თამარ დადიანი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ-ის ქართულ დიასპორათა კვლევის ცენტრის ორგანიზებით და საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პატრონაჟით ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია — „ქართული დიასპორა: წარსული და თანამედროვეობა“ — ჩატარდა. კონფერენციის ორგანიზატორები არიან, ასევე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, სტამბოლის ქართული ხელოვნების სახლი.
კონფერენცია მიეძღვნა თურქეთში მცხოვრები ქართველი ეროვნული მოღვაწის, ახმეთ მელაშვილის ხსოვნას. კონფერენციაში მონაწილეობდნენ მეცნიერები საქართველოსა და თურქეთის 20-ზე მეტი უმაღლესი სასწავლებლიდან და სამეცნიერო კვლევითი ცენტრიდან.
კონფერენციას ესწრებოდნენ: აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, აგრეთვე, თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლები, პროფესორები და სტუდენტები. კონფერენციის ორგანიზატორი გახლდათ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პატრონაჟით თსუ-ში დაფუძნებული ქართულ დიასპორათა კვლევის ცენტრი.
კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები ეხებოდა ახმეთ მელაშვილის ღვაწლს, თურქეთის ქართველთა ყოფისა და კულტურის საკითხებს, თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ ქართულ ისტორიულ ძეგლთა კვლევას, ქართულ-თურქულ კულტურულ ურთიერთობებს, ქართული ენის სწავლების პრობლემებს დიასპორებში და თურქეთის უმაღლეს სასწავლებლებში, აგრეთვე, ფერეიდნელ და ჰერ ქართველთა ისტორიისა და კულტურის საკითხებს.
კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა დიასპორის საკითხებში პიერ ალექსანდრო კრედომ, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, საქართველოს საპატრიარქოს დიასპორასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ჯაბა სამუშიამ და სხვებმა.
კონფერენციის მუშაობასა და თსუ-ის ქართულ დიასპორათა კვლევის სამეცნიერო ცენტრის საქმიანობის შესახებ გვესაუბრება ამავე ცენტრის წარმომადგენელი, თსუ-ის ასოცირებული პროფესორი როზეტა გუჯეჯიანი.
— რა საკითხებზე მუშაობს და რა მიდგომებს იყენებს ცენტრი საქმიანობის წარმატებით განხორციელებისათვის?
— თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე შეიქმნა ქართულ დიასპორათა კვლევის სამეცნიერო ცენტრი. ამ ცენტრის ეგიდით წელს ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია: „ქართული დიასპორა — წარსული და თანამედროვეობა“. კონფერენცია თურქეთელი ქართველი მოღვაწის ახმეთ მელაშვილის ხსოვნას მიეძღვნა.
ქართულ დიასპორათა კვლევის სამეცნიერო ცენტრი მიზნად ისახავს ქართულ ისტორიულ დიასპორათა სამეცნიერო კვლევას. საკვლევ არეალად მოიაზრება როგორც ქართველთა ისტორიული საცხოვრისი ტაო-კლარჯეთში, ასევე ქართველთა კომპაქტური განსახლებები თურქეთის შავი ზღვისა და მარმარილოს ზღვის რეგიონებში, ჰერ ქართველთა ყოფა (აზერბაიჯანი) და ფერეიდნელ და მაზანდარანელ ქართველთა ყოფა ირანის ისლამურ რესპუბლიკაში, აგრეთვე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდგომ წარმოქმნილი ქართული დიასპორა ევროპასა და ამერიკაში. ამასთანავე, ყურადღება გამახვილდება თანამედროვე შრომით მიგრანტთა ყოფისა და პრობლემების საკითხებზეც. ბუნებრივია, რომ ცენტრი შემოიკრებს დიასპორათა კვლევით დაინტერესებულ ყველა მეცნიერს, როგორც საქართველოს უნივერსიტეტებიდან და სამეცნიერო ცენტრებიდან, ასევე უცხოეთიდანაც. ვითანამშრომლებთ დიასპორათა სამეცნიერო კვლევის სფეროში მომუშავე ყველა სახელმწიფო ინსტიტუციასთან.
— რამდენად დიდი იყო ინტერესი თურქი მეცნიერების მხრიდან — მონაწილეობა მიეღოთ კონფერენციის მუშაობაში?
— თურქეთში, ბურსის რეგიონის ქალაქ ინეგოლში, რომელსაც უკავშირდება ახმეთ მელაშვილის ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ეტაპები, შარშან დაგეგმილი იყო მასშტაბური ღონისძიებები, მაგრამ პანდემიის გამო ვერ ჩატარდა. ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ჩვენი უნივერსიტეტის აქტივობას ამ მიმართულებით. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ მეცნიერები 20-ზე მეტი უნივერსიტეტიდან და კვლევითი ინსტიტუტიდან. აღსანიშნავია, რომ მოხსენებები წარმოადგინეს თურქეთის 6 უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა. მნიშვნელოვანი იყო ის გარემოებაც, რომ კონფერენციას მიესალმნენ დიპლომატიური მისიებიც: თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს და საქართველოში თურქეთის საელჩოს წარმომადგენლები, აგრეთვე თურქეთის ქართული საზოგადოებების რამდენიმე ხელმძღვანელი, მათ შორის, ახმეთ მელაშვილის ვაჟი იბერია მელაშვილი.
კონფერენციის პირველ დღეს შედგა საზეიმო გახსნა და პლენარული სხდომა, ხოლო მეორე დღეს „ონლაინ“ ფორმატით იმუშავა ოთხმა სექციამ. თსუ-ის მუზეუმმა და საჯარო ბიბლიოთეკამ ახმეთ მელაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი გამოფენა მოამზადეს, რომელიც ერთი კვირა გაგრძელდა.
— როგორ ფიქრობთ, ასეთი მასშტაბურობა კონფერენციის თემის აქტუალობამ განაპირობა? რა იყო კონფერენციის ჩატარების მიზანი?
— დიახ, ეს იყო სწორედ იმ დიდი ინტერესის შედეგი, რაც არსებობს დიასპორათა კვლევის მიმართულებით და, აგრეთვე, გამოვლენა ახმეთ მელაშვილისადმი პატივისცემისა და მადლიერებისა. სამწუხაროდ, არაერთმა ამაგდარმა მეცნიერმა ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ შეძლო კონფერენციაში მონაწილეობის მიღება. აღსანიშნავია, რომ დიდი იყო ინტერესი სამეცნიერო და ფართო საზოგადოების მხრიდანაც, ყოველ სესიას „ზუმის“ ფორმატში ესწრებოდა ათეულობით მსმენელი.
— უკანასკნელი მონაცემების მიხედვით, თურქეთი საქართველოსთვის საიმიგრაციო ქვეყნების პირველ სამეულში შედის. დადგენილია, რომ თურქეთში, დაახლოებით, 2.5 მილიონი ეთნიკური ქართველი ცხოვრობს. მათი უმეტესობა კი ისტორიულ დიასპორას ეკუთვნის. რა ძირითადი მახასიათებელები აქვს საქართველოდან თურქეთში მიგრაციას?
— დიახ, გარდა მკვიდრი, ავტოქტონი ქართველებისა, რომლებიც თავიანთ ისტორიულ მიწა-წყალზე სახლობენ (ისტორიული ტაო-კლარჯეთი), ქართველთა დიდი კომპაქტური დასახლებებია თურქეთის უმსხვილეს სხვა რეგიონებშიც: მარმარილოს ზღვისა და შავიზღვისპირეთის მხარეებში. აქ ქართული სოფლები გაჩნდა მეცხრამეტე სუკუნის მიწურულს, ე.წ. მუჰაჯირობის შედეგად. ქართველთა უმნიშვნელოვანეს კერას ქმნიდა სტამბოლის ქართველ კათოლიკეთა სავანეც.
ჩვენს დროში კი მიგრაციის ახალი ტალღა გაჩნდა: მრავალი შრომითი მიგრანტია თურქეთში წასული. ბუნებრივია, რომ მათთანაც გვაქვს კავშირი და ვიკვლევთ პრობლემებს. სტამბოლის ქართული ხელოვნების სახლისა და სტამბოლის ქართული კულტურის ცენტრის მხარდაჭერით, ჩვენი ცენტრის წევრებმა უკვე ჩაატარეს რამდენიმე ღონისძიება შრომით მიგრანტებთან სტამბოლში. მიგრანტებს აქვთ როგორც ყოფითი პრობლემები, ასევე დიდია საფრთხე, რომ მათმა შვილებმა დაკარგონ დედაენა. ამიტომ ამ მიმართულებითაც ვგეგმავთ გარკვეული ნაბიჯების გადადგმას.
— რამდენად მნიშვნელოვანია დიასპორული ორგანიზაციის წარმომადგენლების მხარდაჭერა ქართული სამეცნიერო სექტორის მხრიდან, მათი საჭიროებების და პრობლემების გაზიარება და ამ მიზნით საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების ორგანიზება, მხარეთა შეხვედრების და გამოცდილების გაზიარება?
— ცხადია, რომ აუცილებელია პრობლემების მეცნიერული კვლევა, რათა მომზადდეს დასკვნები და რეკომენდაციები. მე თვითონ ვარ მჭიდრო კავშირში არაერთ დიასპორულ ორგანიზაციასთან, ვისთანაც უწყვეტი კონტაქტი გვაქვს. ვმონაწილეობთ მათ მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში. პანდემიის შემდეგ იგეგმება უფრო მასშტაბური შეხვედრები, მათ შორის, სამეცნიერო ფორუმები და პრაქტიკული სემინარებიც.
— რა განწყობები არსებობს ქართული დიასპორისადმი თურქეთში, რამდენად ორგანიზებულია ქართული დიასპორა იქ და რა გავლენა აქვს მათზე საქართველოში მიმდინარე პროცესებს?
— თურქეთის ქართული დიასპორა მრავალრიცხოვანია და მრავალფეროვანია. მოქმედებს რამდენიმე ძლიერი სათვისტომო — საზოგადოება/ასოციაცია/ცენტრი ქალაქ სტამბოლში, ბურსაში (ბურსა, ინეგოლი, ნიკეა, ბოღაზქოი...), ქოჯაელიში, საქარიაში, დუზჯეში, სამსუნში, ამასიაში, უნიეში, ორდუში, გირესუნში... მათ ხელმძღვანელებს აქვთ მჭიდრო კავშირი ერთმანეთთან დ შეთანხმებულად აწყობენ ღონისძიებებს, მაგალითად: 26 მაისისადმი მიძღვნილ „ქართულ ზეიმს“, დედაენისადმი მიძღვნილ სამეცნიერო-პოპულარულ კონფერენციებს, სხვადასხვა ზეიმს: „მარიობას“, „ქადის ფესტივასლს“ და სხვა... საყურადღებოა, რომ დიასპორის წარმომადგენლები ეხმარებიან საქართველოდან წასულ შრომით მიგრანტებს და ძნელბედობის დროს გამოხატავენ აქტიურ მხარდაჭერას საქართველოსადმი.
— ინტერესდება თუ არა თურქეთის ქართული დიასპორა საქართველოში მიმდინარე მოვლენებით და როგორ აფასებს დიასპორა საქართველოში მიმდინარე პროცესებს?
— ცხადია, ინტერესდება... მათი აქტიური ნაწილის გულისყური მუდამ მოპყრობილია ისტორიული სამშობლოსაკენ.
— შეუძლია თუ არა ქართულ დიასპორას მნიშვნელოვანი როლის თამაში საერთაშორისო არენაზე თავისი იტორიული სამშობლოს ინტერესების გასატარებლად?
— ამ მხრივ ბევრია სამუშაო და მეტი მობილიზებაა საჭირო სხვადასხვა ქვეყნის ქართული დიასპორული ორგანიზაციებისა. ძლიერი დიასპორა დიდი ძალაა ყველა ქვეყნისათვის.
— როგორც ჩვენთვის ცნობილია, სტამბოლში არსებული დიასპორული ორგანიზაციები ქართული ენის შესწავლას სასიცოცხლო მნიშვნელობას ანიჭებენ თურქეთში მცხოვრებ მიგრანტებსა და საქართველოს შორის კავშირის გაძლიერების მიზნით. რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო კონფერენციის როლი ქართული ენის შესწავლისადმი ეფექტური მიდგომის შემუშავებასა და პრაქტიკაში დანერგვის მიმართულებით?
— მაგალითად, აპრილის თვეში სტამბოლში, ინეგოლში უკვე რეგულარულად ტარდება დედაენისადმი მიძღვნილი კონფერენციები და პირადად მე თითქმის ყველა ამგვარი კონფერნციის მონაწილე ვარ. რამდენიმე ადგილას დედაენის შემსწავლელი კურსები გვაქვს, სადაც სხვადასხვა ასაკისა და სოციალური ჯგუფის ეთნიკური ქართველების წარმომადგენლები დედაენას სწავლობენ. კარგი ფაქტია, რომ ისტორიულ ნიგალის ხეობაში, კერძოდ კი მურღულში, უკვე მეხუთე წელია საჯარო სკოლაში ისწავლება ქართული. ჩვენს კონფერენციას ჰქონდა ერთი სესია, რომელიც სწორედ რომ დიასპორებში ქართული ენის სწავლების თემატიკას მიეძღვნა, გამოითქვა საყურადღებო რეკომენდაციები, გამოიკვეთა საერთო პრობლემები. ამ მიმართულებით აქტიურად ვიმუშავებთ განათლების სამინისტროსთან კოორდინირებით.
— ხშირად ქართული სათვისტომოები ეკლესიასთან იყრიან თავს და ეკლესიასთან ახლოს ხდება ქართული კულტურის სხვადასხვა წრისა და სკოლის შექმნა. რამდენად მნიშვნელოვანია ქართული ეკლესიის როლი ქართული დიასპორის გაძლიერების საქმეში?
— უმნიშვნელოვანესია ეკლესიის როლი ქართველთა თავმოყრისა და ეთნიკური იდენტობის შენარჩუნების საქმეში. ვხედავთ, რომ ევროპის ქართული ემიგრაციის დიდი ნაწილი სწორედ ეკლესიის გარშემოა შემოკრებილი. იქ იმართება საერო ღონისძიებებიც და ეს ყველაფერი აძლიერებს ეთნიკურობის განცდას და კავშირს მშობლიურ კულტურასთან. სწორედ ამიტომ, ჩვენი ცენტრი აპირებს მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოს საპატრიარქოს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტთან, რომლის ხელმძღვანელია მამა ანდრია ჯაღმაიძე. ის ესწრებოდა კონფერენციას და გამოიკვეთა შემდგომი ერთობლივი მუშაობის მიმართულებებიც. ერთი საგულისხმო მომენტიც: ეკლესიასთან თავს იყრიან სხვადასხვა რელიგიის მიმდევარნიც, ათეისტებიც, რადგან ამ შემთხვევაში ეკლესია განიხილება არა მხოლოდ როგორც რელიგიური ცენტრი, არამედ როგორც ქართული კულტურის კერაც. მაგალითად, დავსწრებივარ სტამბოლში ქართულ კათოლიკურ სავანეში კათოლიკურ წირვას, სადაც კათოლიკეებთან ერთად ვიყავით ჩვენც — სპეციალურად ჩასული მართლმადიდებელნიც და სტამბოლელი მუსლიმი ქართველებიც, რათა გვეჩვენებინა ჩვენი ერთიანობა. მუსლიმმა ქართველებმა შეასრულეს ქართული მართლმადიდებლური საგალობლებიც კი, რომლებიც შეისწავლეს სტამბოლის ქართული ხელოვნების სახლში ბატონ იბერია მელაშვილთან. ეს დღე ერთ-ერთი უბედნიერესი მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში.
— რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს საზოგადოებრიობის დაინტერესება მეზობელ თურქეთის სახელმწიფოში ქართული, აფხაზური და ლაზური თვითმყოფადი კულტურისადმი?
— ჩვენს საზოგადოებაში მუდამაა ეს ინტერესი, თუმცა საჭიროა ობიექტური და რეალური ინფორმაციის უფრო ფართოდ გავრცელება. ეს შედეგი კი მოჰყვება მეცნიერულ კვლევას. ამიტომაცაა აუცილებელი სამეცნიერო ექსპედიციების მოწყობა და მოპოვებული მასალის ობიექტური ანალიზი.
— შეუწყო თუ არა კონფერენციამ ხელი ქართულ-თურქული ურთიერთობების გაუმჯობესებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას, ქართული დიასპორის საქმიანობის გაძლიერებასა და პოპულარიზაციას?
— კონფერენციას და დიასპორათა კვლევის სამეცნიერო ცენტრის ჩამოყალიბებას უკვე მოჰყვა დადებითი გამოხმაურება, პირადად მივიღე 30-მდე დიასპორული ორგანიზაციისაგან მილოცვა. სიხარული გამოიხატა სოციალური ქსელითაც და მასმედიითაც. თურქეთი ჩვენი მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორია და ღიად ვიტყვი: 2006 წლიდან ვიკვლევ თურქეთის ქართველთა, სომეხთა, ქრისტიან არაბთა ყოფას, როგორც ეთნოლოგი და თურქეთის ადმინისტრაციის მხრიდან მუდამ მხარდაჭერას და თანადგომას ვხედავ. ეს კი, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია. ცხადია, რომ ჩვენ, მეცნიერები, შევეცდებით კულტურული და საგანმანათლებლო პროექტები ერთობლივად დავგეგმოთ. გვაქვს მჭიდრო კომუნიკაცია თურქეთის რამდენიმე უნივერსიტეტთან, სადაც ქართული ენისა და ლიტერატურის განყოფილებებია, ან სადაც იკვლევენ კავკასიის ისტორიას, ეთნოგრაფიას. ამიტომ ვგეგმავთ სხვადასხვა ერთობლივ სამეცნიერო სემინარსა და კონფერენციას. ბუნებრივია, რომ ჩვენი ყოველი აქტივობის მიზანი მეცნიერულთან ერთად პრაქტიკულიცაა, მიმართულია დიასპორელ ქართველთა ეთნიკური იდენტობის გადარჩენისა და განვითარებისაკენ.