ნატო ობოლაძე
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გეოგრაფიული და ტურისტულ-რეკრეაციული კვლევა გამოიცა. ეს უკვე საქართველოს მეშვიდე მუნიციპალიტეტის კვლევაა, რომელიც ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორის გიორგი დვალაშვილის ხელმძღვანელობით სტუდენტებმა განახორციელეს.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის კვლევის პროცესში სტუდენტები თამარ ტეფნაძე, გვანცა მიქელაშვილი, ლაშა ქარქუსაშვილი და მარიამ ბაინდურაშვილი მონაწილეობდნენ.
„მკითხველისგან ყველა გამოცემაზე ძალიან დადებითი უკუკავშირი მივიღეთ. ჩვენი კვლევების საფუძველზე არაერთმა ტურისტულმა კომპანიამ ახალი მარშრუტები დაგეგმა. შესაბამისად, შემიძლია ვთქვა, რომ პროექტმა გაამართლა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტებისთვისაც, ისინი უშუალოდ იღებენ საველე კვლევებში მონაწილეობას და უკვე ბაკალავრიატის საფეხურზე ხდებიან წიგნის თანაავტორები“, — აცხადებს გიორგი დვალაშვილი.
წიგნში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ერთი ქალაქი და ტერიტორიული მართვის ორგანოში გაერთიანებული, გეოგრაფიული პირობებით და კულტურული მემკვიდრეობით გამორჩეული 67 სოფელია განხილული.
„ძალზე მიწირია თემატური და ცალკეული მუნიციპალიტეტების შესახებ არსებული ლიტერატურა ამ საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენი ნაშრომის მიზანია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტურისტული რესურსების ბუნებრივი და ისტორიული ღირსშესანიშნაობების გეოგრაფიული შეფასება, რაც, გარკვეულწილად, შეავსებს არსებულ ხარვეზებს, ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების ცნობადობის გაზრდასა და სხვადასხვა სახის ტურისტული მიმართულებების განვითარებას.
წიგნი ილუსტრირებულია მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტის შესაბამისი ფოტოსურათებით, განხილულია სოფლების სახელწოდების წარმოშობის სხვადასხვა ვერსია, ტრადიცია, თქმულება, ლეგენდა, გავრცელებული გვარები, გეოგრაფიული ადგილების (მდინარეები, ტბები, წყალსაცავები, ტურისტული ბილიკები, მთები, ხეობები) დახასიათება, ეკლესია-მონასტრების, ციხე-სიმაგრეებისა და მუზეუმების, როგორც ისტორიული წარსული, აგრეთვე თანამედროვე მდგომარეობა. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს უდიდესი ტურისტული პოტენციალი გააჩნია.
აქ წარმოდგენილია მრავალფეროვანი კულტურული მემკვიდრეობა და ისეთი ბუნებრივი ღირსშესანიშნაობები, რაც მუნიციპალიტეტის მკვიდრთა რეალური პირობაა ამ რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის“, — განმარტავს გიორგი დვალაშვილი.