თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სააუდიტორო სწავლებას 2 მაისიდან განაახლებს. მიუხედავად იმისა, რომ თსუ-მ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ თითქმის 2 თვით ადრე გამოაცხადა, სტუდენტებს, ინფორმაციის დაზუსტების მიზნით, კითხვები მაინც აქვთ.
უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში განცხადებებიც შედის, სადაც ერთეული სტუდენტები, გამონაკლისის სახით, სწავლის ონლაინ ფორმატით გაგრძელებას ითხოვენ.
„სტუდენტების კითხვები სასწავლო პროცესის სააუდიტორო ფორმატში აღდგენის დაზუსტების შესახებ გასაგებია, რადგან პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები ხშირად იცვლებოდა. თუმცა, ახლა თითქმის ყველა რეგულაცია მოხსნილია და საფრთხე იმისა, რომ 2 მაისს სწავლება აუდიტორიებში არ დაიწყება, არ არსებობს.
გასული ორი წლის განმავლობაში სტუდენტობა და აკადემიური პერსონალიც ცხოვრების სხვა რეჟიმზე გადაეწყო. მათთვის ასე უცებ გამოსვლა ცოტა რთულია, რაც გვესმის და სწორედ ამიტომ, სასწავლო პროცესის აუდიტორიებში აღდგენასთან დაკავშირებით თითქმის 2 თვით ადრე შევატყობინეთ. მივეცით დრო, რომ საცხოვრებელ ადგილთან თუ სამსახურთან დაკავშირებული საკითხები მოეგვარებინათ“, — განმარტავს თსუ-ის კანცლერი ლაშა საღინაძე.
ვვარაუდობთ, რომ რემონტი მაისში დასრულდება
სასწავლო პროცესი განახლდება მეორე კორპუსშიც. ამ დროისთვის მთლიანად რეაბილიტირებულია იურიდიული ფაკულტეტისთვის განკუთვნილი ფლიგელი, სრულდება ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კუთვნილი სივრცის რემონტი. კორპუსში შეტანილია სასწავლო პროცესისთვის საჭირო ინვენტარიც.
„მეორე კორპუსის სრული რეაბილიტაცია 2021 წლის სექტემბერში უნდა დამთავრებულიყო, თუმცა პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებისა და უშუალოდ ადგილზე მომუშავე პერსონალის ინფიცირების გამო პროცესი რამდენჯერმე შეფერხდა. კომპანიასთან შეთანხმებით ვვარაუდობთ, რომ რემონტი მაისში დასრულდება. დარჩენილია ფიზიკის სპეციალობის მიმართულებისთვის განკუთვნილი რამდენიმე აუდიტორია. სრულად რეაბილიტირებულია ლაბორატორიული სივრცე, სადაც სარემონტო სამუშაოებისას დანადგარებისა და გარკვეული აგრეგატების გატანა მოგვიწია. დანადგარების ნაწილი, რომლის გადაადგილებაც არ შეიძლებოდა, რემონტისას რომ არ დაზიანებულიყო, შეიფუთა. დამატებით შევისყიდეთ ახალი ლაბორატორიული ინვენტარიც. ამ დროისთვის მეორე კორპუსში განთავსებული ყველა ლაბორატორია ქმედითია. კორპუსი სავენტილაციო და კონდიცირების სისტემითაც სრულად არის უზრუნველყოფილი.
იურიდიული ფაკულტეტის იდეა იყო, რომ მეორე კორპუსში საკვები ობიექტიც გახსნილიყო. ამ მიზნით, რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, იურიდიულ ფაკულტეტთან შეთანხმებით, შესაბამისი სივრცის იჯარით გაცემა იგეგმება“, — აღნიშნა ლაშა საღინაძემ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსის რეაბილიტაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებით განხორციელდა. კორპუსის შიდა სარემონტო სამუშაოები 2019 წელს დაიწყო. სულ 25 000 კვ.მ. ფართობი გარემონტდა.