2020 წლის 14-15 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა მეექვსე საერთაშორისო კონფერენცია „ქართულ-ოსურ ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები“. კონფერენცია მიეძღვნა ცნობილ ქართველ საზოგადო მოღვაწეს, მწერალს დანიელ ჭონქაძესა და ცნობილ ოს საზოგადო მოღვაწეს ვასილ ცორაევს. კონფერენციის ორგანიზატორი იყო თსუ-ის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი.
კონფერენციაში მონაწილეობდა 100-ზე მეტი მეცნიერი საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან და კვლევითი ცენტრიდან, ასევე, უცხოეთის უნივერსიტეტებიდან და კვლევითი ცენტრებიდან. საგანგებოდ უნდა აღინიშნოს კონფერენციის მონაწილეთა რაოდენობის თაობაზე სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებიდან: ჩრდილოეთ ოსეთიდან, დაღესტნიდან, ჩეჩნეთიდან, ინგუშეთიდან, ადიღენიდან, ყაზახეთიდან და სხვა, ასევე, ევროპის უნივერსიტეტებიდან და კვლევითი ცენტრებიდან.
ქართულ-ოსურ ურთიერთობებში სამეცნიერო კონფერენციის გამართვა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უკვე ტრადიციად იქცა და წელს მეექვსედ გაიმართა. ყოველ წელს კონფერენცია ეძღვნება ქართულ-ოსურ ურთიერთობათა მნიშვნელოვან საკითხებსა და თემებს, საზოგადო მოღვაწეებს, ისტორიულ თარიღებს და სხვა. კონფერენცია ტრადიციულად, ოქტომბრის მეორე ნახევარში იმართება და უკავშირდება 15 ოქტომბერს — ოსი საზოგადო მოღვაწის კოსტა ხეთაგუროვის დაბადების დღეს.
კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით წელს კონფერენცია ონლაინფორმატში ჩატარდა. მიუხედავად შეცვლილი ფორმატისა, კონფერენციამ ნაყოფიერად იმუშავა. წარმოდგენილი იყო სექციები: ისტორია, ეთნოგრაფია, ენათმეცნიერება, ლიტერატურათმცოდნეობა, კულტურა, ფილოსოფია და სხვა. კონფერენციაზე მუშაობდა მრგვალი მაგიდა ახალგაზრდა მეცნიერებისათვის.
კონფერენცია გახსნა თსუ-ის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ. რექტორმა მისალმებაში აღნიშნა, რომ ამ სამეცნიერო ფორუმს დიდი მნიშვნელობა აქვს ქართულ-ოსურ ურთიერთობებში. სიტყვით გამომსვლელებმა — შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარემ გია ალიგბეგაშვილმა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საერთაშორისო პროგრამების სამმართველოს უფროსმა ირინე საგანელიძემ, გორის უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი სოსიაშვილმა, თსუ-ის უნივერსიტეტის პროფესორებმა თინათინ ბოლქვაძემ, მარიკა ჯიქიამ, გიორგი ანჩაბაძემ და მოწვეულმა სტუმრებმა — ტ. კორნაევამ (ვლადიკავკაზი), ს. კოვალსკაიამ (ყაზახეთი), კუიოკ ასფარმა (ადიღე), ვ. სპრინფილდმა (იტალია) და სხვებმა ისაუბრეს იმ დიდ წვლილზე, რომელიც შეაქვს ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევით ცენტრს.
კონფერენციის პლენარულ სხდომაზე საგანგებოდ აღინიშნა დანიელ ჭონქაძისა და ვასილ ცორაევის წვლილი ოსური ფოკლორის შეგროვებასა და ოსურ ენაზე ზრუნვის საკითხებში.
„სიმბოლურია, რომ ჩვენ საგანგებოდ ვუძღვნით კონფერენციებს ქართველსა და ოს მოღვაწეებს. სხვადასხვა დროს კონფერენცია მივუძღვენით მიხეილ ყიფიანსა და კოსტა ხეთაგუროვს, გიორგი ახვლედიანსა და ვასილ აბაევს. ეს კონფერენციები თავისებური გაგრძელებაა იმ დიდი ტრადიციისა, სამეცნიერო საქმიანობისა და ურთიერთობებისა, რომელსაც უნივერსიტეტის დაფუძნებისთანავე საფუძველი ჩაუყარა დიდმა ივანე ჯავახიშვილმა. ამჟამად კონფერენციას ვუძღვნით ცნობილ ქართველ მწერალსა და საზოგადო მოღვაწეს დანიელ ჭონქაძესა (1830-1860) და ოს მწიგნობარს ვასილ ცორაევს (1927-1884). მათ შეკრიბეს ოსური ფოლკლორული საგანძურიდან ნართების თქმულებები, ოსური ანდაზები და სხვა, რომელიც 1868 წელს აკადემიკოსმა ალექსანდრე შიფნერმა გამოსცა („ოსური ტექსტები, შეკრებილი დანიელ ჭონქაძისა და ვასილ ცორაევის მიერ“). დანიელ ჭონქაძე და ვასილ ცორაევი წლების განმავლობაში ასწავლიდნენ ოსურ ენას თბილისის სასულიერო სემინარიაში, მნიშვნელოვანია, რომ მათ მრავალი სასულიერო წიგნი თარგმნეს ქართულიდან ოსურ ენაზე. ისინი არა მარტო თანამშრომლობდნენ, მეგობრობდნენ კიდეც. აღსანიშნავია, რომ ჩვენი კონფერენციის მონაწილეთა სამეცნიერო მოხსენებებსა და მათ გამოსვლებში მეგობრული, მშვიდობიანი და კეთილგანწყობილი სულისკვეთება იკვეთებოდა, რაც მომავალი ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელების საწინდარია“, — აღნიშნა თსუ-ის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა ნაირა ბეპიევმა.
უაღრესად საინტერესო მოხსენებები წარმოადგინეს საქართველოსა და მისი რეგიონების პროფესორ-მასწავლებლებმა, სხვა რესპუბლიკებიდან მონაწილე სტუმრებმა. მაჩერატას უნივერსიტეტის პროფესორმა ვიტორიო სპრინგფელდ ტომელერიმ წარმოადგინა მოხსენება: „გაპო ბაევის არქივიდან. მისი მიმოწერა გ. ახვლედიანთან“, რომელშიც ბევრი ახალი და საინტერესო ცნობაა დაცული ქართულ-ოსური სამეცნიერო ურთიერთობის ისტორიიდან.
საგანგებოდ უნდა აღინიშნოს ქართველი და ოსი მეცნიერების ძალზე საინტერესო მოხსენებები, რომლებიც ეხებოდა დანიელ ჭონქაძისა და ვასილ ცორაევის მოღვაწეობის ასპექტებს, ოსურ, ქართულ და კავკასიურ ფოლკლორს, ცალკეულ ისტორიულ, ლიტერატურულ საკითხებს და სხვა.
კონფერენციის მუშაობა უკვე შეფასდა სხვადასხვა უნივერსიტეტისა და კვლევითი ცენტრის მიერ. ყაზახეთის ლ. ნ. გუმილიოვის უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა საინტერესო ინფორმაცია თსუ-ის მეექვსე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შესახებ (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ს. კოვალსკაია). კონფერენციის მასალები 2020 წლის ბოლომდე გამოქვეყნდება თსუ-ის გამომცემლობის მიერ. მომავალ წელს დაგეგმილია მე-7 საერთაშორისო კონფერენციის ჩატარება.