შურთხია ბეროშვილი
„კულტურა და ხელოვნება თანამედროვეობის კონტექსტში“ — ამ სახელწოდებით მიმდინარე წლის 23-24 ოქტომბერს ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული მე-5 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნების სასწავლო-სამეცნიერო ცენტრების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, მათ შორის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, ასევე, მოსკოვის, უკრაინის და ბულგარეთის უნივერსიტეტების წარმომადგენლები.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან კონფერენციის მუშაობაში ჩართულები იყვნენ პროფესორები: ნ. გელაშვილი, მ. მშვილდაძე, მ. ფუთურიძე, ნ. ჯაბუა, ნ. სილაგაძე, ასისტენტ-პროფესორი ნ. გელოვანი. საინტერესო იყო ნანა გელაშვილის მოხსენება — „ბუდისტური არქიტექტურის სპეციფიკური მახასიათებლები“, სადაც ყურადღება ფოკუსირებულია ბუდისტური არქიტექტურის ფორმირება-განვითარებაზე, აზიის დიდი სახელმწიფოების შუქზე, წარმოჩენილია მისი ძირითადი მახასიათებლები.
„რამდენადაც ბუდიზმი ინდოეთში ჩაისახა (ძვ. წ. მე-6 ს.), ცხადია, რომ პირველ ბუდისტურ არქიტექტურას სწორედ იქ ჩაეყარა საფუძველი, რომლის დღემდე შემონახული შესანიშნავი ძეგლები ნათლად წარმოაჩენენ რაოდენ მაღალ ხარისხობრივ დონეზე ვითარდებოდა იმხანად არქიტექტურა და ხუროთმოძღვრება. ბუდიზმმა და ბუდისტურმა კულტურამ წარმატებით დაიწყო გავრცელება ინდოეთის საზღვრებს მიღმა, უ. ყ. ჩინეთში, სადაც ბუდიზმმა ახ. წ. პირველ საუკუნეში შეაღწია. მე-3-4 საუკუნეებში ჩინეთის მთელ ტერიტორიაზე პომპეზური, ფერადოვანი ბუდისტური ტაძარ-მონასტრების, მონუმენტური ქანდაკებების და პაგოდების ინტენსიური მშენებლობა გაიშალა, რომლებიც, გარკვეულწილად, განსხვავდებოდნენ მათი ინდური პროტოტიპებისგან. სწორედ ჩინეთში ჩამოყალიბდა და შემდეგ აზიის სხვა ქვეყნებში გავრცელდა ბუდისტური საკულტო ნაგებობების კლასიკური არქიტექტურული სტილი, რომლის მთავარი მახასიათებლები იყო: სწორკუთხოვანი ფერადოვანი ნაგებობები, დახრილი ფორმის სახურავები აპრეხილი კიდეებით, რაც მათ ჰაეროვნებას ანიჭებს (სიმეტრიულობა, გარემომცველ ბუნებასთან ჰარმონიული შერწყმა). მე-4 ს.-ში ბუდიზმმა ჩინეთიდან კორეის ნახევარკუნძულზე შეაღწია, მე-6 ს.-ში — იაპონიაში. ხაზგასასმელია, რომ თავდაპირველად ბუდისტური საკულტო ნაგებობები აზიის სხვადასხვა ქვეყნებში კონტინენტური სტილის ასლებს წარმოადგენდნენ, ძირითადი პარამეტრებით ერთმანეთის იდენტურ კანონიკურ სტილსა და დიზაინს ექვემდებარებიდნენ, თუმცა დროთა ვითარებაში დაიწყო არქიტექტურის ცალკეული დეტალების ტრანსფორმაცია, ადგილობრივ რეალობასთან მისადაგება და კრეატიულად გარდაქმნა, რის საფუძველზეც ის ახალ მახასიათებლებს იძენდა, შესაბამისად, ყველა კონკრეტულ რეგიონში ეროვნული კულტურის ელემენტებით გაჯერება ხდებოდა და ინდივიდუალიზმით გამოირჩეოდა“, — აღნიშნა ნანა გელაშვილმა.
თსუ-ის პროფესორის ნანა გელაშვილის ინფორმაციით, კონფერენციის თემატიკა მეტად ფართო სპექტრით იყო წარმოდგენილი. ამის დასტურია სამუშაო სექციების დიდი რაოდენობა, კერძოდ: კულტურა და კულტურული ტურიზმი, ხელოვნებათმცოდნეობა, მუსიკისმცოდნეობა, თეატრთმცოდნეობა, ქორეოლოგია, სახელოვნებო განათლება, მედია. აღსანიშნავია, რომ კონფერენციის მასალები დაბეჭდილია. ასე რომ, მსურველებს შეუძლიათ გაეცნონ მათთვის საინტერესო მოხსენებებს.