ნინო კაკულია
როგორ აფასებს დღეს საქართველოში ფსიქოლოგიური საზოგადოების, ფსიქოლოგიის სწავლებისა და თავად ფსიქოლოგთა მომზადების დონეს თსუ-ის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ფსიქოლოგი ირაკლი იმდეაძე
ირაკლი იმედაძე:
ვფიქრობ, რომ ჩვენში ფსიქოლოგიური მეცნიერების შესაძლებლობები არ არის შეფასებული სათანადოდ. საზოგადოდ ის, თუ როგორ აფასებს სახელმწიფო ამა თუ იმ მეცნიერებას, ძირითადად შემდეგ მაჩვენებლებში ვლინდება: 1. როგორაა ორგანიზებული და წახალისებული კვლევა-ძიება შესაბამისი მიმართულებით; 2. როგორაა აწყობილი სწავლა-განათლება ამ სფეროში და 3. როგორაა გახმაურებული და დანერგილი ამ მეცნიერების მონაცემები საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ვნახოთ, რა მდგომარეობაა ამ მხრივ ჩვენში ფსიქოლოგიასთან მიმართებაში.
ახლა იმის შესახებ, თუ როგორაა უზრუნველყოფილი ჩვენში ფსიქოლოგიური ცოდნის ათვისების საქმე. მე არ ვსაუბრობ უმაღლეს სკოლაში ფსიქოლოგიური კადრების მომზადებაზე. ამ მხრივ ვითარება მეტ-ნაკლებად ნორმალურადაა. სურვილის შემთხვევაში, ახალგაზრდას შეუძლია სრულყოფილად დაეუფლოს ფსიქოლოგიის სპეციალობას რამდენიმე უნივერსიტეტში. ეს გარემოებაც გამოძახილია ქართული ფსიქოლოგიური სკოლის მუდმივი ორიენტაციისა მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტების მომზადებაზე. ცხადია, აქაც არსებობს გარკვეული პრობლემები. ერთ-ერთია, მაგალითად, სასწავლო პროცესის რეალურ მეცნიერულ კვლევასთან დაახლოების პრობლემა, რომელიც მეტისმეტად გამძაფრდება ქვეყანაში ფუნდამენტური ფსიქოლოგიური მეცნიერების დაკნინების კვალობაზე.
დიდად შემაშფოთებელია ის, რაც სასკოლო განათლების სისტემაში ხდება. აქ ფსიქოლოგია არც ერთ დონეზე არ ისწავლება. სასკოლო განათლების კონცეფცია არ ითვალისწინებს მოზარდი თაობისთვის ფსიქოლოგიური ცოდნის მიცემას. ძნელი გასაგებია — რატომ არის ეს ასე. საღი აზრის დონეზეც ნათელია — თუ ამოვდივართ ამოცანიდან, რომ მივცეთ ჩვენს ბავშვებს სრულფასოვანი, ყოველმხრივი განათლება, გვერდს ვერ ავუვლით ფსიქოლოგიას, რომელიც შეისწავლის რეალობის ერთ-ერთ ფენას — სულიერ სამყაროს. ხომ ნათელია, რომ ეს რეალობა არც ერთ სხვა რეალობაზე (ფიზიკურზე, ბიოლოგიურზე, სოციალურზე) ნაკლები მნიშვნელობის არ არის არც ერთი თვალსაზრისით. მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ მოზარდების ინტერესებს, რომლებიც, პირველ რიგში, ამ სინამდვილისაკენ არიან მიმართული. რა ყოველმხრივ განათლებაზე შეიძლება ლაპარაკი, როდესაც ადამიანი სკოლას ამთავრებს ფსიქიკურ სინამდვილეზე ელემენტარული წარმოდგენების გარეშე; როცა მან არაფერი იცის ცნობიერებაზე, აზროვნებაზე, მეხსიერებაზე, წარმოსახვაზე, მოტივაციაზე, პიროვნების თვისებებზე და ა.შ. ასეთი რამ, უბრალოდ, გაუნათლებლობას ნიშნავს.
გარდამავალი ასაკიდან მოყოლებული, ბავშვებს განსაკუთრებით აინტერესებთ გაერკვნენ, თუ რა ხდება საკუთარ და სხვათა სულიერ სამყაროში, როგორ უნდა აიხსნას ფსიქიკური ცხოვრების ესა თუ ის ჩვეულებრივი ან არაჩვეულებრივი გამოვლინება. ბავშვები ამ კითხვებზე პასუხს სახელმძღვანელოებში ვერ პოულობენ და ამიტომ სხვა წყაროებს მიმართავენ. ხშირად ეს ხდება სხვადასხვა ცრურწმენებისა და არამეცნიერული ინსინუაციების სათავე. არც თუ იშვიათად, ფსიქიკაზე მეცნიერული ცოდნის ადგილს თეოლოგიური შეხედულებანი იკავებენ. შედეგად, სტუდენტები ხშირად, აღქმის ნაცვლად აღთქმას ამბობენ და ასეთი ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება. ასეთი ვითარების მიუღებლობა ძალიან კარგად ესმით თავად ეკლესიის მესვეურთ. კერძოდ, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ეპისტოლეებში, ქადაგებებსა თუ მოხსენებებში მრავალჯერ არის მითითებული ფსიქოლოგიის მნიშვნელობაზე და მისი სკოლაში სწავლების შემოღების აუცილებლობაზე.
საკითხი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ფსიქოლოგიური ცოდნის გამოყენების მასშტაბებს ეხება. ქვეყნის საერთო კულტურული განვითარების ერთ-ერთ კრიტერიუმად იუნესკოს მიერ მისი ფსიქოლოგიზაციის დონეა მიჩნეული. მხედველობაში მაქვს ის, თუ საზოგადოებრივი ცხოვრების რამდენ სფეროს მოიცავს ფსიქოლოგიური მომსახურება. ამ მხრივაც საქართველო საგრძნობლად ჩამორჩება განვითარებულ სახელმწიფოებს.
საჩვენებლად სკოლის ფსიქოლოგებთან დაკავშირებული ვითარებაც გამოდგება. სკოლის ნორმალური ფუნქციონირება პრაქტიკული ფსიქოლოგიის გარეშე შეუძლებელია. სკოლებში აქა იქ, ისიც მხოლოდ სკოლის ხელმძღვანელობის ინიციატივით, გაჩნდა სკოლის ფსიქოლოგი. ერთი ფსიქოლოგი დიდი სკოლის პრობლემებს თავს ვერ გაართმევს. ამიტომ საჭიროა ქალაქებში არსებობდეს სკოლების მომსახურების ფსიქოლოგიური ცენტრები, რომლებიც სკოლის ფსიქოლოგებთან კოორდინაციაში იმუშავებენ კონკრეტული პრობლემების გადაწყვეტაზე. ერთი სიტყვით, აუცილებელია სრულყოფილი სასკოლო ფსიქოლოგიური სამსახურის სისტემის ჩამოყალიბება. ოპტიმალური იქნება პრაქტიკოსი სპეციალისტების ჩართვა ფსიქოლოგიის სწავლების პროცესში. ეს ვითარება უნდა აისახოს კადრების მომზადებისა და გადამზადების პროცესზე. საზოგადოდ, მთელი ამ სისტემის დანერგვა რიგი თეორიული, მეთოდური და საორგანიზაციო საკითხების გადაწყვეტას მოითხოვს. არსებობს ამ სისტემის ორგანიზების გეგმის მონახაზი, აგრეთვე სკოლის ფსიქოლოგის სამუშაოს აღწერილობა. მოკლედ, საჭიროა პოლიტიკური გადაწყვეტილება, თორემ ქართულ ფსიქოლოგიას შესწევს ძალა აწიოს ეს ტვირთი.
საზოგადოდ, ფსიქოლოგია იმდენად მჭიდროდ არის დაკავშირებული პედაგოგიკასთან, რომ ბოლო დროს ამ უკანასკნელის ნაცვლად პირდაპირ ლაპარაკობენ განათლების ფსიქოლოგიაზე. სასწავლო და აღმზრდელობითი პროცესის აწყობა ფსიქოლოგიური ცოდნის გარეშე წარმოუდგენელია. ინტელექტუალურ (კოგნიტურ), ნებელობით, მორალურ განვითარებას თავისი კანონზომიერება აქვს და გარკვეულ საფეხურებს გაივლის. ამის გათვალისწინება აბსოლუტურად აუცილებელია, თუ გვინდა სწორად გადავწყვიტოთ კონკრეტული პედაგოგიური პრობლემები, დაწყებული იქიდან, როდის უნდა დავიწყოთ სკოლაში სწავლება, როგორ დავტვირთოთ ბავშვები... დამთავრებული იმით, რა და როგორ უნდა ვასწავლოთ, როგორ წარვმართოთ ზნეობრივი აღზრდა და ა.შ.
ცხადია, გამოყენებითი ფსიქოლოგია განათლების პრობლემატიკით არ შემოიფარგლება. ძალიან თუ განვაზოგადებთ, ფსიქოლოგიური პრაქტიკა ორ რაიმეს გულისხმობს — დიაგნოსტიკას და კორექციას. ასეა ცხოვრების ყველა უბანზე: ოჯახი, სპორტი, საწარმო თუ ოფისი, საბანკო სექტორი, სამართალდამცავი სამსახურები, სასჯელაღსრულებისა თუ სამედიცინო მომსახურების სისტემა და მრავალი სხვა. რაც უფრო მეტადაა აქ გამოყენებული ფსიქოლოგიური ცოდნა, მით უფრო განვითარებულია საზოგადოება. ზუსტი სტატისტიკის გარეშეც დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ სრულყოფილი ფსიქოლოგიზაციისგან ჯერ კიდევ ძალიან შორს ვართ. ქვეყანაში, რომლის მატერიალურ, საზოგადოებრივ და სულიერ ცხოვრებაში ამდენი მძიმე პრობლემაა დაგროვილი, ფსიქოლოგიის საჭიროებაზე უხერხულიც კია ლაპარაკი. უამრავი დევნილი და პოსტსტრესული სინდრომის მქონე პირი, გაუსაძლისი მატერიალური ყოფით დატანჯული ადამიანი, საკმაოდ პრობლემური სასჯელაღსრულებითი სისტემა, მომძლავრებული ნარკომანია, უმძიმესი დემოგრაფიული მდგომარება, საგანგაშო ვითარება საგანმანათლებო სისტემაში და მრავალი სხვა...
გამოყენებითი ფსიქოლოგიის მიმართულებით მუშაობის წახალისების შემთხვევაში ფსიქოდიაგნოსტიკისა და ფსიქოკორექციის მეთოდური აპარატის განვითარების ამოცანა დადგება. აუცილებელია ქვეყანას ჰქონდეს ადაპტირებული კოგნიტური, პიროვნული თუ სხვა ტესტების ბატარეა. ეს სახელმწიფოს სტრატეგიული რესურსია. მისი შექმნა ძალიან დიდი მასშტაბის სამუშაოს გულისმობს, რომელიც სპეციალური კვლევითი და მაკოორდინირებელი ცენტრის გარეშე ვერ განხორციელდება. არასახარბიელო მდგომარეობაა ფსიქოკორექციის მიმართულებითაც. ამ სფეროს და, კერძოდ, ფსიქოთერაპიის საკანონმდებლო რეგულაცია ფაქტობრივად არ არსებობს, რაც ბევრ პრობლემას ქმნის და სრულებით დაუშვებელია. ფსიქოთერაპია თერაპიაა, მკურნალობაა და როგორ შეიძლება ამ საქმიანობას ეწეოდეს ყველა, ვისაც მოესურვება?