თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორისთვის, აკადემიკოს ინესა მერაბიშვილისთვის 2020 წელი ყველაზე მეტად იმით იყო დასამახსოვრებელი, რომ მარტის დასაწყისში უნივერსიტეტმა საიუბილეოდ უბოძა მას ყველაზე მაღალი ჯილდო — ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი.
გაგვიმხილეთ იმედები, რითაც ხვდებით ახალ 2021 წელს...
იმედს, რომლითაც ვხვდები 2021 წელს, ჩემი აზრით, გამხელა არ სჭირდება, იმდენად ცხადი და საყოველთაოა — იმედი პანდემიის დამარცხებისა და იმედი კაცობრიობის გადარჩენისა. და რომ გადავრჩებით, ღმერთმა კარგად გვისმინოს, იმედია, უკეთ დავაფასებთ ჩვენი არსებობის მთავარ ღირებულებებს და დავაფასებთ ჩვენს დედამიწას, რომელსაც ტექნოლოგიის განვითარების კვალდაკვალ, უკვე კარგა ხანია, უდიერად და დაუნდობლად ეპყრობა ადამიანი.
რა პოზიტივით დაგამახსოვრათ თავი მიმდინარე წელმა?
დღესდღეობით დადებითია, როდესაც ყოველდღიურად იგებ, თუ რამდენმა კაცმა დაამარცხა კოვიდი. დადებითია ის, რომ ამ უმძიმეს წელს ჩვენმა ქვეყანამ სრტაბილურობა შეინარჩუნა. დადებითია ის, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდ უმრავლესობას მშვიდობა სწადია.
* * *
ყველაფერი შეიძლება მოხდეს,
მთა მთას შეხვდეს,
მზე მთის იქით მოხვდეს,
.................
სამშობლოს წინ ყოველ ვალთა მოხდის,
მშვიდობის წიგნს გვირგვინს ვერვინ მოხდის,
მშვიდობის გზა რომ ოდესმე მოკვდეს,
არა, ეს არ შეიძლება მოხდეს!
გალაკტიონი
* * *
დადებითია ის, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა დისტანციურ სწავლებას წარმატებით გაართვა თავი. უფრო მეტიც, თარგმანმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამაზე, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ, აკადემიური მოსწრება კიდევ უფრო გაიზარდა 2020 წელს. ჩემთვის, პირადად, განსაკუთრებით დადებითი იყო ის, რომ მარტის დასაწყისში უნივერსიტეტმა საიუბილეოდ მიბოძა ყველაზე მაღალი ჯილდო — ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი.
როგორ და რით გაილამაზებთ პანდემიის პირობებში საახალწლო ღამეს?
როგორც ყოველთვის, გავშლი ულამაზეს და ნატიფ საახალწლო სუფრას თვალწარმტაცი ნაძვის ხის ფონზე. თავად მე აუცილებლად საგანგებოდ გამოვეწყობი, რომ საზეიმოდ დავხვდე ახალი წლის მობრძანებას. ეს ხომ ბუნების დიდი საჩუქარია, როდესაც სიცოცხლის კიდევ ერთი ახალი წელი გეგებება.
ჩემი ვაჟიშვილი, ირაკლი გივიაშვილი მეუღლესთან და 4 წლის გიოსთან ერთად სტრასბურგში იმყოფება. 12 საათი რომ დაკრავს, მას ვერავინ დაასწრებს იქიდან მოლოცვას. საბედნიეროდ, ამჯერად თბილისშია ჩემი ქალიშვილი ირინე მეუღლესთან და ვაჟიშვილებთან ერთად. ახალი წლის ღამეს ყველაზე მეტად მათი სტუმრობა გამილამაზებს.
* * *
მსურს, ჩემი საახალწლო მოლოცვა მისწვდეს ყველას ჩვენს უნივერსიტეტში — დაწყებული რექტორიდან და ადმინისტრაციიდან, ჩვენი პროფესურისა და ყველა თანამშრომლის ჩათვლით და, აუცილებლად, სტუდენტებით დამთავრებული:
ძვირფასო მეგობრებო, თქვენ თქვენი წილი, დიდი თუ პატარა წვლილი შეგაქვთ დედა უნივერსიტეტის აღმშენებლობასა და გაძლიერებაში. მომავალმა სწორედ ჩვენი უნივერსიტეტით უნდა იმძლავროს და გაიმარჯვოს, რადგან ის სიმბოლოა ქართული მეცნიერებისა და განათლებისა. ჯანმრთელობას, მხნეობასა და კეთილდღეობას გისურვებთ ყველას!