თამარ დადიანი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობაში დაიბეჭდა წიგნი „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი“, რომელიც თსუ-ის სტუდენტური პროექტის „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობების გეოგრაფიული კვლევის“ ფარგლებში მომზადდა.
წიგნის თანაავტორები არიან თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის, გეომორფოლოგია-კარტოგრაფიის კათედრის ასისტენტ-პროფესორი, გეოგრაფიის დოქტორი გიორგი დვალაშვილი, მაგისტრანტი თამარ ტეფნაძე (პროექტის ხელმძღვანელი) და საბაკალავრო პროგრამა „გეოგრაფიის“ სტუდენტები: გვანცა მიქელაშვილი, ლაშა ქარქუსაშვილი, მარიამ ბაინდურაშვილი.
წიგნში განხილულია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტები, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოში მდებარეობს. მასში დეტალურად დახასიათებულია 1 ქალაქი და მუნიციპალიტეტში არსებული (ტერიტორიული მართვის ორგანოში გაერთიანებული) საინტერესო გეოგრაფიული პირობებით და კულტურული მემკვიდრეობით გამორჩეული 67 სოფელი.
კვლევის მიზნებსა და ამოცანებზე გვესაუბრება წიგნის ერთ-ერთი რედაქტორი, თსუ-ის ასისტენტ-პროფესორი, გეოგრაფიის დოქტორი გიორგი დვალაშვილი:
„ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ 2017, 2018, 2019 წლებში დაფინანსებული სტუდენტური პროექტების „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბუნებრივი ღირსშესანიშნავი ძეგლების გეოეკოლოგიური კვლევის“, „საჩხერის მუნიციპალიტეტის ტურისტული ობიექტების გეოგრაფიული კვლევის“ და „გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტურისტული ობიექტების გეოგრაფიული კვლევის“ წარმატებით განხორციელების შემდეგ, რომლის შედეგად გამოიცა წიგნები: „ჭიათურის მუნიციპალიტეტი“ „საჩხერის მუნიციპალიტეტი“ და „გურჯაანის მუნიციპალიტეტი’, აქტუალური გახდა სხვა მუნიციპალიტეტების კვლევა. ამჯერად შევარჩიეთ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი. მიღებული შედეგების ფონზე ლაგოდეხის მერიაში შევხვდით ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს, სადაც დაიგეგმა ახალი პროექტის — „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობების გეოგრაფიული კვლევის“ — განხორციელება. მუნიციპალიტეტს აქვს დიდი ტურისტული პოტენციალი, რომელიც სრულად ჯერ არ არის ათვისებული.
კვლევის მთავარი მიზანი იყო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში არსებული ბუნებრივი და ისტორიული ღირსშესანიშნავი ძეგლების აღრიცხვა და შეფასება, მათი პრაქტიკული მნიშვნელობის შესწავლა და პოტენციალის გამორკვევა (ტურისტულ-რეკრეაციული, აგრარული, სამკურნალო, სპორტული, კულტურულ-ისტორიული, არქეოლოგიური და სხვ). გარდა ამისა, მნიშვნელოვანი იყო მოსახლეობის სოციალური გამოკითხვა და გაგება იმისა, თუ რა ინფორმაციას ფლობს ადგილობრივი მოსახლეობა მუნიციპალიტეტში არსებული ბუნებრივი და კულტურული ძეგლების შესახებ, მათი დამოკიდებულების და ქმედების შეფასება არსებული უნიკალური რელიეფის ფორმებთან დაკავშირებით.
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის დიდ ინტერესს წარმოადგენდა ტურიზმის განვითარებისა და ვიზიტორების მოზიდვის საკითხი. ამოცანას წარმოადგენდა მათთან თანამშრომლობა და ურთიერთშეთანხმებით შედეგის მიღება. ასევე, პროექტის მიზანი იყო მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეთა და დაინტერსებულ პირთა ჩართვა ბუნების და კულტურული ძეგლების კვლევისა და შეფასების საქმეში, მათთან ერთად ლექცია-მოხსენების ორგანიზება; მოსწავლეთათვის კონკურსის შეთავაზება, მათთვის ყველაზე საინტერესო ტურისტული ობიექტის გამოსავლენად და მსგავსი სხვა აქტივობების დაგეგმვა, აგრეთვე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის შესახებ მოსწავლეთა ვიქტორინის გამართვა.
კვლევის მიზანს წარმოადგენს, ასევე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტურისტული რესურსების (ისტორიული და ბუნებრივი ღირსშესანიშნაობა) გეოგრაფიული შეფასება, რაც, გარკვეულწილად, შეავსებს არსებულ ხარვეზებს, ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების ცნობადობის გაზრდასა და სხვადასხვა სახის ტურისტული მიმართულების განვითარებას.
წიგნის — „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი“ — პრეზენტაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გარდა ქალაქ ლაგოდეხშიც გაიმართა, რომელსაც ლაგოდეხის მერი ჯონდო მდივნიშვილი, საკრებულოს თავჯდომარე კახა ჯამბურია, მერიის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში, საჯარო სკოლის მასწავლებელები და მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკის წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, — აღნიშნა გიორგი დვალაშვილმა.
წიგნი განკუთვნილია როგორც ვიწრო სპეციალისტების, ასევე მკითხველთა ფართო წრისათვის.