თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის საკონსტიტუციო სამართლის მიმართულების ასოცირებული პროფესორი ირაკლი კახიძე შედარებითი საპარლამენტო სამართლისა და შედარებითი მუნიციპალური (ადგილობრივი თვითმმართველობის) სამართლის ახალ სახელმძღვანელოზე მუშაობს და პარალელურად, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის საკანონმდებლო ბაზის ეფექტიანობას იკვლევს.
„უნივერსიტეტში სამ საგანს ვკითხულობ: შედარებით მუნიციპალურ სამართალს, პოლიტიკური პარტიების სამართალს და საქართველოს მუნიციპალურ სამართალს, ასევე, ვუძღვები სამუშაო ჯგუფებს შესავალი საკონსტიტუციო სამართლის და საქართველოს საკონსტიტუციო სამართლის მიმართულებით. ჩემი კვლევითი ინტერესებიც სწორედ ამ საგნების სფეროშია თავმოყრილი. იურიდიულ ფაკულტეტზე ერთ-ერთი პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი საკითხია ძველი სახელმძღვანელოების განახლება და ახალი სახელმძღვანელოების გამოცემა, განსაკუთრებით, შედარებით სამართლებრივი მიმართულებით, რადგან ამ დარგში ქართულ ენაზე დამუშავებული ლიტერატურა ნაკლებად მოიპოვება. ამჟამად ვმუშაობ შედარებითი მუნიციპალური სამართალის სახელმძღვანელოზე. ამ დროისთვის არ გაქვს ქართული სახელმძღვანელო, რომელიც საქართველოში და სხვა ქვეყნებში მოქმედი კანონმდებლობის გარკვეულ კრიტიკულ, შედარებით ანალიზს კომპლექსურად მოიცავდა. მასალები ძირითადად სხვადასხვა წიგნებში და სტატიებშია გაბნეული. სახელმძღვანელო განსაკუთრებით საინტერესო იქნება მაგისტრატურის სტუდენტებისთვის, სადაც აღნიშნული საგანი ისწავლება“, — აცხადებს თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ირაკლი კახიძე.
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის (GIZ) მხარდაჭერით განხორციელებულ სამეცნიერო საგრანტო პროექტის ფარგლებში ირაკლი კახიძემ უკვე განახორციელა კვლევა, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის შესწავლას ითვალისწინებდა. თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ამ დროისთვის, საქართველოში მუნიციპალიტეტების ფინანსური ავტონომიის ცალკეულ ასპექტების კვლევას ახორციელებს.
„კვლევის მიზანია დავადგინოთ, რამდენად შეესაბამება ქართული კანონმდებლობა ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის მიერ მუნიციპალიტეტების ფინანსური ავტონომიის უზრუნველყოფის თვალსაზრისით დადგენილ სტანდარტებს. ასევე, ვფიქრობთ გამოვიკვლიოთ და საპროექტო წინადადება მოვამზადოთ საქართველოს მუნიციპალიტეტებში მერისა და საკრებულოს ურთიერთობის სამართლებრივ და პრაქტიკულ ასპექტებზე, კერძოდ, როგორ და რამდენად ეფექტურად არის უფლებამოსილებები განაწილებული, რამდენად მუშაობს მერის საქმიანობაზე საკრებულოს კონტროლის არსებული მექანიზმები, რა ხარვეზებია კანონმდებლობაში და ხომ არ არის პოლიტიკური კრიზისების წარმოშობის მაღალი ალბათობა. ვფიქრობთ, ამ მიმართულებით საინტერესოა კვლევითი პროექტის განხორციელება, რომელიც სამაგიდო კვლევასთან ერთად მოითხოვს „საველე სამუშაობის“ წარმოებას, კერძოდ, მუნიციპალიტეტებში გასვლას, ინტერვიუების ჩაწერას და ასე შემდეგ, რათა არსებულ სიტუაციაზე სრულყოფილი სურათი შეიქმნას და, საჭიროების შემთხვევაში, კანონმდებლობის ცვლილებების თაობაზე რეკომენდაციებიც შემუშავდეს“, — განმარტავს ირაკლი კახიძე.