მოამზადა ნინო კაკულიამ
ქართველი ემიგრანტების იდენტობის და ინტეგრაციის სტრატეგიები გერმანიაში — ეს გახლავთ კვლევის ზოგადი თემა, რომელსაც გერმანიაში მივლინებული თსუ-ის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ეკატერინე ფირცხალავა აწარმოებს. ეკატერინე ფირცხალავამ გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის (DAAD) და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი კვლევითი გრანტი — ახალგაზრდა მეცნიერისთვის — მოიპოვა და 2021 წლის ივლისიდან გერმანიაში, მარბურგის ფილიპეს სახელობის უნივერსიტეტში ახორციელებს კვლევას. იგი უკვე შეხვდა ქართველ ემიგრანტებს, რომელთაგანაც სიღრმისეულ ინტერვიუებს იწერს. კვლევის კონკრეტული სახელწოდებაა: „ქართველი მიგრანტები გერმანიაში: ჯგუფ-შიდა და ჯგუფთაშორისი ურთიერთობები — კონფლიქტი, აღქმები და დამოკიდებულებები“. ეკატერინე ფირცხალავა ბოლო ორი კვლევითი სტიპენდიის ფარგლებში, 2016-2017 წლებში, მსგავს თემაზე პორტუგალიასა და საფრანგეთში მუშაობდა. მისი მიზანია, გერმანიაში კვლევის დასრულების შემდეგ გამოაქვეყნოს სტატია, სადაც მოცემული იქნება პორტუგალიაში, საფრანგეთსა და გერმანიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების ადაპატაციისა და ინტეგრაციის მსგავსება — განსხვავების ანალიზი.