ნატო ობოლაძე
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის პედიატრიის დეპარტამენტის დოქტორანტმა, კლინიკა „პინეოს“ ნეონატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მაკა ჭიღლაძემ, თსუ-ის მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხი მოიპოვა. ნაშრომი — „ნეონატალური ადაპტაციის კლინიკური, პროანთებითი და იმუნოლოგიური მახასიათებლები ნაყოფის ზრდის შეფერხების მქონე ახალშობილებში“ — თანამედროვე მეანობისა და პერინატოლოგიის ერთ-ერთი რთული პრობლემის — ნაყოფის ზრდის შეფერხების კვლევას მოიცავს. კვლევის სამეცნიერო ხელმძღვანელი პროფესორი რუსუდან ქარსელაძეა. ნაყოფის ზრდის შეფერხება მცირე ზომის ჩვილებისგან განსხვავებული მდგომარეობაა, ამ სინდრომის შემთხვევაში ნაყოფი ვერ აღწევს გენეტიკურად განსაზღვრულ პოტენციურ ზომას და განაპირობებს ორსულობის, მშობიარობისა და პოსტნატალური პერიოდის პათოლოგიურ მიმდინარეობას. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ნაყოფის ზრდის შეფერხების გავრცელება აზიაში 31.1 %-ს, ამერიკაში — 10-15%-ს, რუსეთში — 2,7%-ს შეადგენს. პათოლოგია მზარდი ტენდენციით გამოირჩევა და შესაბამისად სამედიცინო სამეცნიერო წრეებში აქტუალურ კვლევით მიმართულებად მიიჩნევა.
„ექიმ მაკა ჭიღლაძის სადოქტორო ნაშრომი — „ნეონატალური ადაპტაციის კლინიკური, პროანთებითი და იმუნოლოგიური მახასიათებლები ნაყოფის ზრდის შეფერხების მქონე ახალშობილებში“ — არის ორიგინალური ინტეგრალური სამეცნიერო კვლევის პროდუქტი და აქვს უდაოდ მაღალი სამეცნიერო პოტენციალი და პრაქტიკული ღირებულება გამომდინარე იქედან, რომ ნაყოფის ზრდის შეფერხება წარმოადგენს თანამედროვე მეანობის და პერინატოლოგიის ერთ-ერთ რთულ პრობლემას, რომელიც დღემდე რჩება ახალშობილთა ავადობის და ლეტალობის წამყვან მიზეზად. სინდრომი ასახავს ნაყოფის კვების ქრონიკულ მოშლას, რომელსაც თან ახლავს ფიზიკური პარამეტრების ჩამორჩენა, ორგანოების და სისტემების ფუნქციური უმწიფრობა, იმუნოლოგიური რეაქტიულობის დაქვეითება და მეტაბოლური დარღვევები“, — აღნიშნა თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის პროფესორმა, მაკა ჭიღლაძის დისერტაციის სამეცნიერო ხელმძღვანელმა რუსუდან ქარსელაძემ.
მაკა ჭიღლაძის კვლევის შედეგები მედიცინის დარგის მაღალრეიტინგულ ჟურნალებში გამოქვეყნდა, მათ შორის არის: „Global Pediatric Health“, „ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა“, „Georgian Medical News“ და „საქართველოს სამედიცინო სიახლეები“. აღსანიშნავია, რომ კვლევას დადებითი გამოხმაურება და აღიარება მოჰყვა ამერიკული ჟურნალის „Global Pediatric Health“ სარედაქციო კოლეგიისაგან, რადგან ნაშრომის ავტორი სამედიცინო წრეებს პრობლემის გადაჭრის ახალ პოზიციებს სთავაზობს. ნაშრომში მოცემულია ნაყოფის ზრდის შეფერხების სინდრომის გამომწვევი მიზეზები და მისი მართვის მეთოლოგია.
„ნაყოფის ზრდის შეფერხების მიზეზები მრავალფაქტორულია: არაბალანსირებული კვება, თამბაქოს მოხმარება, ცხოვრების არადაკმაყოფილებელი პირობები, ჰიპოდინამია, ძილის რეჟიმის დარღვევა, ფსიქო-ემოციური გადაძაბვა, ჭარბი წონა, გასტროენტოროლოგიური და ენდოკრინოლოგიური პათოლოგიები. ნაყოფის ზრდის შეფერხების მქონე ორსულებში მშობიარობა მიმდინარეობს მთელი რიგი გართულებებით, განსაკუთრებით ხშირად ხდება სანაყოფე გარსის მთლიანობის დარღვევა, სამშობიარო მოქმედების სისუსტე, პლაცენტის აცლა და მშობიარობის შემდგომი სისხლდენა. ამ სინდრომის მქონე ახალშობილებს პოსტნატალურ პერიოდში უვლინდებათ ქრონიკული ჰიპოქსია, ჰიპოტროფია, ცნს ფუნქციური დარღვევები, პერინატალური ენცეფალოპათია, სუნთქვითი დარღვევები, შეშუპება და ანემია. მათი ფიზიკური განვითარების ყველა პარამეტრი ჩამორჩება პირობითად ჯანმრთელი ახალშობილების ანთროპომეტრულ პარამეტრებს“, — აღნიშნავს კვლევის ავტორი.
მაკა ჭიღლაძის ნაშრომში მოცემული სინდრომის მართვის პრაქტიკული რეკომენდაციები კლინიკურ მედიცინაში უკვე დანერგილია.
„პრაქტიკული რეკომენდაციები სამ მთავარ მიმართულებას მოიცავს: დაბადების მომენტიდან ნაყოფის ზრდის შეფერხების მქონე ახალშობილები ადრეული ნეონატალური პერიოდის მოსალოდნელი გართულებების (თერმოლაბილობა, ჰიპოგლიკემია, კვების სირთულე, ინფექციური პათოლოგიის მაღალი რისკი, ცნს დარღვევები) თავიდან ასაცილებლად საჭიროებენ ექიმთან მულტიდისციპლინური ჯგუფის გაძლიერებულ ყურადღებას; მიზანშეწონილია ნაყოფის ზრდის შეფერხების მქონე ახალშობილთა ჯანმრთელობის მდგომარეობის, ფიზიკური და ფსიქომოტოროული განვითარების კონტროლი პირველი წლის განმავლობაში; ცენტილური ცხრილების ნორმატიული მაჩვენებლების გამოყენება საშუალებას იძლევა ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში განხორციელდეს ფიზიკური განვითარების ერთმომენტიანი შეფასება, ნაყოფის ზრდის შეფერხების ხარისხის და ფორმის განსაზღვრა“, — განმარტავს მაკა ჭიღლაძე.
„საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაციის და საქართველოს პედიატრთა ასოციაციის მიერ აღიარებული და უკვე დანერგილია კვლევის შედეგად მიღებული პრაქტიკული რეკომენდაციები, კერძოდ, ის, რომ დაბადების მომენტიდანვე ნაყოფის ზრდის შეფერხების მქონე ახალშობილები ადრეული ნეონატალური პერიოდის მოსალოდნელი გართულებების თავიდან ასაცილებლად საჭიროებენ ექიმთა მულტისციპლინარული ჯგუფის გაძლიერებულ ყურადღებას, ასევე ის, რომ მიზანშეწონილია ნაყოფის ზრდის შეფერხების მქონე ახალშობილთა ჯანმრთელობის მდგომარეობის, ფიზიკური და ფსიქომოტორული განვითარების დინამიური კონტროლი პირველი წლის განმავლობაში. ასოციაციის შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ყველა ნეონატალურმა სამსახურმა ყურადღება გაამახვილოს რეკომენდაციაზე, რომ აუცილებელია ცენტილური ცხრილების ნორმატიული მაჩვენებლების გამოყენება, რაც საშუალებას იძლევა ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში განხორციელდეს ფიზიკური განვითარების ერთმომენტიანი შეფასება, ნაყოფის ზრდის შეფერხების ხარისხის და ფორმის განსაზღვრა,“ — აღნიშნა პროფესორმა რუსუდან ქარსელაძემ, რომელიც ამავდროულად საქართველოს პედიატრთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტია.
კვლევა — „ნეონატალური ადაპტაციის კლინიკური, პროანთებითი და იმუნოლოგიური მახასიათებლები ნაყოფის ზრდის შეფერხების მქონე ახალშობილებში“ — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის, კლინიკა „პინეოს“, კლინიკა „ენმედიცის“ და „ნიუ-ჰოსპიტალის“ ბაზაზე განხორციელდა. კვლევით პროცესში ნაყოფის ზრდის შეფერხების მქონე 108 ორსული მონაწილეობდა.