მოამზადა მაია ტორაძემ
25-26 ნოემბერს თბილისის სახლმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის ორგანიზებით სტუდენტთა 81-ე საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის მხარდამჭერები იყვნენ გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UNWomen) და ჟურნალისტიკის რესურსცენტრი (JRC).
კონფერენციაზე სამმა სექციამ იმუშავა: „საქართველოს წინაშე არსებული საშინაო/საგარეო სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური გამოწვევები და შესაძლებლობები“; „არჩევნები საქართველოში: ისტორიული და თანამედროვე გამოცდილება“; „ქალი — მშვიდობა და უსაფრთხოება“.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო 50-მდე მოხსენება; მასში 80-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს წინაშე არსებული საშინაო/საგარეო სოციალური,
ეკონომიკური, პოლიტიკური გამოწვევები და შესაძლებლობები
პირველ სექციაზე წარმოდგენილ მოხსენებათა შორის გამარჯვებულად დასახელდა საზოგადოებრივი გეოგრაფიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების – მარიამ უბირიას და ანა ღვამბერიას მოხსენება: „ემიგრანტთა ფულადი გზავნილები საქართველოში და მათი ეკონომიკური შედეგები“ (ხელმძღ. რევაზ გაჩეჩილაძე). მოხსენებაში წარმოდგენილი იყო დასკვნები ემიგრანტების ფულადი გზავნილების დინამიკის შესწავლის შედეგად. განხილული იყო გზავნილების გავლენა როგორც მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური ცხოვრების დონეზე, ასევე ქვეყნის მთლიან ეკონომიკაზე. საერთაშორისო ორგანიზაციების პუბლიკაციებსა და საქართველოს ეროვნული ბანკის ემპირიულ სტატისტიკურ მონაცემებზე ჩატარებული კვლევების, ასევე, სხვადასხვა სამეცნიერო ნაშრომის ანალიზის საფუძველზე მკვლევრები მივიდნენ დასკვნამდე, რომ გზავნილები მნიშვნელოვან როლს ასრულებს შინამეურნეობის დონეზე. მათი მთავარი მიგნებების თანახმად, კვლევისას არ გამოიკვეთა მკაფიო მტკიცებულება იმისა, რომ ფულადი გზავნილები პირდაპირ უწყობს ხელს ეკონომიკის ზრდას.
ამავე სექციაზე საყურადღებოდ იქნა მიჩნეული საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების გეგი ჩარკვიანისა და გიორგი ფაჩუაშვილის მოხსენება: „აშშ-ს გასვლა ავღანეთიდან, საქართველოს მოსალოდნელი გამოწვევები“ (ხელმძღ. კონსტანტინე შუბითიძე). მოხსენებაში ნათქვამი იყო, რომ აშშ-ს ავღანეთიდან გამოსვლამ საკმაო სივრცე დატოვა ძალის თვალსაზრისით, რამაც გავლენა მოახდინა როგორც რეგიონზე, ასევე, მასში მიმდინარე პროცესებში ჩართულ აქტორებზე, მათ შორის, საქართველოზე. კონტენტ-ანალიზისა და მეორეული წყაროების გამოყენების, თავდაცვითი რეალიზმის თეორიულ ჩარჩოზე დაყრდნობით ჩატარებული კვლევის მიგნებაა, რომ „არსებული საფრთხეების ფონზე აშშ-ს მხრიდან ახლო აღმოსავლეთის მიმართ შემცირებული ინტერესი საქართველოს, როგორც რეგიონთან კავშირში მყოფ სატრანზიტო და სამშვიდობო მისიებში ჩართული სახელმწიფოს, მნიშვნელობას აკნინებს და მის რუსეთის პოლუსზე მოხვედრის საფრთხეს ზრდის".
საინტერესო აქცენტებით გამოირჩეოდა საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტის ბექა ირომაშვილის მოხსენება: „საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების ეკონომიკური და პოლიტიკური ასპექტები“ (ხელმ. თორნიკე თურმანიძე). მოხსენებაში ნათქვამი იყო: „ჩინეთისა და საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში ინტენსიურად ვითარდება. ეს ურთიერთობები, გარდა მრავალფეროვანი ეკონომიკური პერსპექტივებისა, ამავე დროს, გულისხმობს ეკონომიკურ და პოლიტიკურ რისკებსაც. კვლევა ეყრდნობოდა შემთხვევის შესწავლისა და პირველადი და მეორეული წყაროების ანალიზს. შედეგად ჩინეთის სხვა ქვეყნებთან ეკონომიკური ურთიერთობების საფუძველზე დადგინდა — ჩინეთი სტრატეგიული მნიშვნელობის სექტორებში ეკონომიკურ ინვესტიციებს პოლიტიკური გავლენების მოპოვებისთვის იყენებს. საქართველო კი ასიმეტრიული სარგებლის მქონე ხელშეკრულების, ჩინეთზე დამოკიდებულების და ჩინეთის მიერ ინვესტიციების პოლიტიკური მიზნით გამოყენებისა, ისევე, როგორც შემდგომში, ზეწოლის რისკის წინაშეა. ამ ყველაფერს კი დამატებითი, თანმდევი ეკონომიკური და პოლიტიკური შედეგები მოსდევს".
სოციალური მუშაობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების — ლელა ქოროღლიშვილისა და მარიამ ქარქაშაძის ნაშრომში „არასრულწლოვან შშმ პირთა დედების გამოწვევები (თბილისის მაგალითზე)“ (ხელმძღ. თამარ მახარაძე), გაანალიზებული იყო, თუ რა გამოწვევებთან უწევთ გამკლავება შშმ ბავშვების დედებს ყოველდღიურ ცხოვრებაში თანამედროვე საქართველოში. ადგილობრივი პუბლიკაციების, რელევანტური კვლევებისა და თბილისის მასშტაბით ჩატარებული ინტერვიუების საფუძველზე გამოიკვეთა სოციალიზაციის, სტიგმებისა და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგების პრობლემები.
სექციაზე წარმოდგენილ მოხსენებათა შორის ყურადღება დაიმსახურა გიორგი კობახიძისა და გიორგი ხაჩიძის კვლევამ, რომელიც შეეხებოდა ანტივაქსერობის ფენომენის ხელშემწყობი ფაქტორების კვლევას ქართულ საზოგადოებაში (ხელმძღ. შოთა კაკაბაძე). კვლევის მიზანს სწორედ იმ სოციალურ-პოლიტიკური მიზეზების განსაზღვრა წარმოადგენდა, რომლებიც განაპირობებენ და აძლიერებენ ანტივაქსერულ მოძრაობებს ქართულ სოციუმში. მათი შეფასებით, გამოვლინდა ისეთი ასპექტები, როგორებიცაა იმუნიზაციის კამპანიის არაეფექტიანობა, ვაქცინაციაზე დარეგისტრირების სირთულე ასაკოვანი მოსახლეობისთვის, საცხოვრებელი ადგილის სპეციფიკა, ასაკი, დასაქმება, რუსული დეზინფორმაცია და სხვა, რომლებიც აძლიერებენ ვაქცინისადმი უნდობლობის ხარისხს ჩვენს საზოგადოებაში.
არჩევნები საქართველოში: ისტორიული და თანამედროვე გამოცდილება
კონფერენციის მეორე სექციაში ორი გამაჯვებული გამოვლინდა.
პოლიტიკის მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების — სოფიო კალანდარიშვილისა და დიმიტრი შავლოხაშვილის მოხსენებაში: „აბსენტიზმის გამომწვევი მიზეზები 2012-2021 წლებში საქართველოს რეგიონების შედარებითი ანალიზის საფუძველზე“ (ხელმძღ. სანდრო ტაბატაძე) ნაჩვენები იყო კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც ავტორებმა, რაოდენობრივი და თვისებრივი მეთოდების კომბინაციითა და დაუნსის რაციონალური არჩევანის თეორიულ ჩარჩოზე დაყრდნობით, შეისწავლეს — თუ რა განაპირობებს საქართველოს რეგიონებს შორის განსხვავებას საარჩევნო აბსენტიზმის თვალსაზრისით. მათი თქმით, ძირითადი ამხსნელი ფაქტორებია: შიდა და გარე მიგრაცია, პოლიტიკური ინსტიტუტებისადმი უნდობლობის მაღალი დონე, განსახლების თავისებურებები და, ზოგიერთ შემთხვევაში, ეთნიკური და კულტურული ფაქტორები.
ამავე სექციის გამარჯვებულების — ნუციკო ძანძავასა და გიორგი ხაჩიძის კვლევის — „2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები და ეთნიკური უმცირესობები: პრობლემები და გამოწვევები“ (ხელმძღ. კახა ქეცბაია) — მიზანს წარმოადგენდა 2021 წლის არჩევნების მაგალითზე ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ამომრჩევლის საარჩევნო ქცევის შეფასება. ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკირვებლო მისიების ანგარიშებსა და ცესკოს მონაცემებზე დაყრნდობით, კვლევის შედეგად დადგინდა ის მთავარი ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობს საარჩევნო პროცესში არადომინანტური ეთნიკური ჯგუფებით წარმოდგენილ რეგიონებში მრავალგვარი დარღვევის არსებობას. ესენია: პოლიტიკური პარტიების შინაარსისგან დაცლილი საარჩევნო კამპანია, რეგიონების პერიფერიზაცია, ხელისუფლების მცდელობა — კიდევ უფრო გააძლიეროს ნიჰილიზმი და თავად ეთნიკურ უმცირესობებში არსებული გარიყულობის შიში.
სექციაზე განსაკუთრებით აღინიშნა კონფერენციის მუშაობაში პირველსემესტრელი სტუდენტების მონაწილეობა. გამოიკვეთა მათ შორის საუკეთესო მოხსენება. ავტორების – საბა სამუშიასა და ლაშა სიჭინავას კვლევა შეეხო 1919 წლის საქართველოს დამფუძნებელი კრების წინასაარჩევნო გარემოს ასახვის საკითხს ქართულ პრესაში. საარქივო მასალების, აღნიშნულ თემაზე შექმნილი სამეცნიერო ნაშრომების შესწავლითა და სარტორის თეორიულ ჩარჩოზე დაყრდნობით, ავტორებმა წარმოადგინეს და გააანალიზეს იმდროინდელი ძირითადი პარტიების პლაკატები, ლოზუნგები და ლექსები.
ასევე პირველ სემესტრელებმა მარიამ ვაჭრიძემ და კესო გოგიტაშვილმა წარმოადგინეს მოხსენება „თანამედროვე საქართველოს საარჩევნო პროცესი: საზოგადოებრივი და პარტიული განწყობები ევროკავშირის მიმართ“ (ხელმძ. სანდრო ტაბატაძე). კვლევა შეეხო 2012-2021 წლების საქართველოში ძირითადი პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი განწყობების ცვლილებას ევროკავშირის მიმართ, რაც, პრე და პოსტ-საარჩევნო პერიოდის ცვლადებით იყო შესწავლილი. კვლევის ძირითადი მიგნება ისაა, რომ პოსტ-საარჩევნო პერიოდში ევროკავშირისადმი საზოგადოებრივი მხარდაჭერა მცირედით სუსტდებოდა, ამ მხრივ კი გამონაკლისი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებია.
ქალი — მშვიდობა და უსაფრთხოება
მესამე სექციაზე, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციისა (UNWomen) და ჟურნალისტიკის რესურსცენტრის (JRC) მხარდაჭერით გაიმართა, გამარჯვებულები გახდნენ სახელმწიფო მართვისა და საჯარო პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები სოფიო ნარიმანიძე და ირმა ჩხეიძე მოხსენებით: „პოსტკონფლიქტურ პერიოდში ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მექანიზმები საქართველოში: 2010-2020 წლების ანალიზი“ (ხელმძღ. სალომე დუნდუა). თვისებრივი კვლევის მეთოდით — სიღრმისეული ინტერვიუებისა და მონაცემთა შინაარსობრივი ანალიზის წყალობით, ავტორებმა შეისწავლეს — თუ რა როლი ჰქონდათ საერთაშორისო აქტორებს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პოლიტიკის ტრანსფორმაციაზე. სახელმწიფოსა და საერთაშორისო დონორების მიერ ინიცირებული პროგრამებისა და მათი ანგარიშების შესწავლის საფუძველზე, ავტორებმა დაასკვნეს, რომ 2010-20 წლებში, აღნიშნული მიმართულებით, საქართველოს პოლიტიკამ პოზიტიური ცვლილებები განიცადა, თუმცა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით, სახელმწიფოს არ გააჩნია ერთიანი, თანმიმდევრული პოლიტიკა. ამ პრობლემის მოგვარების გზას კი სექტორთაშორისი თანამშრომლობა წარმოადგენს.
ამავე სექციის მეორე გამარჯვებულია სოციოლოგი ლელა ჯავახიშვილი თემით — „ფემიციდის გაშუქების პრაქტიკა ქართულ სატელევიზიო მედიაში“ (ხელმძღ. ლია წულაძე). კვლევა ქართულ სატელევიზიო მედიაში ფემიციდის გაშუქების პრაქტიკას ეხება. თვისებრივი კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ მოცემული თემატიკის სატელევიზიო გაშუქება ქვეყანაში არსებულ ჟურნალისტურ სტანდარტებს ნაკლებად ექვემდებარება, გენდერულობა — დეგენდერულობის ზღვარზე დგას და პრობლემის პრევენციას ხელს არ უწყობს. ფემიციდის შემთხვევების სრულყოფილად გაშუქებას ტელევიზიები ვერ ახერხებენ. ხოლო, ამბის სატელევიზიო გაანალიზებისას ექსპერტების ხმა საკმარისად არ ისმის. თუმცა, წინა წლებთან შედარებით პროგრესი აშკარაა და სამომავლოდ მეტ ყურადღებას საჭიროებს.