შურთხია ბეროშვილი
29-30 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ვილნიუსის უნივერსიტეტის (ლიეტუვა) და სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის ინიციატივით გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: მეორე ენის სწავლა/სწავლება მულტილინგვური განათლების კონტექსტში. კონფერენციის ორგანიზატორის, თსუ-ის პროფესორის გიული შაბაშვილის ინფორმაციით, კონფერენციის მიზანია განიხილოს და ერთიან კონცეფციად ჩამოაყალიბოს ადგილობრივ და უცხოელ სპეციალისტთა ნააზრევი მეორე ენის სწავლების მიდგომებისა და სტრატეგიების თაობაზე მულტილინგვური განათლების კონტექსტში. ღონისძიებაზე გაშუქდა ისეთი საინტერესო თემები, როგორიც არის: მულტილინგვური განათლების თეორია და პრაქტიკა; ენისა და საგნის ინტეგრირებული სწავლება (CLIL), ენობრივი პოლიტიკის დაგეგმვა და მისი მნიშვნელობა მულტიკულტურული განათლებისა და მეორე ენის სწავლების თვალსაზრისით; მეორე/უცხო ენის სწავლა/სწავლების მეთოდები და სტრატეგიები; ელექტრონული/დისტანციური სწავლების ასპექტები და მულტიმედია მეორე ენის სწავლა/სწავლების კონტექსტში; ინტერკულტურული/მულტიკულტურული განათლების ასპექტები; მრავალფეროვანი კლასის მართვა და ენის სწავლება; ენის სწავლების სოციოკულტურული და პრაგმატული ასპექტები.
წელს კონფერენცია მეოთხედ გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღო 13 ქვეყნის 100-ზე მეტმა მონაწილემ. წელს სიახლეა ის, რომ კონფერენციის ორგანიზებაში აქტიურად ჩაერთო განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, რომელმაც უზრუნველყო სკოლის პრაქტიკოს მასწავლებელთა ჩართვა — საუბარია პედაგოგებზე, რომლებიც მუშაობენ ქართულის, როგორც მეორე ენისა და საგნის ინტეგრირებული სწავლების საკითხებზე.
გიული შაბაშვილის განცხადებით, მულტინგვური განათლების რეფორმა უშუალოდ უკავშირდება სახელმწიფო ენის სწავლების საკითხებს. „ქართული ენის ფლობა დღემდე რჩება სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის არაქართულენოვანი მოსახლეობის უმთავრეს ხელისშემშლელ ფაქტორად სამოქალაქო ინტეგრაციის გზაზე. ჩვენი პარტნიორების — ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, ყველაზე ეფექტური და შედეგიანი გზა მულტილინგვური განათლების რეფორმაა. ვიმედოვნებთ, მსგავსი მასშტაბური ფორუმები ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, უცხოელ კოლეგათა გამოცდილების გაზიარებას და, მეორე მხრივ, ენის სწავლების პროცესში კონკრეტული პრობლემური საკითხების გადაჭრის გზების ძიებას და გამოსავლის პოვნას პრაქტიკოს ლექტორ-მასწავლებელთა შორის“, — განაცხადა გიული შაბაშვილმა.