„კოვიდ–19“ –ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არის ჯერჯერობით ერთადერთი გამოსავალი პანდემიის შესაჩერებლად! – ეს არის ინფექციონისტების გზავნილი საზოგადოებისთვის, რომლის თაობაზეც კიდევ ერთხელ შეგვახსენებს თსუ მედიცინის ფაკულტეტის ინფექციურ დაავადებათა და კლინიკური იმუნოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ლალი შარვაძე:
— ქალბატონო ლალი, დავიწყოთ კოვოდ 19–ით და აცრის პროცედურებით – კიდევ ერთხელ რომ განვმარტოთ აცრის მნიშვნელობა პანდემიის პირობებში...
– ვაქცინაციას ალტერნატივა არ აქვს პანდემიის პირობებში. კაცობრიობას მრავალი პანდემია ახსოვს, რომლისგან მიყენებული ზარალი (როგორც ადამიანური, ასევე ეკონომიკური და სხვ.) განუსაზღვრელია. აგერ უკვე წელიწადზე მეტია, მსოფლიო ებრძვის ახალი კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეულ პანდემიას. მას ბევრი სიცოცხლე შეეწირა, ბევრი რამ შეიცვალა. ფაქტიურად მსოფლიო გაჩერდა.
ჯერ-ჯერობით ამ ვირუსთან ბრძოლის ეფექტური ანტივირუსული მედიკამენტი არ არსებობს. დაავადებას დაახლოებით 10-20 პროცენტში მძიმე მიმდინარეობა აქვს, ხოლო დაახლოებით 5 პროცენტში – კრიტიკულად მძიმე. ამ უკანასკნელის შემთხვევაში ლეტალური გამოსავალის ალბათობა ძალიან მაღალია. დაავადება ხასიათდება მაღალი გადამდებლობით. ჯერჯერობით დაინფიცირებისგან თავის დაცვის ერთადერთი საშუალება არის დისტანციის დაცვა და პირბადის გამოყენება. ამიტომაც აგერ უკვე წელიწადზე მეტია უჩვეულო გარემოში გვიწევს ცხოვრება და მოღვაწეობა.
ამ მდგომარეობიდან გამოსვლის ერთადერთი საშუალება მოსახლეობის მასიური ვაქცინაციაა. საჭიროა აიცრას მოსახლეობის დაახლოებით 60-70 პროცენტი. მხოლოდ ამ გზით შევაჩერებთ ვირუსის გავრცელებას, შევძლებთ იმას, რომ კვლავ დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს.
– რა შედეგებს გამოიწვევს უნდობლობის ის ხარისხი, რომელიც დღეს გაჩნდა აცრების მიმართ?
– ეს კარგი არ არის, რადგან აცრების გარეშე პანდემიას ვერ შევაჩერებთ. საჭიროა მასიური საინფორმაციო კამპანიის წარმოება, რათა მოსახლეობა დავარწმუნოთ აცრის აუცილებლობაში.
– როგორც პროფესიონალი, რას ეტყვით მკითხველს „ასტრაზენეკას“ შედეგიანობასა და მის გვერდით მოვლენებზე (თუ გიმსჯელიათ სამედიცინო წრეებში და შეგიდარებიათ სხვა ვაქცინებთან?
– „AstraZeneca“ — ბრიტანულ-შვედური მულტინაციონალური ფარმაცევტული და ბიოტექნოლოგიური კომპანიაა, ძალიან ავტორიტეტული. იგი შედის მსოფლიოს უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანიების რიცხვში. მისი პროდუქცია გამოირჩევა მაღალი ეფექტურობით. „AstraZeneca“-ს ვაქცინა აღიარებულია ჯანმოს (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია) მიერ (გავლილი აქვს პრე-კვალიფიკაცია). ასევე ის უკვე რეგისტრირებულია ისეთი მაღალი სანდოობის მქონე მარეგულირებლის მიერ, როგორიცაა EMA (ევროპის წამლის სააგენტო) და სხვ. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ვაქცინა უსაფრთხოა და გამოირჩევა მაღალი ეფექტურობით. რაც შეეხება გვერდით ეფექტებს, იგი არ გამოირჩევა რაიმე განსაკუთრებული(მნიშვნელოვანი) გვერდითი ეფექტებით, სხვა ვაქცინებთან შედარებით.
– რა უნდა იცოდნენ ვაქცინაციის მსურველებმა, რა უნდა უთხრან ექიმს აცრის წინ?
– სადღეისოდ არსებული ვაქცინაციის კაბინეტები კარგად არის აღჭურვილი და მედპერსონალით დაკომპლექტებული. დაცულია უსაფრთხოების პირობები. იქვე არსებობს შესაბამისი აღჭურვილობა, საჭიროების შემთხვევაში გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისთვის. მედპერსონალს გავლილი აქვს სპეციალური ტრენინგი, არსებობს ასევე სპეციალური კითხვარი, რომელიც უნდა შეავსოს ასაცრელმა პირმა (საერთაშორისო რეკომენდაციების მიხედვით), რათა ყველა დეტალი იქნას გათვალისწინებული. აცრიდან გარკვეული პერიოდის განმავლობაში აცრილი პირი იმყოფება (ყოვნდებაა) ვაქცინაციის კაბინეტში და მასზე მიმდინარეობს დაკვირვება, რათა გაკონტროლდეს შესალო გვერდითი ეფექტების გამოვლენის ალბათობა.
მინდა დავარწმუნო ყველა, რომ ვაქცინაცია უსაფრთხოა. კვალიფიციური მედპერსონალი ზრუნავს იმის თაობაზე, რომ ვაქცინაცია ჩატარდეს პაციენტისთვის კომფორტულ გარემოში, მაქსიმალური ზედამხედველობის ქვეშ.
მოამზადა მაია ტორაძემ