტო პირად, არამედ მთლიანად ქართული თანამედროვე მწერლობის წარმატებად აფასებს.
„ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩემი წიგნი რჩეულთა რიცხვში აღმოჩნდა, თუმცა, ნებისმიერი ქართველი თანამედროვე პოეტის კრებული რომ ყოფილიყო, ასევე დიდი წარმატება იქნებოდა ქართველი მწერლობისთვის, რადგან ასეთი აღიარება კარგი „სავიზიტო ბარათია“ იმ ქართველი პოეტებისთვისაც, რომელთა შემოქმედებაც ლიეტუვურ ენაზე გადაითარგმნება. მიმაჩნია, ეს ქართული კულტურის პოპულარიზაციისთვის დადებითი მოვლენაა და ნიშნავს, რომ ჩვენი კულტურა მსოფლიო დონეზე სხვა ქვეყნებშიც ესმით და ადეკვატურად აფასებენ“, — აღნიშნა გიორგი ლობჟანიძემ.
ლიეტუვური კრებული ავტორის 90-იანი წლებიდან თითქმის ბოლო პერიოდამდე შექმნილ პოეზიას მოიცავს. „წმინდანოფობია“, რომელიც წიგნის სახელწოდებად გამოიტანეს, სწორედ ერთ-ერთი ლექსის სათაურია. ბწკარედული თარგმანი ნანა დევიძეს ეკუთვნის, ლიტვურ ენაზე კი ლიტველმა პოეტებმა იონას ლინიაუსკასმა და ვიქტორას რუძიანსკასმა თარგმნეს, რომლებმაც ლიეტუველ მკითხველამდე ქართველი პოეტის შემოქმედება საშური ოსტატობითა და სიზუსტით მიიტანეს.
„თავიდან ჩემი ლექსების ლიტვურ ენაზე თარგმნა იონას ლინიაუსკასმა დაიწყო. მისი დამსახურებაა, რომ პირველივე პუბლიკაციები ძალიან გახმაურდა. შორიდან მესმოდა, რომ ცნობილ ლიტველ პოეტს ვიქტორას რუძიანსკასს ძალიან მოეწონა ჩემი პოეზია, რომელსაც ბოლო პერიოდამდე არ ვიცნობდი, თუმცა მან ყველაფერი გააკეთა, რომ ეს წიგნი მაღალ დონეზე გამოცემულიყო. ასეთი არაჩვეულებრივი კრებული ქართულ ენაზეც კი არ მაქვს. ლიტვურ ენაზე სათარგმნად ლექსები სამი კრებულიდან — „ბაბუაწვერების თაიგულიდან“, „არაბულის მასწავლებლიდან“ და „სიზმრის ნანგრევებიდან“ შევარჩიეთ. ისეთი ლექსებიც შევიტანეთ, რომელსაც თარგმნის პერიოდში ვწერდი და ჯერ გამოქვეყნებული არ მაქვს, რადგან, ფაქტობრივად, „ფეხდაფეხ“ მომდევდნენ მთარგმნელები. ასეთი რამე იშვითად ხდება და სწორედ ასეთი თანამშრომლობის შედეგია ეს წიგნი“, — აღნიშნა ავტორმა.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც გიორგი ლობჟანიძის პოეზიას უცხოელი მკითხველები და კრიტიკოსები უმაღლეს შეფასებას აძლევენ — გასული წლის დასაწყისში იტალიის საერთაშორისო პოეტური ფესტივალის ჟიურიმ იგი მსოფლიოს 10 საუკეთესო ავტორს შორის დაასახელა. ფესტივალზე ლექსები ციკლიდან — „ჩემი სოფლის სასაფლაო“ — მთარგმნელმა ნუნუ გელაძემ თარგმნა და წარადგინა. შედეგად, უახლოეს მომავალში, იტალიურენოვანი კრებულის გამოცემაც იგეგმება.
გიორგი ლობჟანიძე წლებია მთარგმნელობით საქმიანობას თავადაც ეწევა. მას ეკუთვნის შუა საუკუნეებისა და თანამედროვე არაბული და სპარსული არაერთი ლიტერატურული ნაწარმოების ქართული თარგმანი და ასევე „ყურანი“, რომელსაც თან ერთვის ვრცელი სამეცნიერო შესავლი და კომენტარები. სამეცნიერო, მთარგმნელობითი და შემოქმედებითი საქმიანობის პარალელურად პროფესორი ცოდნას ახალ თაობასაც უზიარებს და ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის მიმათულების სტუდენტებისთვის კითხულობს.
მოამზადა ნატო ობოლაძემ