თამარ დადიანი
კომპიუტერიზაციის ეპოქაში მრავალი სახელმწიფო დადგა გამოწვევების წინაშე, რადგან გაიზარდა რისკი იმისა, რომ კომპიუტერული ქსელები და ელექტრონული ინფორმაცია შეიძლება გამოყენებულ იქნას დანაშაულის ჩასადენად, ასევე შეიძლება მოხდეს კომპიუტერული სისტემის ხელყოფა. ეს გამოწვევა მთელი მსოფლიოს ქვეყნების საერთო გამოწვევაა და ამიტომ მნიშვნელოვანია თითოეულმა ქვეყანამ გადადგას ქმედითი ნაბიჯები, რათა კიბერკონფლიქტებმა და კიბერომებმა ინფორმაციული კატასტროფის წინაშე არ დააყენოს სახელმწოფო ინსტიტუტები და ქვეყნის უსაფრთხოება.
სწორედ ამ მიზნით, რამდენიმე დღის წინ დამტკიცდა საქართველოს კიბერუსაფრთხოების 2021 – 2024 წლების ეროვნული სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმა, სადაც ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებად, კიბერსივრცეში უსაფრთხოდ და დაცულად ფუნქციონირებისთვის, სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარება და განათლების დონის ამაღლება დასახელდა.
ისეთ პატარა ქვეყანაშიც კი, როგორიც საქართველოა, საზოგადოების ცხოვრება უკვე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ინტერნეტ ტექნოლოგიებზე. თუ ახლო წარსულს გადავხედავთ, არ შეიძლება არ გაგვახსენდეს 2008 წლის აგვისტოს ომი, რა დროსაც ქვეყანამ გამოსცადა კიბერ ომი და ჰაკერებმა საკმაოდ დააზარალეს ქვეყნის ეკონომიკური სისტემა. მოყოლებული აქედან დღემდე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მონაცემებით, კიბერდანაშაულის ბრალდებით სულ რამდენიმე ათეული სასამართლო პროცესი გაიმართა. კიბერდანაშაულის გამოძიებების სიმცირე იმ სპეციფიკით აიხსნება, რომ, უმეტეს შემთხვევაში, კომპიუტერული დანაშაულებები საერთოდ არ მჟღავნდება და რომ ვირტუალური მტკიცებულების განადგურება ადვილად და სწრაფადაა შესაძლებელი, რაც დანაშაულის გახსნას ზოგჯერ შეუძლებელს ხდის.
დღეს საქართველოში მკვეთრად არის გაზრდილი ახალგაზრდა ინტერნეტ მომხმარებლების რაოდენობა და ინტერნეტის გავლენა მათი ცხოვრების სტილსა და წესზე. უაღრესად მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობის მაქსიმალური დაცვა კიბერსივრცის საფრთხეებისგან. ამიტომ საქართველოს კიბერუსაფრთხოების 2021 – 2024 წლების ეროვნული სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის ერთ-ერთ მთავარ ამოცანად დასახულია ახალგაზრდა თაობისთვის, სტუდენტებისთვის იმ ცოდნის მიცემა, რომელიც კიბერსივრცეში მათ დაცულობას უზრუნველყოფს.
„ამოცანის ფარგლებში, როგორც საშუალო სკოლებში, ისე საუნივერსიტეტო დონეზე შემუშავდება და დაინერგება მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამები. საბაკალავრო და სამაგისტრო კურსები უნდა დამკვიდრდეს საქართველოში აკრედიტებულ სასწავლებლებში, მათ შორის, სახელმწიფო უსაფრთხოების სასწავლო-სატრენინგო ცენტრებსა და შსს-ის აკადემიაში“, — ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც ავალდებულებს განათლების სისტემას — მოამზადოს ისეთი სპეციალისტები, რომლებიც მომავალში უზრუნვებელყოფენ ინტერნეტ სივრცის უსაფრთხოებას.
კიბერსაფრთხეების დაძლევა, სხვა მრავალ ფაქტორთან ერთად, სპეციალისტების მაღალ კომპეტენციასა და საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებაზეა დამოკიდებული. უნივერსიტეტებმა და სასწავლო ორგანიზაციებმა უნდა უზრუნველყონ მაღალპროფესიონალი სპეციალისტების მომზადება და ისეთი ნიჭიერი ახალგაზრდა ტალანტების მოზიდვა, რომლებიც ქვეყნის ეფექტიანი კიბერუსაფრთხოების სისტემის დანერგვას უზრუნველყოფენ.
დოკუმენტის მიხედვით: „ახალგაზრდა ტალანტების აღმოსაჩენად გათვალისწინებულია კიბერტრენინგებისა და სავარჯიშოების ჩატარება სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის (მაგ.: Cyberclass), ასევე, მასწავლებელთა და ტრენერთა გადამზადება (ToT — ამ სფეროში). „ციფრული მოქალაქეობის“ (digital citizenship) კურსი მოიცავს ასაკობრივად ადაპტირებული სასწავლო მასალების შექმნას კიბერუსაფრთხოების, კიბერდანაშაულის, კიბერბულინგის, პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და კიბერსივრცეში მედიაწიგნიერების საფუძვლების შესახებ“, — ნათქვამია დოკუმენტში.
თუ საქართველოს კიბერუსაფრთხოების 2021–2024 წლების ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმა წარმატებით განხორციელდა, მაშინ შესაბამისი უნარ-ჩვევებით აღჭურვილ სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს ექნებათ კიბერსაფრთხეების იდენტიფიცირების, კიბერინციდენტების პრევენციისა და მათთან დამოუკიდებლად გამკლავებისთვის აუცილებელი საბაზისო კომპეტენცია. სპეციალური ცოდნისა და უნარების მქონე მოქალაქეები სამომავლოდ დასაქმდებიან კიბერუსაფრთხოების სფეროში და ამგვარად ხელს შეუწყობენ ქვეყნის კიბერუსაფრთხოების განვითარებას და განმტკიცებას. ეფექტიანი კიბერუსაფრთხოების სისტემის გარეშე ქვეყნის სტაბილურობა და განვითარება შესაძლოა მუდმივი რისკების წინაშე დადგეს.
კიბერუსაფრთოებისათვის, ასევე, მნიშვნელოვანია კიბერდანაშაულის სისხლისსამართლებრივი მოწესრიგების პრობლემების წარმოჩენა და მათი სრულყოფის გზების დასახვა, რაშიც საგანმანათლებლო დაწესებულებებმაც უნდა შეიტანონ საკუთარი წვლილი.