თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, თეორიული და შედარებითი ლიტერტურათმცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელი, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი ირმა რატიანი რთულ, მაგრამ მისთვის მოსავლიან წელიწადს, მაინც მადლობით აცილებს და ახალ 2021 წელს ოპტიმისტურად უყურებს.
გაგვიმხილეთ იმედები, რითაც ხვდებით ახალ 2021 წელს...
ალბათ, არ ვიქნები ორიგინალური თუ ვიტყვი, რომ ახალ წელს პანდემიის დამარცხების იმედით ვხვდები. მინდა, რომ ამ დაუპატიჟებელმა სტუმარმა რაც შეიძლება სწრაფად დატოვოს დედამიწა და ადამიანებს კვლავაც მიეცეთ ნორმალურად ცხოვრების საშუალება; მინდა, რომ დავუბრუნდე უნივერსიტეტის აუდიტორიებს, შევხვდე ჩემს სტუდენტებს და ვესაუბრო მათთვის საინტერესო თემებზე, პირბადის გარეშე; მინდა, რომ აღვადგინო მონატრებული ოჯახური შეხვედრები და მეგობრებთან ერთად გატარებული საღამოები, მოგზაურობები და საინტერესო თავგადასავლები. და ეს ყველაფერი იმდენად მინდა, რომ დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. მოდით, ოპტიმისტებად დავრჩეთ!
რა მოხდა დადებითი ამ წელს?
2020 წელს, ბერლინში, პიტერ ლანგის გამომცემლობაში დაიბეჭდა ჩემი რიგით მეორე მონოგრაფია — „ანტიუტოპიური განწყობა, ლიმინალობა და ლიტერატურა. საერთაშორისო ლიტერატურული გამოცდილებიდან ქართულ გამოცდილებამდე“. იმედი მაქვს, რომ პანდემიის დასრულების შემდგომ, წიგნის წარდგენის საშუალება მომეცემა კოლეგებისა და ფართო აუდიტორიის წინაშე.
გარდა ამისა, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში დასრულდა მნიშვნელოვანი სამეცნიერო პროექტები, მათ შორის — „ბოლშევიზმი და ქართული ლიტერატურა, ნაწილი მეორე. 1941-1956 წწ.“, „XX საუკუნის ქართული ლიტერატურა. მეორე წიგნი“, აგრეთვე, გადაღებულ იქნა სამეცნიერო-პოპულარული ფილმი — „მე-20 საუკუნის ქართული მწერლობა და ნაციონალური იდენტობის იდეა. ნამდვილი ისტორია“. გამოიცა რანდენიმე სამეცნიერო წიგნი და კრებული, მათ შორის, სახელმძღვანელო — „შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა. გზამკვლევი და ანთოლოგია“; ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი „აბრეშუმის გზის ქვეყნების ფოკლორი“, სადაც, კიდევ ერთხელ, წარმატებით გაერთიანდა საუნივერსიტეტო და საინსტიტუტო ძალები; დაიბეჭდა საერთაშორისო რეცენზირებადი ჟურნალის — „სჯანი“ — ახალი ნომერი. ვფიქრობ, არცთუ ცუდი მოსავალია ასეთი რთული წლის პირობებში.
როგორ და რით გაილამაზებთ კოვიდის პირობებში საახალწლო ღამეს?
საახალწლო ღამეს, ჩვენს ოჯახს, ყველაზე მეტად უფროსი ვაჟის — ჯანო კორძაიას სტუმრობა გაულამაზებს. იგი უკვე რამდენიმე წელია ამერიკაში, ნიუ იორკში ცხოვრობს და მუშაობს და, პანდემიის გამო, თითქმის წელიწადნახევარია არ გვინახავს... ეს მოლოდინი ყველაზე ლამაზი წინასაახალწლო მოლოდინია ჩვენთვის.
* * *
მინდა, პირველ ყოვლისა, კიდევ ერთხელ, გამოვხატო პატივისცემა ჩემი კოლეგების მიმართ, რომლებმაც უმძიმესი განსაცდელის მიუხედავად, შეუფერხებლად განაგრძეს სასწავლო პროცესი, გადალახეს არაერთი აკადემიური თუ ადმინისტრაციული სახის წინააღმდეგობა და არ გააწბილეს სტუდენტების მოლოდინი. ჩემო ძვირფასო კოლეგებო, გილოცავთ შობა-ახალ წელიწადს! გისურვებთ ჯანმრთელობას, პროფესიულ წარმატებებს, კეთილდღეობასა და ბედნიერებას! ტექნოლოგიური კომფორტის ფონზე ჩვენ კიდევ უფრო მეტად შევიგრძენით და დავაფასეთ ადამიანური ურთიერთობების აუცილებლობა და ხიბლი. ამიტომაც — ერთად ყოფნის სიხარულს გისურვებთ ყველას!