აშშ-ში გამოვიდა პროფესორ ვლადიმერ პაპავას მორიგი წიგნი: „ევროპელად გახდომა: საქართველოს გამოწვევები ოცდამეერთე საუკუნეში“. წიგნი ბოლო 15 წლის განმავლობაში გამოცემული ელექტრონული სტატიების კრებულია, რომელიც ეძღვნება პოსტკომუნისტური საქართველოს XXI საუკუნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ პრობლემებს. წიგნს მაღალ შეფასებებს აძლევენ მსოფლიოს ცნობილი ეკონომისტები და პოლიტილოგები: ჯეფრი საქსი (კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი); ფრედერიკ სტარი (ვაშინგტონის და სტოკჰოლმის ცენტრალური აზიის და კავკასიის ერთობლივი ინსტიტუტის დირექტორი); ანდერს ასლუნდი (ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორი); კეის კრეინი (აშშ-ს მეცნიერების და ტექნოლოგიების პოლიტიკის ინსტიტუტის მთავარი მკვლევარი); პოლ გობლი (აშშ-ს მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის პროფესორი); პოლ ჰეა (ედინბურგში ჰერიოტ-ვათ უნივერისტეტის ემერიტუს პროფესორი); სტივენ ჯონსი (მაუნთ ჰოლიოკის კოლეჯის პროფესორი); ნეილ მაკფარლეინი (ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი); თომას საიმონსი (ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარი); ბენ სლეი (გაეროს განვითარების პროგრამის უფროსი ეკონომისტი). წიგნის ნახვა და შეძენა შესაძლებელია ამაზონის პლატფორმაზე.
რა აქცენტებს გამოყოფს წიგნის ავტორი და რა მნიშვნელობისაა ახალი გამოცემა? — გვესაუბრება თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი, აკადემიკოსი ლადო პაპავა:
რამდენადაც ცნობილია, ამერიკაში გამოვიდა თქვენი ახალი წიგნი. ამერიკაში წიგნის გამოცემის მიზანი რა იყო?
ნებისმიერი ავტორისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს — მისი ნააზრევი თუ რამდენად ხელმისაწვდომია მკითხველთა ფართო წრისათვის. ბუნებრივია, რომ ამ მიზნის მიღწევის საუკეთესო გზაა აშშ-ში ინგლისურ ენაზე წიგნის გამოცემა, მით უფრო მაშინ, როცა მისი შეძენა, როგორც ბეჭდური ფორმით, ისე ელექტრონული ვერსიით, თავისუფლად შეიძლება ყველასათვის კარგად ცნობილი ელექტრონული პლატფორმა „ამაზონიდან“. წიგნს აქვს აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკის ნომერი, რაც აშშ-ში გამოცემულ წიგნებს, როგორც წესი, გამოცემის პროცესშივე ენიჭება.
რას ეხება კონკრეტულად სტატიები, რომელიც წიგნშია შესული? რა აქცენტებს გამოყოფთ?
წიგნში თავმოყრილია 2006-2020 წლებში ჩემ მიერ სხვადასხვა ელექტრონულ გამოცემებში (მათ შორის, ცნობილ უცხოურ საიტებზე) განთავსებული სტატიები, რომლებიც ეხება საქართველოს, მისი განვითარების სხვადასხვა მიმართულებებს. სტატიები განლაგებულია ქრონოლოგიურად, რაც მკითხველს გაუადვილებს იმის აღქმას, ამ 15 წლის განმავლობაში რომელ ეტაპზე რომელი თემა იყო ავტორის თვალით დანახული ყველაზე უფრო მწვავე. იმ საკითხების სპექტრი, რომელთაც ეძღვნება სტატიები, საკმაოდ ფართოა. ისინი ეხება საქართველოს ევროპულ არჩევანს, რუსეთ-საქართველოს გამწვავებულ ურთიერთობებს, საქართველოს საერთაშორისო ეკონომიკურ ფუნქციას, ეკონომიკური რეფორმების განხორციელებაში მიღწეულ წარმატებებს და დაშვებულ შეცდომებს, ქვეყნის დემოკრატიული განვითარების სირთულეებს და, რა თქმა უნდა, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისს.
თქვენი ახალი წიგნის გამოცემის მნიშვნელობაზე გვესაუბრეთ...
ინტერესი საქართველოს მიმართ მსოფლიოში საკმაოდ დიდია, რაც, უმთავრესად, განპირობებულია გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური ფაქტორებით. ამიტომ, რაც უფრო მეტი კვალიფიციური გამოცემა გახდება ხელმისაწვდომი საქართველოთი დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისთვის, მით უფრო უკეთ და, რაც მთავარია, სწორად იქნება აღქმული და გააზრებული ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები, პრობლემები და მათი გადაჭრის სირთულეები.
რა გვაკლია — გავხდეთ ევროპელები?
იმისთვის, რომ გავხდეთ ევროპელები, თანაც ისე, რომ შევინარჩუნოთ ქართველობა, ჯერ კიდევ ბევრი გვაკლია. გვაკლია ევროპული ყოფითი კულტურა, გვაკლია ევროპული პოლიტიკური კულტურა, გვაკლია ისეთი მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების უნარი, რაც ევროპულ სტანდარტებს დააკმაყოფილებს და სხვ. წიგნის ბოლო სტატიაში განვითარებულია იდეა, რომ საქართველოს მიზანი არ შეიძლება იყოს ევროკავშირის წევრობა. საქართველოს მიზანი უნდა იყოს ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება, რაც ევროკავშირში გაწევრიანებისათვის განსახორციელებელი რეფორმებითაა შესაძლებელი. ამიტომ, ევროკავშირში გაწევრიანება არის იმის გზა, თუ როგორ უნდა გახდეს საქართველო ევროპული სახელმწიფო.
რა გამოწვევებზე საუბრობთ, როდესაც საქართველოს ევროპული ინტეგრაციის თემას ეხებით?
საქართველო არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. უწინარეს ყოვლისა, ესენია საქართველოში ევროპული ტიპის დემოკრატიის და საბაზრო ეკონომიკის ევროპული მოდელის დამკვიდრება. სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა უსაფრთოების კუთხით, განსაკუთრებით რუსეთთან მიმართებაში, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული. ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის ეკონომიკურ დერეფნად გარდაქმნას. საკმაოდ სერიოზული გამოწვევაა ის, რომ საქართველოს ეკონომიკამ „ტურისტულ ხაფანგს“ დააღწიოს თავი. უმწვავესი პრობლემაა ეროვნული ვალუტის — ლარის სტაბილურობის მიღწევა. დაბოლოს, კორონავირუსის პანდემიის გამკლავებასთან ერთად უდიდესი გამოწვევა სწორი ანტიკრიზისული ეკონომიკური ღონისძიებების გატარებაა.
ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების დადებით და უარყოფით მხარეებზე რამდენად ღიად შეიძლება საუბარი და საინტერესოა უარყოფით მხარედ რას თვლით?
ევროკავშირში გაწევრიანებისთვის გატარებული რეფორმები სულ უფრო და უფრო დაუახლოებს საქართველოს სახელმწიფოს ევროპულ მოდელთან, რაც მეტ დემოკრატიას, ადამიანების უფლებების უკეთ დაცვას, განვითარებულ ეკონომიკას და სხვ. ნიშნავს. ეს, რა თქმა უნდა, დადებითი მხარეა. უარყოფით მხარეს რაც შეეხება, ეს, უწინარეს ყოვლისა, ჩვენი ეროვნულობის ცალკეული მხარეების დაკნინება შეიძლება იყოს. ამის მაგალითად გამოდგება თუნდაც ის, ვითომდა დასავლურობის გამო თუ რამდენი ინგლისურენოვანი ბარბარიზმი შემოგვაქვს ქართულ ენაში, მაშინაც კი, როცა ეს სიტყვები ქართულში არსებობს. ეტყობა ბევრს ჰგონია, რომ რაც უფრო მეტ უცხოურ სიტყვას გამოიყენებს ქართულში, მით უფრო ევროპელად იქნება აღქმული მის გარემოცვაში. ეს დიდი შეცდომაა და მას ყველა ერთობლივი ძალებით უნდა შევეწინააღმდეგოთ!
რა შეფასებებს აძლევენ მსოფლიოს ცნობილი ეკონომისტები და პოლიტოლოგები თქვენს წიგნს. თუ შეიძლება მოკლედ გაგვაცანით მათი შეფასებები...
უცხოელი კოლეგების შეფასებები ჩემთვის, როგორც ავტორისთვის და ჩემი წიგნის მომავლისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ეს შეფასებები თავმოყრილია წიგნში იმ ტრადიციით, რომელიც დამახასიათებელია დასავლეთში გამოცემული წიგნების უმრავლესობისთვის. ასე რომ, დაინტერესებული მკითხველი წიგნთან ერთად ამ შეფასებების გაცნობას თავად შეძლებს.
რამდენად დაინტერესდნენ და ვინ დაინტერესდა თქვენი ახალი წიგნით საქართველოში? ამ კუთხით ხომ არ გაქვთ ნაკლულობის შეგრძნება?
ნაკლულობის არავითარი განცდა ნამდვილად არ მაქვს. ბევრმა გამოხატა უკვე ამ წიგნით დაინტერესება. ზოგმა ის უკვე გამოიწერა კიდეც „ამაზონიდან“. ისიც გასათვალისწინებელია, რომ წიგნის ელექტრონული ვერსია საკმაოდ იაფია და მისი გამოგზავნა ელექტრონული ფოსტით ხდება. ჩემთვის უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რამდენად დაინტერესდება სტუდენტობა ამ წიგნით არა მარტო დღეს, არამედ ერთი, სამი ან, თუნდაც, ხუთი წლის შემდეგ...
ესაუბრა ნინო კაკულია