„ვიმედოვნებთ, რომ 2021/2022 სასწავლო წელს ჩვეულ რეჟიმში დავიწყებთ და დავასრულებთ (რა თქმა უნდა, გაზაფხულიდან მეორე სემესტრის ჩვეულ რეჟიმში განახლების იმედიც გვაქვს)“, — ასეთია თსუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ლაშა საღინაძის პროგნოზი, რომელიც ახალ 2021 წელს იმედით ელოდება.
* * *
გაგვიმხილეთ იმედები, რითაც ხვდებით ახალ 2021 წელს...
სტრესული წელიწადი გამოვიდა ბევრი კუთხით: დავკარგეთ ბევრი ახლობელი თუ ნაცნობი, ქვეყნის ეკონომიკამ რეცესია განიცადა (როგორც მთელ მსოფლიოში), პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებს და სკოლის მოსწავლეებს სტრესულ გარემოში უწევდათ და უწევთ სწავლა/სწავლება, თუმცა დარწმუნებული ვარ — ეს ყველაფერი მალე დასრულდება!
მოდით ასე ვთქვათ, იმედს კი არ გაგიმხელთ, არამედ დარწმუნებული ვარ, რომ 2021 წელი გაცილებით უკეთესი იქნება 2020 წელთან შედარებით და ამ რთული პერიოდიდან უფრო ძლიერები გამოვალთ.
რა მოხდა დადებითი ამ წელს?
ალბათ ყველა ვთანხმდებით, რომ 2020 წელს დადებითი ნაკლებად თუ მოხდა ჩვენს გარშემო, თუმცა, ერთმნიშვნელოვნად შემიძლია გითხრათ, რომ პანდემიამ ბევრი რამ შეგვაძლებინა: მაგალითად, დისტანციური სწავლების კომპონენტები შედარებით სწრაფად და მარტივად ავითვისეთ, საგრძნობლად დაჩქარდა ტექნოლოგიური განვითარების პროცესი... რა თქმა უნდა, ეს შესაძლებლობას მოგვცემს მომავალში აღნიშნული კომპონენტი გამოვიყენოთ (თუმცა ხშირად — არა, რა თქმა უნდა), როგორც სასწავლო პროცესში, ისე შეხვედრების ორგანიზებისას. ასევე, დავინახეთ, რომ რიგი სამუშაო პროცესის წარმართვა დისტანციურადაც შესაძლებელია.
როგორ და რით გაილამაზებთ კოვიდის პირობებში საახალწლო ღამეს?
მე და ჩემმა ოჯახმა ვირუსის ძალა ჩვენს თავზე გამოვცადეთ — ყველამ გადავიტანეთ... შესაბამისად, უფრო თამამები ვართ ამ ეტაპზე, მაგრამ არ გვავიწყდება, რომ ანტისხეულებსაც გაფრთხილება სჭირდება. ახალ წელს ოჯახში, ვიწრო წრეში ვხვდები..
ყველას მინდა მივულოცო 2021 წლის დადგომა! ასეთი იმედებით, ალბათ, დიდი ხანია ახალ წელს არ შევხვედრილვართ... ველოდებით ვაქცინებს და ვიმედოვნებთ, რომ 2021/2022 სასწავლო წელს ჩვეულ რეჟიმში დავიწყებთ და დავასრულებთ (რა თქმა უნდა, გაზაფხულიდან მეორე სემესტრის ჩვეულ რეჟიმში განახლების იმედიც გვაქვს).
ყველას ვუსურვებ, პირველ რიგში, ჯანმრთელობას, ყველა ნატვრის ასრულებას და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებებს!