უცხოელი სტუდენტი, რომელიც საქართველოში სწავლობს, როგორ უყურებს ახალ გამოწვევაზე (პანდემიაზე) საქართველოს პასუხს? როგორ მოსწონს ახალ ვირუსთან ბრძოლის სტრატეგია? — ამ კითხვებზე გვპასუხობს ირანელი სტუდენტი აქრამ ხოდა დადე, რომელიც თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტზე სწავლობს.
- პანდემიაზე საქართველოს პასუხი მოიცავს ორ ნაწილს: პირველი ნაწილი ეხება ადმინისტრაციულ საკითხებს და მთავრობის რეაგირებას, ხოლო მეორე ნაწილი მოიცავს საზოგადოების რეაგირებას. საქართველოს მთავრობის რეაქციები ახალი კორონავირუსის გავრცელებაზე ნამდვილად გააზრებული იყო. სკოლების და უმაღლესი სასწავლებლების დახურვა და ქვეყნებთან საზღვრების ჩაკეტვა ძალიან დროული ნაბიჯი გახლდათ. შემდეგ გამოცხადდა საგანგებო სიტუაცია და საკარანტინო წესები, რაც ასევე ძალიან საჭირო ღონისძიებად მიმაჩნია მთავრობის მხრიდან. სწორად გააზრებულია ის გადაწყვეტილებაც, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეწყდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სამზე მეტი ადამიანი არ დაიშვება. თუ გვინდა ამ სერიოზული პანდემიის კონტროლი, ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ ამ წესებს, დავიცვათ ისინი. ვფიქრობ, რომ რეკომენდაციების მკაცრად გათვალისწინება ერთადერთი გზაა კორონავირუსის დასამარცხებლად, რათა შევძლოთ დავუბრუნდეთ ნორმალურ მდგომარეობას.
სამწუხაროდ, ჩემს ქვეყანაში სწორი პრევენციული ზომები დროულად არ მიიღეს. მათ გააგრძელეს ჩინეთთან კომუნიკაცია მას შემდეგაც კი, რაც ეს ქვეყანა ჯანმოს მიერ მაღალი რისკის მქონე ქვეყნად გამოცხადდა. მათ დროულად არ შემოიღეს საკარანტინო ზომები. ყველაფერი დაგვიანებული იყო, რამაც ხელი შეუწყო ვირუსის სწრაფ გავრცელებას.
იმედი მაქვს, რომ არა მარტო ჩემს ქვეყანაში და აქ, საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ეს პანდემიური ვითარება მალე დასრულდება.
ესაუბრა ანა ბოლქვაძე