მაია ტორაძე
წელს 900 წელი შესრულდა საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი გამარჯვებიდან – 1121 წლის 12 აგვისტოს დავით აღმაშენებელმა დიდგორის ველზე „ბრძოლაი საკვირველი“ გამართა თურქ–სელჩუკებთან, რაც დღემდე მიიჩნევა საქართველოს ერთიანობის სიმტკიცის და ქართულ-დასავლეთ ევროპული სამხედრო ურთიერთობის საწყისად. ამ თარიღს მიეძღვნა საერთაშორისო კონფერენცია, რომლის ორგანიზატორიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტი გახლდათ.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს, გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი), „ალექსანდრუ იოან კუზას“ იაშის უნივერსიტეტის, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ვ. ვ. ვინოგრადოვის სახელობის რუსული ენის ინსტიტუტის მკვლევრებმა.
კონფერენციის მონაწილეებმა საინტერესო მოხსენებები წარმოადგინეს.
კონფერენცია საქართველოსა და, ზოგადად, აღმაშენებლის მეფობის დროს მსოფლიოს ისტორიაზე საუბრით გახსნა თსუ–ის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა თედო დუნდუამ. მან ისაუბრა ქართული და ევროპული არმიების სამხედრო კამპანიების შესახებ, ასევე ხაზი გაუსვა თემასთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან მომენტს საქართველოს ისტორიიდან.
* * *
კონფერენციის პირველი სხდომა მიეძღვნა საქართველოს ურთიერთობას გარე სამყაროთან დავით IV აღმაშენებლის დროს და შემდგომ.
საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის ასისტენტ–პროფესორმა ლერი თავაძემ ისაუბრა რამდენიმე დეტალზე დავით აღმაშენებლის ბიოგრაფიიდან. კონკრეტულად კი ყურადღება გაამახვილა დედოფალ ელენეზე – დავით აღმაშენებლის დედაზე, რომელიც, მისი ვარაუდით, კახეთ–ჰერეთის სამეფოს მმართველის – გაგიკ მეფის შვილი იყო. ეს ვარაუდი ეფუძნებოდა რამდენიმე ეპიგრაფიკულ აღმოჩენას.
ემილ ავდალიანმა განაზოგადა XII საუკუნის სავაჭრო გზების ისტორია და ყურადღება გაამახვილა საქართველოს მონაწილეობაზე ამ ქსელში. ამ მოხსენების – „საქართველო და სავაჭრო გზები XII საუკუნის პირველ მეოთხედში“ – დასკვნითი სახით მან აღნიშნა, რომ, რაც უფრო ძლიერი იყო საქართველო, მით უფრო აქტიურად იყო ჩართული ტრანსევრაზიულ სავაჭრო ქსელში.
საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის ასისტენტ–პროფესორმა ნათია ფიფიამ და თსუ-ის დოქტორანტმა ქეთევან ციმინტიამ ისაუბრეს ნადიმზე დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის ეპოქაში. შეაჯამეს ყველა მიზეზი, თუ რატომ შეიძლებოდა გამართულიყო ნადიმი იმ ხანაში და დეტალურად აღწერეს ნადიმის ფორმა ამ ორი ქართველი მეფის მოღვაწეობის დროს.
რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ვ. ვ. ვინოგრადოვის სახელობის რუსული ენის ინსტიტუტის პროფესორმა ზინაიდა ობორნევამ ისაუბრა ბერძენი სასულიერო პირების მონაწილეობაზე რუსეთისა და ქართულ სამეფო-სამთავროთა ურთიერთობაში, 1619-1645 წლებში. მან წარმოადგინა რამდენიმე ახალი დოკუმენტი საქართველო–რუსეთის ურთიერთობაზე.
მირჩა-კრისტიან გენგამ („ალექსანდრუ იოან კუზას“ იაშის უნივერსიტეტი) და იულიან მოგამ („ალექსანდრუ იოან კუზას“ იაშის უნივერსიტეტი) წარადგინეს ნაშრომი ანთიმოზ ივერიელის შესახებ – „ანთიმოზ ივერიელი – მეხსიერება და (რე)პრეზენტაცია თანამედროვე რუმინულ საზოგადოებაში“. მათ განიხილეს თანამედროვე რუმინეთის ყველა ადგილი, სადაც ანთიმოზ ივერიელის ხსოვნა თვალსაჩინოა..
მირჩა პადურარუმ („ალექსანდრუ იოან კუზას“ იაშის უნივერსიტეტი) ისაუბრა სიმართლის და ავთენტურობის შექმნაზე და რუმინული ეთნოლოგიური წარმოდგენების პოლიტიკაზე.
* * *
კონფერენციის მეორე სესია ეხებოდა საქართველოს დავით აღმაშენებლის ეპოქაში. პირველი მოხსენება შეეხებოდა ტაოს საზღვრის ერთ მონაკვეთს, რის შესახებაც საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის ასისტენტ–პროფესორმა ალექსანდრე ბოშიშვილმა ისაუბრა.
აპოლონ თაბუაშვილმა (საქართველოს ისტორიის ინსტიტუტი) და ვლადიმერ კეკელიამ (კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი) წარადგინეს პრეზენტაცია სააღაპე წიგნის მიხედვით ათონის ქართველთა მონასტრის XI-XII საუკუნეების შეწირულობების შესახებ. ქართველი პირების შეწირულობები ხაზს უსვამდა ამ მონასტრების ფინანსურ სიძლიერეს.
ქეთევან ქუთათელაძემ (თსუ) ისაუბრა XI-XII საუკუნეებში სამშვილდისა და დმანისისთვის ქართველებსა და თურქ-სელჩუკებს შორის ბრძოლებზე. მან შეაჯამა მხოლოდ ის ბრძოლები, რომლებიც მნიშვნელოვანი იყო საქართველოსათვის ამ ტერიტორიებზე კონტროლის მოპოვებისთვის.
მამუკა წურწუმიამ (საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო) წარადგინა მოხსენება „წარსულის რეკონსტრუქციის შესახებ სამხედრო ისტორიის მეშვეობით: 1110 წლის სამშვილდის ოპერაცია“. მან დეტალურად აღწერა სამშვილდის ოპერაცია და ყურადღება გაამახვილა ზოგიერთ მომენტზე, რომლებიც სადავოა ქართულ ისტორიოგრაფიაში.
პროფესორმა ჯაბა სამუშიამ (საქართველოს ისტორიის ინსტიტუტი) გამოკვეთა დიდგორის ბრძოლის ლოკალიზაციის პრობლემა და მიმოიხილა ყველა ძირითადი აზრი ამ საკითხის გარშემო საკუთარ მოსაზრებასთან ერტად.
* * *
მესამე სესიის თემა იყო „დავით IV აღმაშენებლის საქართველო და თანამედროვეობა“.
სესიაზე ბონდო კუპატაძემ (თსუ) ისაუბრა დარბაზზე, როგორც ფეოდალური სახელმწიფოს მშენებლობის ინსტრუმენტზე. მან ყურადღება გაამახვილა ტერმინ „დარბაზზე“ და მის წარმომავლობაზე, ასევე დარბაზის განვითარებასა და ტრანსფორმაციაზე.
გიორგი მაჭარაშვილმა (გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) მოხსენებაში – „ბრძოლა ისტორიისათვის“ — თავი მოუყარა მის შეხედულებას თანამედროვე პრობლემების შესახებ საქართველოს ისტორიაში. მან მიმოიხილა: ქართული სკოლის ისტორიის წიგნები; საკითხები, რომლებზეც ყურადღებას ამახვილებენ ქართველი მეცნიერები; საქართველოს ისტორიის მუზეუმები და ა.შ. მისმა პრეზენტაციამ პირველი დებატები წარმოშვა მონაწილეებს შორის.
ნიკოლოზ ჯავახიშვილის (თსუ) პრეზენტაცია შეეხებოდა საქართველოს უდიდესი გვირგვინოსნის რემინისცენციის ისტორიას: „დავით IV აღმაშენებლის ასახვა ქართულ ფალერისტიკურ და ბონისტიკურ მასალაზე“. მან დეტალურად ისაუბრა დავით აღმაშენებლის გამოსახულების გამოყენების ყველა ინიციატივის შესახებ.
მზია ტყავაშვილმა (ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, თსუ) ისაუბრა XIX-XXI საუკუნეების უცხოურ ისტორიოგრაფიაზე დავით აღმაშენებლის ეპოქის „დიდი სტეპის“ შესახებ. მან ყურადღება გაამახვილა რამდენიმე მნიშვნელოვან მომენტზე.
კონფერენციას მაღალი შეფასება მისცა თსუ-ის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა თედო დუნდუამ. მისი თქმით, ბევრი სიახლე, რაც წარმოდგენილ მოხსენებებში დაფიქსირდა, უცხოელ კოლეგათა ჩართულობა კონფერენციის მუშაობაში და ახალგაზრდა სპეციალისტთა განსაკუთრებული აქტივობა მიუთითებდა იმაზე, რომ აღნიშნული კონფერენცია შედგა. აქვე მან ისაუბრა საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის მიერ დაგეგმილ მომავალ სამეცნიერო ფორუმებზე.