მაია ტორაძე
„კავკასია XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან 2021 წლამდე“ – ასე ჰქვია სალექციო კურსს, რომელიც თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ჯონი კვიციანმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის მეშვეობით წელს დასტამბა.
როგორც წინასიტყვაობაშია ნათქვამი, ეს არის მეორე ნაწილი სასწავლო კურსისა – „კავკასიის ხალხთა ისტორია“ (2017 წელს გამოცემული ამ კურსის პირველი ნაწილი ასახავდა რეგიონის ისტორიას უძველესი დროიდან XIX საუკუნის მეორე ნახევრამდე).
ნაშრომში ნაჩვენებია კავკასიის ხალხების ისტორია რუსეთისა და საბჭოთა იმპერიების შემადგენლობაში, სადაც მათი დამოუკიდებლობის იგნორირების, კულტურული და ეკონომიკური თავისებურებების გაუთვალისწინებლობის ხარჯზე, „ზემოდან“ ზეწოლით ხორციელდებოდა ჯერ რუსულ ერთიან სოციუმში (ცარიზმის დროს), შემდგომ კი, „საბჭოთა ხალხში“ გათქვეფის პოლიტიკა. სალექციო კურსში მითითებულია, რომ ხელისუფლების აღნიშნული პოლიტიკა ეწინააღმდეგებოდა კავკასიაში ხალხთა ეროვნული ცნობიერების ზრდას. საბჭოთა კავშირში 1970–80-იან წლებში აღნიშნული წინააღმდეგობის შედეგად წარმოქმნილმა პრაქტიკამ, განსაკუთრებით – საქართველოში, ხელი შეუწყო საზოგადოებაში საპროტექსტო პოტენციალის დაგროვებას და ერთმნიშვნელოვნად იქონია სათანადო გავლენა საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესზე.
„ნაშროში დიდი ყურადღება ეთმობა კავკასიაში 1918 – 1921 წწ–ში საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის პირველი დემოკრატიულო რესპუბლიკის და ჩრდილო კავკასიის მთიელთა დამოუკიდებელი რესპუბლიკის ფუნქციონირებას და მათი მთავრობების კავკასიურ პოლიტიკას. ავტორი ხაზს უსვამს, რომ ამჟამად, XXI საუკუნეში, კავკასიის რესპუბლიკებში დემოკრატიული რეფორმატორული პროცესების გაღრმავებით, სამოქალაქო ინსტიტუტების გაძლიერებით, ასევე, ტრადიციული და მოდერნიზებული ღირებულებების სინთეზირებით, შესაძლოა, მიღწეულ იქნეს რეგიონში მშვიდობა და სტაბილური განვითარება“, – ნათქვამია წიგნის წინასიტყვაობაში, რომელსც ხელს აწერენ რედაქტორი ნინო ჩიქოვანი და რეცენზენტი მიხეილ ბახტაძე.
ლექციების კურსი განკუთვნილია თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტის სასწავლო პროგრამების და მომიჯნავე სპეციალობების სტუდენტებისათვის, ასევე კავკასიის ხალხთა ისტორიით დაინტერესებულ პირთათვის.