თამარ დადიანი
ქართველ მეცნიერ-ეკონომისტს და ღვაწლმოსილ პედაგოგს, თსუ-ის ეკონომეტრიკის კათედრის ხელმძღვანელს, პროფესორ იური ანანიაშვილს 70 წელი შეუსრულდა.
პროფესორმა იური ანანიაშვილმა 1973 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი ეკონომიკური კიბერნეტიკის სპეციალობით. ამავე უნივერსიტეტში გაიარა გზა ეკონომიკური კიბერნეტიკის კათედრის ასისტენტობიდან კათედრის გამგეობამდე და დღესაც დიდი პასუხისმგებლობითა და წარმატებით აგრძელებს მას.
ყველაფერი კი ბავშვობიდან დაიწყო... პროფესორ იური ანანიაშვილს ფიზიკა-მათემატიკისადმი ინტერესი პატარაობიდანვე გაუჩნდა, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებაში მნიშვნელოვანი როლი მათემატიკის მასწავლებელმა ითამაშა: გადაწყდა — მომავალი პროფესია აუცილებლად მათემატიკას უნდა დაკავშირებოდა. მოგვიანებით, აბიტურიენტმა, სულ შემთხვევით მიაქცია ყურადღება სპეციალობას: „ეკონომიკური კიბერნეტიკა“ და აირჩია პროფესია, რომელზედაც არავითარი წარმოდგენა არ ჰქონდა, თუმცა გრძნობდა, რომ მათემატიკური ცოდნის გარეშე ამ პროფესიაში წარმატებას ვერ მიაღწევდა. ბატონი იურის მოღვაწეობის პერიოდში, მის ცხოვრებაში ხშირად ჩნდებოდნენ ისეთი ადამიანები, ვისთან ურთიერთობაც განსაზღვრავდა სამომავლოდ გადასადგმელ ნაბიჯებს. ეს იყო კიდევ ერთი დადასტურება იმისა, თუ რა ძალა აქვს ახალგაზრდისთვის დიდ მეცნიერებთან ერთად მუშაობას, ურთიერთობას, მათ მხარდაჭრასა და თანადგომას.
მისი პედაგოგიური საქმიანობა ყოველთვის სცდებოდა ლექტორისა და სტუდენტის ურთიერთობის ფორმალურ მხარეებს. „სტუდენტს ვერ აიძულებ, რომ პატივი სცეს პროფესორს; პროფესორმა ეს უნდა დაიმსახუროს თავისი ცოდნით, ქცევითა და სტუდენტთან დამოკიდებულებით, რაც მაშინაა შესაძლებელი, როცა პროფესორი თვითონ სცემს პატივს სტუდენტებს,“- ამბობს ბატონი იური და ამ წესის ერთგული რჩება დღემდე.
რაც შეხება სამეცნიერო მოღვაწეობას, ბატონი იური მას რამდენიმე ეტაპად ჰყოფს, ყველა ეტაპი წარმატებული და ნაყოფიერია, რომელმაც არა მარტო ქართველი, არამედ უცხოელი კოლეგების აღიარებაც მოუტანა. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ იური ანანიაშვილს გამოქვეყნებული აქვს 80-მდე სამეცნიერო შრომა, მათ შორის 3 მონოგრაფია; 2005-2012 წლებში ის საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ეკონომიკური საბჭოს წევრი იყო, ხოლო 2012 წლიდან – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მრჩეველთა საბჭოს წევრი. ბატონმა იურიმ 2004 წელს მიიღო საქართველოს სახელმწიფო პრემია მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება) შრომათა ციკლისთვის — „მაკროეკონომიკური რეგულირების მეთოდები და მოდელები.
დღეს პროფესორი იური ანანიაშვილი უნივერსიტეტში გატარებულ წლებსა და ურთიერობებზე, სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობაზე გვესაუბრება და საინტერესო მოსაზრებებსაც გვიზიარებს:
— ბატონო იური, ჩვენს მომავალს ხშირად ის გარემო და ოჯახი განსაზღვრავს სადაც ვიზრდებით და ვყალიბდებით. რა როლი შეასრულმა ოჯახმა თქვენს პიროვნებად ჩამოყალიბებაში, როგორი ბავშვობა გამოიარეთ და იყო თუ არა ის პროფესიული არჩევანის განმსაზღვრელი?
– დავიბადე ახალქალაქის რაიონის სოფელ კოთელიაში. მამა, შალვა ანანიაშვილი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი იყო კოთელიის საშუალო სკოლაში. წერა-კითხვა დედამ შემასწავლა, სანამ სკოლაში მივიდოდი. პირველ კლასში უკვე მომზადებული მივედი და დაწყებით კლასებში სწავლა არ გამჭირვებია. შემდეგში კარგად სწავლისათვის ყველა პირობა მქონდა, როგორც ოჯახის, ასევე სკოლის მხრიდან. მიმაჩნია, რომ კოთელიის საშუალო სკოლა, იმ პერიოდში, ერთ-ერთი საუკეთესო იყო, როგორც რაიონის, ასევე საქართველოს მასშტაბით. სკოლაში ვცდილობდი, ყველა საგანი კარგად მესწავლა, მაგრამ თანდათან განსაკუთრებული ინტერესი ფიზიკა-მათემატიკისადმი ჩამომიყალიბდა. ამაში მნიშვნელოვანი როლი მათემატიკის მასწავლებელმა ითამაშა, რომელიც თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალი იყო. მე-10 კლასს რომ ვამთავრებდი, ვფიქრობდი, სწავლა გამეგრძელებინა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. მაგრამ, როცა მამასთან ერთად თბილისისკენ მოვემგზავრებოდი, კიდევ ერთხელ გადავათვალიერე გაზეთში დაბეჭდილი თსუ-ის განცხადება მისაღები სპეციალობების შესახებ და, რატომღაც, ყურადღება მივაქციე სპეციალობას: „ეკონომიკური კიბერნეტიკა“. აღმოვაჩინე, რომ აქაც ზუსტად ის საგნები ბარდებოდა, რაც მათემატიკის ფაკულტეტზე. არ ვიცი, რამ მიბიძგა (შეიძლება სიტყვა კიბერნეტიკა მომეწონა), უცებ გადავწყვიტე ამერჩია სპეციელობა, რომელზეც არავითარი წარმოდგენა არ მქონდა. როგორც მოგვიანებით გავიგე, თურმე სპეციალობის დამაარსებელ „მამებსაც“ ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდათ ეკონომიკური კიბერნეტიკის შესახებ. არჩეული სპეციალობის დამთავრების შემდეგ მომენიჭა ეკონომისტ-მათემატიკოსის კვალიფიკაცია. აი ასე გავხდი ეკონომისტი, რომელიც კვლევის ინსტრუმენტად ძირითადად მათემატიკას იყენებს.
– ბატონო იური, თქვენი თაობის წარმომადგენელები განსაკუთრებული მოწიწებით და პატივისცემით ყვებიან სტუდენტებსა და პროფესორებს შორის ურთიერთდამოკიდებულებაზე…
– არამგონია, რომ ეს მარტო ჩემი თაობის წარმომადგენლებს ეხებოდეს. ორივეს, როგორც სტუდენტს, ასევე პროფესორს, გვაქვს უფლებები და ვალდებულებები. ეს ურთიერთობის ფორმალური მხარეა და მას პირნათლად უნდა ვიცავდეთ. მაგრამ არსებობს ასევე არაფორმალური მხარე. სტუდენტს ვერ აიძულებ, პატივი სცეს პროფესორს; პროფესორმა ეს უნდა დაიმსახუროს თავისი ცოდნით, ქცევითა და სტუდენტთან დამოკიდებულებით, რაც მაშინაა შესაძლებელი, როცა პროფესორი თვითონ სცემს პატივს სტუდენტებს. მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ, სამწუხაროდ, სტუდენტთა ორი კატეგორია არსებობს: ერთ მათგანს ცოდნის მიღება სურს, მეორეს კი, ფაქტობრივად, მხოლოდ დიპლომის აღება. პირველ კატეგორიასთან ადვილად მყარდება ურთიერთპატივისცემაზე აგებული ურთიერთობა. მეორესთან, კეთილსინდისიერ პროფესორს, მცდელობის მიუხედავად, უჭირს ასეთი ურთიერთობის დამყარება.
– ბატონო იური, მეცნიერული მუშაობის სურვილმა როდის გაიღვიძა თქვენში, როდის გადაწყვიტეთ საქმიანობა სამეცნიერო მიმართულებით გაგეგრძელებინათ?
– შემიძლია ვთქვა, რომ ჩემში ასეთი სურვილი ცხადად გამოიკვეთა უნივერსიტეტში სწავლის მე-5 კურსზე. ჩემი სპეციალობის მაშინდელი სასწავლო გეგმა დამამთავრებელ კურსზე ითვალისწინებდა წინასადიპლომო პრაქტიკას, სადიპლომო ნაშრომის მომზადებასა და დაცვას. გამიმართლა და წინასადიპლომო პრაქტიკის გასავლელად ერთი სემესტრით მიმავლინეს მოსკოვში, ცენტრალურ ეკონომიკურ-მათემატიკურ ინსტიტუტში (შემოკლებით, ცემი-ში). ასე აღმოვჩნდი საკმაოდ ცნობილი სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციის ერთ-ერთ დიდ განყოფილებაში, რომელსაც ხელმძღვანელობდა პროფესორი ე. ბარანოვი. ამ ადამიანთან ურთიერთობამ მნიშვნელოვნად განსაზღვრა ჩემი შემდგომი სამეცნიერო საქმიანობა. სწორედ მისი ხელმძღვანელობით მომზადებული სადიპლომო ნაშრომის ძირითადი შედეგები დაედო საფუძლად ჩემს პირველ სამეცნიერო პუბლიკაციას, რომელიც აღნიშნული განყოფილების სამეცნიერო შრომების კრებულში გამოქვეყნდა.
– შთამბეჭდავი სამეცნიერო მოღვაწეობის ისტორია გაქვთ, თქვენი მეცნიერული ნაშრომებიდან რომელს გამოჰყოფდით?
– ჩემს სამეცნიერო საქმიანობაში რამდენიმე ეტაპს გამოვყოფ. ერთი ეტაპი ე.წ. ლეონტიევის სისტემის პრობლემების კვლევას ეხება. ამ მიმართულებით გასული საუკუნის 90-იან წლებამდე ვმუშობდი და ვფიქრობ, რომ საინტერესო შედეგები მაქვს მიღებული. შემდეგი ეტაპი მოიცავს ნაშრომების ციკლს, რომელიც მაკროეკონომიკური პრობლემების ეკონომიკურ-მათემატიკურ ანალიზს ეხება. აქ განსაკუთრებით გამოვყოფ საერთო წონასწორობის მოდელთან დაკავშირებულ საკითხებს, რომლებიც შესულია კოლექტიურ მონოგრაფიაში „მაკროეკონომიკური რეგულირების მეთოდები და მოდელები“. ამ ნაშრომისათვის ეკონომისტთა ჯგუფს 2004 წელს მოგვენიჭა მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში სახელმწიფო პრემია. შემდეგი ეტაპი ე. წ. ლაფერ-კეინზიანური სინთეზის მოდელისა და თეორიის აგების საკითხების კვლევას ეხება. ამ პრობლემაზე პროფესორ ლადო პაპავასთან ერთად ვმუშაობდი და ჩვენ მიერ მიღებულმა შედეგებმა, რომელიც 2014 წელს აშშ-ში გამოქვეყნებულ წიგნში აისახა, ძალზე დადებითი გამოხმაურება ჰპოვა სხვადასხვა ქვეყნის დაინტერებულ მეცნიერთა მხრიდან. შემიძლია ვთქვა, რომ სამეცნიერო კვლევით მუშაობას ვაგრძელებ და როგორი იქნება მე-4 ეტაპი, ამას უახლესი მომავალი გვიჩვენებს.
– ბატონო იური, როგორ ხედავთ მეცნიერების როლს ქვეყნის განვითარების საქმეში?
– მე, მრავალი ჩემი კოლეგა ეკონომისტის მსგავსად, სრულად ვიზიარებ იმ აზრს, რომ ჩვენი ეკონომიკისა და, შესაბამისად, ქვეყნის განვითარებისთვის, აუცილებელია ახალი ტექნოლოგიების მოზიდვა და მეცნიერებატევად წარმოებაზე გადასვლა. ცხადია, ამის გაკეთება გარკვეულ დროსა და მნიშვნელოვან დანახარჯებს მოითხოვს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით. მაგრამ, როგორც არაერთი ქვეყნის მაგალითი მოწმობს, ასეთი დანახარჯები მაღალი ეფექტიანობით ხასიათდება და სრულიად გამართლებულია.
– ბატონო იური, თქვენ ეკონომეტრიკის სახელმძღვანელოს ავტორი და შემდგენელი ბრძანდებით... თანამედროვე ეკონომიკური ანალიზი და პროგნოზირება კი წარმოუდგენელია ეკონომეტრიკის გარეშე, რომელიც ეკონომიკისა და ბიზნესის პრობლემატიკას სწავლობს. დღეს უკვე აღარ დარჩა ეკონომიკის დარგი, სადაც ეკონომეტრიკა ემპირიულ დონეზე არ გამოიყენებოდეს. თუმცა თანამედროვე გამოწვევები მეტ მოთხოვნებს უყენებს ეკონომიკურ ანალიზს. რა პრობლემატიკის წინაშე დგას დღეს ეკონომეტრიკის განვითარება?
– თანამედროვე ეკონომეტრიკა ეკონომიკური მეცნიერების მნიშვნელოვანი და განვითარებადი დარგია. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომეტრიკა სულ უფრო დიდ როლს ასრულებს გამოყენებით ეკონომიკაში, იგი არ წარმოადგენს „უნივერსალურ გამხსნელს“. სხვანაირად არ შეიძლება მას იმაზე მეტი მოვთხოვოთ, რის შესაძლებლობაც ამ ეტაპზე შეიძლება გააჩნდეს ემპირიულ მეცნიერებას. ამ გარემოებას ეკონომისტთა ნაწილი ხშირად არ ითვალისწინებს და გამოთქვამს პრეტენზიას იმის შესახებ, რომ ეკონომეტრიკული მოდელებით გაკეთებული პროგნოზები ზოგჯერ არ მართლდება, ზოგჯერ კი ისეთი დიდი ინტერვალით არის წარმოდგენილი, რომ პოლიტიკის გამტარებლებს უჭირთ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება. სამწუხარო ისაა, რომ ეკონომისტთა ეს ნაწილი, ნებით თუ უნებლიედ, ასეთი მსჯელობით ეჭვის ქვეშ აყენებს საკუთრივ ეკონომიკის, როგორც მეცნიერების, არსებობის საკითხს. ბუნებრივია, ეს ხელს არ უშლის ეკონომეტრიკის განვითარებასა და სრულყოფას. დღეს უკვე ცხადად ჩამოყალიბდა მისი ორი მიმართულება: კლასიკური და ბაიესური. ამ უკანასკნელმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ეკონომეტრიკული მოდელებით პროგნოზირების შესაძლებლობა.
– რამდენად მოთხოვნადია დღეს ეკონომეტრიკოსები სახელმწიფო დაწესებულებების, პოლიტიკოსების, ბიზნესის სექტორის, კვლევითი ორგანიზაციებისა და უნივერსიტეტების მხრიდან? მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღების საფუძველი ხომ უნდა იყოს მეცნიერული დასაბუთებულება?
– ამ კითხვაზე პასუხი რომ გაგცეთ, ჯერ უნდა გითხრათ რით განსხვავდება ეკონომეტრიკოსი ეკონომისტისაგან. საქმე ისაა, რომ ორივე ეკონომისტია, მაგრამ ეკონომეტრიკოსი, დამატებით, კარგად ფლობს ეკონომიკის რაოდენობრივი ანალიზის მეთოდებს. აღნიშნულის გამო, ეკონომეტრიკოსს შეუძლია წარმატებით იმუშაოს ყველგან, სადაც კი ეკონომისტია საჭირო, ანუ მათზე მოთხოვნა ეკონომისტებზე მოთხოვნით განისაზღვრება. უფრო მეტიც, ჩვენი კურსდამთავრებულების გამოკითხვები გვიჩვენებს, რომ ორგანიზაციებში დამსაქმებლები გამოცხადებულ ვაკანსიებზე მიღებისას უპირატესობას, სხვა თანაბარ პირობებში, ეკონომეტრიკოსებს ანიჭებენ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ იშვიათია შემთხვევა, როცა რომელიმე ორგანიზაცია უშუალოდ ეკონომეტრიკოსს ითხოვდეს.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არ არსებობს ეკონომეტრიკოსის საშტატო ერთეულები, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ფუნქციონირებს ასეთი ფართოპროფილიანი სპეციალისტების მომზადების სამაგისტრო მოდული. ყოველწლიურად ამ მოდულს ამთავრებს საშუალოდ 5-6 მაგისტრანტი და ისინი სხვადასხვა ორგანიზაციაში წარმატებით საქმიანობენ.
– საქართველოს ახალ პარლამენტს პანდემიის რთულ პერიოდში უწევს მუშაობის დაწყება. როგორ უნდა იმუშაოს ახალმა ხელისუფლებამ იმისთვის, რომ ეკონომიკა სწრაფად აღდგეს და ქვეყანა პროგრესის რელსებზე გადავიდეს?
– ახალს ვერაფერს გეტყვით. გამოსავალი ხელისგულზეა: შექმნილ სიტუაციაში პოლიტიკურმა პარტიებმა გაუმართლებელი ამბიციები და ინტერესები უნდა გადასწიონ მეორე პლანზე და ჩადგნენ ქვეყნის სამსახურში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი ეკონომიკა ხანგრძლივი დეპრესიის მდგომარეობაში აღმოჩნდება.
– ბატონო იური, მოდით ისევ უნივერსიტეტს დავუბრუნდეთ... როგორ ხედავთ მთავრობის როლს უნივერსიტეტის განვითარებისა და გაძლიერების საქმეში?
– კარგი იქნება, თუ მთავრობა გარკვეული სტაბილური საბაზო დაფინანსებით, უნივერსიტეტს იმის საშუალებას მისცემს, რომ სტუდენტებიდან მოზიდული თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი გამოიყენოს შემდგომი განვითარებისა და სასწავლო პროცესების ხარისხის ასამაღლებლად.
– აბიტურიენტები ხშირად პრესტიჟული კომერციული სასწავლებლების ეკონომიკურ ფაკულტეტს ირჩევენ, რადგან გონიათ რომ თსუ-ში ამ ფაკულტეტზე სწავლების ნაკლებად თანამედროვე მიდგომები და მეთოდებია, ინფრასტრუქტურაც ნაკლებად მიმზიდველია. რას ეტყოდით ასეთი დამოკიდებულებით განწყობილ აბიტურიენტებს?
– არამგონია, რომ რომელიმე კერძო უნივესიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი აბიტურიენტების თვალში უფრო პრესტიჟული იყოს, ვიდრე ჩვენი უნივერსიტეტის ეკონომიკის მიმართულება. ამას ის განაცხადებიც მოწმობს, რასაც ბოლო წლებში აბიტურიენტები ავსებენ უნივერსიტეტების არჩევისას. გარდა ამისა, იყო პერიოდი, როცა პარალელურად რანდენიმე კერძო უნივერსიტეტში ვკითხულობდი ლექციებს და კარგად ვიცი, რას ნიშნავს მათთვის თანამედროვე მიდგომები. მაგრამ თუ მაინც არსებობენ ისეთი აბიტურიენტები, რომლებიც უნივერსიტეტს მხოლოდ ინფრასტრუქტურით ირჩევენ, ასეთებს არ ვისურვებდი ჩვენს უნივერსიტეტში.
– და ბოლოს, ბატონო იური, თქვენი ნაშრომების სამეცნიერო თემატიკა ეკონომიკური განვითარების პრობლემებს უკავშირდება. რა სიახლეებს უნდა ველოდოთ ამ მიმართულებით?
– გეგმები ბევრი მაქვს, მაგრამ, სამწუხაროდ, დრო არ მყოფნის მათ შესასრულებლად. ამასთან, წინასწარ არ მიყვარს კვლევის მოსალოდნელ შედეგებზე საუბარი. მთავარი ისაა, რომ შესაძლებლობები ჯერ ბოლომდე არ მაქვს ამოწურული.