თამარ დადიანი
თანამედროვე ბერძნული პოეზიის ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლისა და მსოფლიო მასშტაბის ავტორის, კონსტანტინოს კავაფისის პოეტური შემოქმედების სრული კრიტიკული გამოცემის — „გულის ეპოსი“-ს პრეზენტაცია გაიმართა 17 აპრილს მწერალთა სახლში. ორენოვანი კრებული მწერალთა სახლისა და თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის მხარდაჭერით გამოიცა, რომელიც ორი ტომისგან შედგება და თავს უყრის ყველა იმ პოეტისა და მთარგმნელის ნაშრომს, რომლებსაც კავაფისის პოეზიაზე აქამდე უმუშავიათ და ახლაც განაგრძობენ მუშაობას.
ბერძენი პოეტი, ჟურნალისტი და სამოქალაქო მოღვაწე კონსტანტინოს კავაფისი (1863 — 1933) ცნობილია პოეტურობის განსაკუთრებული მანერით, სტილითა და ინდივიდუალიზმით, რითაც განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრა როგორც ბერძნულ, ისე — დასავლურ ლიტერატურაში.
კავაფისის პოეტური მემკვიდრეობა დიდი მოცულობით არ გამოირჩევა. წინამდებარე ორტომეული – „გულის ეპოსი“ – კონსტანტინოს კავაფისის სრული პოეტური კრებულია. აქ თავმოყრილია როგორც აღიარებული, ისე გამოუქვეყნებელი, დაუსრულებელი, უარყოფილი, პროზაული და უცხოენოვანი ლექსები, რომლებიც მთლიანობაში 300-ს არ აღემატება.
პრეზენტაციაზე ორტომეულის შემდგენელმა მაია კაკაშვილმა კრებულის გამოსაცემად გაწეული წვლილისათვის მადლობა გადაუხადა ქართული ელინოლოგიის მამამთავარს, პროფესორ რისმაგ გორდეზიანს, ასევე, თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელს თინა დოლიძეს, სერია „ახალი ბერძნული ბიბლიოთეკის“ მთავარ რედაქტორს სოფიო შამანიდს, საბერძნეთის აჯანყების 200 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებების ორგანიზატორს მეკა აბულაშვილს, ორტომეულის რედაქტორებს: როსტომ ჩხეიძეს და ქართველ კავაფოლოგს თეა გამრეკელს, მთარგმნელებსა და პოეტებს: მარიამ წიკლაურს, თათია მთვარელიძეს, ანდრო ბარნოვს და სხვებს. განსაკუთრებული მადლობა მაია კაკაშვილმა მწერალთა სახლს გადაუხადა ფინანსური მხარდაჭერისთვის.
მისალმების შემდეგ მაია კაკაშვილმა მსმენელებს ბერძენი პოეტის შემოქმედებაზე ესაუბრა, მისი პოეზიის მკვლევრების შეფასებებსა და შეხედულებებზე. როგორც მან აღნიშნა, მკვლევრები კავაფისის შემოქმედებას ეტაპებად ყოფენ: რომანტიზმის ხანა (1884–1894), სიმბოლიზმის ხანა (1899 წლიდან) და პოეტური რეალიზმის ხანა. ამ პერიოდისთვის პოეტს უკვე აღმოჩენილი აქვს საკუთარი სტილი.
კრებულის შემდგენელმა კავაფისის პოეზიის ღრმა კვლევის შედეგებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ „ეს პოეტური შედევრები საგულდაგულოდ შერჩეული პრინციპების მიხედვით იქმნებოდა. ალექსანდრიელი პოეტის ლექსებში გამოვლენილმა კომპოზიციური ორგანიზაციის პრინციპებმა შუქი მოფინა მისი ნაწარმოებების პოეტურ სტრუქტურას და კიდევ ერთხელ დაადასტურა კავაფისის სტილის ორიგინალობა და თვითმყოფადობა“.
პრეზენტაციაზე პროფესორმა რისმაგ გორდეზიანმა დიდი მადლობა გადაუხადა კრებულის შემდგენლებს, მთარგმნელებსა და მწერალთა სახლს ბერძნული პოეზიის პოპულარიზაციისათვის. კრებულის მეორე რედაქტორმა თეა გამრეკელმა კრებულზე მუშაობის პროცესზე ისაუბრა და მსმენელებს საკუთარი თვალით დანახული კონსტანტინოს კავაფისის პოეტური სამყარო გააცნო.
კრებულს წამძღვარებული აქვს ორტომეულის ერთ-ერთი რედაქტორის, მწერლის და მეცნიერის როსტომ ჩხეიძის წინათქმა კონსტანტინოს კავაფისის პოეტურ მემკვიდრეობაზე — „მომხიბლავ, მომნუსხველ, ექსპრესიით აღვსილ მხატვრულ სამყაროზე, რომელმაც გზაბილიკი გაჭრა არა მარტო ბერძნულ ენობრივ სივრცეში, არამედ დასავლური ლიტერატურის მდინარებაშიც“, -ასე აფასებს რედაქტორი ბერძენი ავტორის შემოქმედებას. მან ვრცლად და საინტერესოდ ისაუბრა პოეტის ცხოვრებაზე, მისი პოეზიის კვლევის შედეგად აღმოჩენილ ლიტერატურულ ფასეულობებსა და ღირებულებებზე.
კონსტანტინოს კავაფისის შემოქმედებაზე აგრეთვე საინტერესოდ ისაუბრეს და მსმენელებს ახალი თარგმანები გააცნეს მისი პოეზიის მთარგმნელებმა: მარიამ წიკლაურმა და თათია მთვარელიძემ.
ღონისძიების დასასრულს კი თსუ-ის სტუდენტებმა: ქეთი სეფიაშვილმა, გვანცა ბარამიძემ და თეონა ხვიჩიამ კავაფისის ლექსები წაიკითხეს ბერძნულად იზა ორჯონიკიძისა და ანდრო ბარნოვის თარგმანებთან ერთად.
აქვე აღვნიშნავთ, რომ კრებულის გამოცემა განხორციელდა საბერძნეთის აჯანყების 200 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში.