გვესაუბრება თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი თამარ ზარანდია
თსუ იურიდიული ფაკულტეტის თანამეგბობრობას — consortium omnis vitae, რომელიც მთელი ცხოვრება გრძელდება, სამართლისა და საერთაშორისო სამართლის საბაკალავრო პროგრამების 680 პირველკურსელი შემოუერთდა. იურიდიული ფაკულტეტი უკვე საუკუნოვან ისტორიას ითვლის და დღეს შეგვიძლია ამაყად ვთქვათ, რომ, მრავალწლიანი აკადემიური ტრადიციების გათვალისწინებით, განათლების ბაზარზე მოთხოვნის, სწავლების ხარისხის, კურსდამთავრებულთა დასაქმებისა თუ სხვა მაჩვენებლებით იგი ლიდერია. ამასთან, ჩვენს ფაკულტეტზე ჩაბარება თითოეული თქვენგანის გულმოდგინებისა და თავდაუზოგავი შრომის შედეგია. მოხვედრა თსუ იურიდიულ ფაკულტეტზე არის რთული, მაგრამ როგორც ხშირად ამბობენ, სწავლა კიდევ უფრო რთულია.
გულისტკივილით უნდა ითქვას, რომ იურიდიული ფაკულტეტისთვის 2020-2021 სასწავლო წელი მძიმე და დანაკარგიანი იყო. პანდემიის გამო ჩვენ გამოგვაკლდნენ ძალზე ძვირფასი კოლეგები, ქალბატონი ასმათ გზობავა და ქალბატონი შორენა ჩარბაძე. ამიტომ ჩვენთვის განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც უნივერსიტეტის სივრცეში მყოფი სტუდენტისა და პროფესორ-მასწავლებლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საკითხთან არის დაკავშირებული.
უკვე თითქმის წელიწადია, დასრულდა მეორე აკადემიურ კორპუსში იურიდიული ფაკულტეტის ნაწილის რეაბილიტაცია და ვიმედოვნებთ, რომ კორპუსი აღიჭურვება საჭირო ინვენტარით და ფაკულტეტს ექნება შესაძლებლობა — ფუნქციონირება განაგრძოს გაახლებულ სივრცეში. იურიდიულ ფაკულტეტს აქვს მოლოდინი, რომ ამ რეაბილიტაციის შემდეგ ფაკულტეტი შეძლებს გაიუმჯობესოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, სააუდიტორო და საბიბლიოთეკო სივრცე და იმედის ვიტოვებთ, რომ წარსულს ჩაბარდება ამ მიმართულებით არსებული პრობლემები.
რთული და გამოწვევებით სავსე წლის მიუხედავად, აღსანიშნავია, რომ იურიდიული ფაკულტეტის სამართლის პროგრამების სააკრედიტაციო პროცესი წარმატებით დასრულდა. წარმატებული იყო საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამის აკრედიტაციის პროცესიც, რომელსაც თსუ იურიდიული ფაკულტეტი ახორციელებს შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტთან (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა) ერთად და რომელმაც უკვე მეორედ მიიღო საერთაშორისო აკრედიტაცია, რაც ძალიან დიდი წარმატებაა. ჩვენი ფაკულტეტისთვის მნიშვნელოვანია ინტერნაციონალიზაციის კომპონენტი, რაც გამოიხატება პროგრამების განხორციელებაში სხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან (ძირითადად ევროპისა და ამერიკის წამყვანი იურიდიული სკოლებიდან) მაღალკვალიფიციური კადრების ჩართვაში. ამ მიმართულებით ფაკულტეტი არ ივიწყებს არსებულ ტრადიციას და მიმდინარე სემესტრშიც რამდენიმე უცხოენოვანი დისციპლინა იქნება სტუდენტებისთვის შეთავაზეული, სწავლების ფორმატის შესაბამისად.
იურიდიული ფაკულტეტი თანამშრომლობს ჰარვარდის სამართლის სკოლასთან და ამ თანამშრომლობის ფარგლებში საკუთარ სტუდენტებს, ისევე, როგორც ფართო საზოგადოებას კვლავ სთავაზობს ერთობლივ სასერტიფიკატო კურსს საავტორო სამართალში.
იურიდიული ფაკულტეტის მიზანია არა მხოლოდ ფორმალურად გასცეს პასუხი სტუდენტების შეკითხვებს, არამედ ჩამოაყალიბოს სწორი და სამართლებრივად დასაბუთებული მოსაზრება, რომელიც ეჭვის ქვეშ არ დააყენებს ურთიერთნდობასა და პატივისცემას. ამიტომ სირთულეები, რომელიც დასაწყისში ვახსენე, მხოლოდ კორონავირუსით გამოწვეულ პრობლემებს არ შეიძლება დაუკავშირდეს. მნიშვნელოვანია ყველა უფლებამოსილი პირის მიერ მასზე დაკისრებული ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების და სირთულეების გადაწყვეტასთან დაკავშირებით აქტიური თანამშრომლობის უზრუნველყოფა.
გამოხმაურება რამდენიმე კრიტიკულ საკითხთან მიმართებით
მინდა, გამოვეხმაურო სტუდენტთა დაინტერესებას რამდენიმე კრიტიკულ საკითხთან მიმართებით.
პირველი — უკავშირდება სასტიპენდიო კონკურსში მომხდარ ინციდენტს. 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში პროგრამაში — „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ — დაფიქსირდა საკონკურსო მონაცემთა ფაქტობრივი უზუსტობა, რის გამოც შესწორდა შერჩეულ სტიპენდიატთა შემადგენლობა. ამ საკითხმა სტუდენტთა ფართო დაინტერესება გამოიწვია. აღნიშნული პროცესი იურიდიულ ფაკულტეტზე სამართლებრივი და ნორმატიული დღის წესრიგის შესაბამისად წარიმართა, ფაკულტეტის საბჭოს ფორმატში გახდა მსჯელობის საგანი და ფაკულტეტმა შესაბამისი გადაწყვეტილებებიც მიიღო.
მეორე კი — თსუ იურიდიული ფაკულტეტის თვითმმართველობის დელეგატთა ლეგიტიმაციისა და არჩევნების გამოუცხადებლობის პრობლემას წარმოადგენს, რაც, ცხადია, აფერხებს ფაკულტეტის საბჭოში სტუდენტობის ინტერესთა წარმოჩენას. ფაკულტეტის საბჭოს სამუშაო ფორმატში სტუდენტთა ჩართულობის უზრუნველსაყოფად სტუდენტური თვითმმართველობის წევრთა მონაწილეობა სამართლებრივად აუცილებელი და კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ამასთან, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის მე-7 მოწვევის დელეგატების უფლებამოსილების ამოწურვის გამო, იურიდიული ფაკულტეტის საბჭოს მუშაობა უწევს სტუდენტების მონაწილეობის გარეშე, რაკი ლეგიტიმური დელეგატები სტუდენტურ თვითმმართველობას ფაკულტეტისათვის დროულად არ წარმოუდგენია. აღნიშნული საკითხი ფართოდ განიხილება იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს შორის და მათ უკვე დაიწყეს სამართლებრივი საშუალებებით აღნიშნული პროცესის ორგანიზება. ფაკულტეტის სტუდენტებმა თავისი შემადგენლობიდან აირჩიეს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების საორგანიზაციო კომიტეტი, განსაზღვრეს არჩევნების თარიღი და ღია და გამჭვირვალე პროცესის უზრუნველსაყოფად ყველა გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება მათ მიერ, მათივე თხოვნით, ქვეყნდება იურიდიული ფაკულტეტის ვებგვერდზე და სასწავლო ბაზის საინფორმაციო დაფაზე. საორგანიზაციო კომიტეტი აგრძელებს შეხვედრებს და ძალიან სასიხარულოა, რომ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები მართლაც არიან ჩართულნი ამ ძალზე ჯანსაღ პროცესში, რომელიც უნდა დასრულდეს სტუდენტური თვითმმართველობის მე-8 მოწვევაში სტუდენტთა ღირსეული წარმომადგენლების არჩევით.
სასწავლო პროცესთან კავშირშია სტუდენტური ელექტრონული ბაზების საკითხი. ფაკულტეტს აქვს მოლოდინი, რომ მიმდინარე სემესტრში ექნება კვალიფიციური IT მხარდაჭერა, რაც შესაძლებლობას მისცემს ჩვენს სტუდენტებს — მიიღონ 21-ე საუკუნის შესაბამისი საუნივერსიტეტო სერვისები, რაც, მართლაც, ძალიან მნიშვნელოვანია უნივერსიტეტის რეპუტაციისთვის.
უნდა შეიცვალოს ფაკულტეტისთვის ბიუჯეტის გამოყოფის პრინციპი
უნივერსიტეტი და ფაკულტეტი მუდმივად უნდა ზრუნავდნენ პროფესორების მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. ერთი მხრივ, იურიდიული ფაკულტეტი ამაყობს საკუთარი აკადემიური გუნდით და ამ ფაკულტეტზე აკადემიურ თანამდებობაზე მართლაც არიან პროფესორები, რომლებიც ქმნიან ქართულ იურისპრუდენციას, მაგრამ, მეორე მხრივ, აუცილებელია, უნივერსიტეტმა და ფაკულტეტმა ერთობლივად განახორციელონ ისეთი ცვლილებები, რაც ფაკულტეტს მისცემს შესაძლებლობას — ღირსეული ანაზღაურება და სოციალური დაცვის გარანტიები შესთავაზოს საკუთარ პროფესორებს.
აღნიშნული საკითხი თანხვედრაშია საუნივერსიტეტო მიზნებთან და უცხოელი ექსპერტების მიერ უნივერსიტეტისთვის მიცემულ რეკომენდაციებთან, რომლის თანახმადაც, უნდა შეიცვალოს ფაკულტეტისთვის ბიუჯეტის გამოყოფის პრინციპი. უნივერსიტეტი ფაკულტეტს უფრო მეტ ფინანსურ შესაძლებლობას უნდა აძლევდეს თავად ფაკულტეტის მიერ მოპოვებული შემოსავლიდან. ცხადია, ყველა ფაკულტეტს უნდა ჰქონდეს მის მიერ გაწეული მომსახურების შედეგად შემოტანილი ფინანსური რესურსით საკუთარი აკადემიური გუნდისა და ინფრასტრუქტურის ღირსეული განვითარების შესაძლებლობა. კიდევ ერთხელ ვულოცავ სტუდენტებსა და პროფესორებს ახალ სასწავლო წელს და ვუსურვებ წარმატებებს უნივერსიტეტისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ!“