ნატო ობოლაძე
„საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, საქართველოში დიდი საწარმოები არ გვაქვს, რომლებიც ამ ნიადაგებზე მოყვანილ საკვებ პროდუქციას გაყიდდნენ, მხოლოდ ამიტომ მდგომარეობას საგანგაშოს ვერ ვუწოდებ“, — ამბობს გურანდა ავქოფაშვილი, რომელიც საქართველოს ინდუსტრიული რაიონების ნიადაგებში მძიმე ლითონების შემცველობას იკვლევს. თუმცა, მკვლევარი აქვე განმარტავს, რომ „ვითარება საყურადღებოა, რადგან დაბინძურებულ ნიადაგებზე მოყვანილ პროდუქტს ადგილობრივი მოსახლეობა მოიხმარს და მათ ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე ექმნება“.
თსუ ფიზიკის ინსტიტუტის მკვლევრებმა ალექსანდრე ღონღაძემ და გურანდა ავქოფაშვილმა საქართველოს ინდუსტრიული რეგიონების — ბოლნისის, დმანისის, ჭიათურის, ზესტაფონის, ოზურგეთის, ამბროლაურის, ონის, მესტიის და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტების ნიადაგებში მძიმე ლითონებით დაბინძურების შესახებ ახალი დასკვნები გამოაქვეყნეს. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი მეცნიერებმა საკონტროლო წერტილად შეარჩიეს. საკონტროლო წერტილი არის ადგილი, სადაც არ არის დამაბინძურებელი წყარო, ნიადაგი სუფთაა და, შესაბამისად, ამ რეგიონიდან აღებულ ნიმუშებს მეცნიერები კვლევის პროცესში შედეგების დასადარებლად იყენებენ.
ახალი შედეგები ბოლო 10 წლის მანძილზე განხორციელებულ კვლევებს ეფუძნება. დასკვნები მოიცავს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რადიაქტიური ნივთიერებებით დაბინძურებული არეალის შეფასებასაც, სადაც, საბჭოთა კავშირის დროს, მცენარეების ზრდის პროცესზე რადიაციის გავლენის საკვლევად ნიადაგებს რადიაქტიური ნივთიერებებით სპეციალურად აბინძურებდნენ. შემდეგ კი მიივიწყეს...
„მიუხედავად იმისა, რომ ბოლნისის რაიონში სახელმწიფოს ჩარევის შედეგად მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალა, სხვა რეგიონებში, როგორიცაა ჭიათურა, ზესტაფონი, ტყიბული, რუსთავი, ამბროლაური (ურავი), ნაკლებად ხდება გარემოსდაცვითი ტექნოლოგიებისა და ღონისძიებების დანერგვა,“ — განმარტავენ მკვლევრები.
შესაბამისად, რეგიონებში წერტილოვანი დაბინძურების კერები ნარჩუნდება, საიდანაც ნიადაგებში ტოქსიკური ლითონების — სპილენძი, თუთია, კადმიუმი, ტყვია, დარიშხანი და მანგანუმი — ადსორბირება ხდება. სიზუსტისთვის, ადამიანის ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიშად დარიშხანი, კადმიუმი, ვერცხლისწყალი და ტყვია მიიჩნევა.
„მძიმე ლითონთა ბევრი მათგანი აკუმულაციას ყველა სახის სურსათში განიცდის, ორგანიზმში მოხვედრისას ისინი აზიანებენ ნერვულ, რეპროდუქციულ და გულ-სისხლძარღვთა სისტემას, ტვინს, თირკმელებს; იწვევს ჰიპერტენზიას, ზრდის შენელებას, ენცეფალოპათიას, მუცლის ტკივილს, ჰორმონალურ დარღვევებს, ანემიას და ა.შ.; ხელს უწყობს სიმსივნის და სხვა მძიმე დაავადებების განვითარებას ბავშვებსა და ორსულებში.
მძიმე ლითონებიდან ტყვია ადამიანის ორგანიზმში ხვდება წყლიდან, ჰაერიდან, საკვები-საყოფაცხოვრებო პროდუქციიდან და მტვრიდან. დარიშხანი, მეტწილად, სასმელი წყლის საშუალებით ხვდება ორგანიზმში და იწვევს კანის ძლიერ დაავადებებს. ვერცხლისწყალი, ძირითადად, თევზებშია აღმოჩენილი მეთილ ვერცხლისწყლის სახით, რომელიც ყველაზე საშიში ნივთიერებაა. კადმიუმი საკვების მეშვეობით ხვდება ორგანიზმში, რადგან ნიადაგში მისი შემცველობისას საკვები მცენარეები დიდი რაოდენობით ითვისებენ კადმიუმს“, — აღნიშნავენ მეცნიერები.
კვლევის პროცესში ნიადაგებიდან სინჯების აღება ყოველწლიური დინამიკით მიმდინარეობდა. მცენარეებში მძიმე ლითონების ფიტომიგრაციის განსასაზღვრად რამდენიმე რეგიონში სპეციალურად დაითესა ერთწლიანი მცენარეები. ამავე ნიადაგებზე მოყვანილი სუნელ-სანელებლებში მძიმე ლითონების შემცველობის დადგენის მიზნით, გურანდა ავქოფაშვილმა ნიმუშები თსუ-ის ფიზიკის ინსტიტუტში და ამერიკის შეერთებულ შტატებში კვლევით-სასწავლო ვიზიტებისას შეისწავლა. ლაბორატორიული კვლევები განხორციელდა ჯორჯიის უნივერსიტეტის სავანა რივერის ეკოლოგიურ ლაბორატორიაში, კენტუკის უნივერსიტეტში, სამხრეთ ფლორიდის უნივერსიტეტში, არგონის ნაციონალურ ლაბორატორიაში და მასაჩუსეტსის უნივერსიტეტში.
უახლესი კვლევების შედეგად, რომელიც მასაჩუსეტსის უნივერსიტეტში მიმდინარეობდა, გაირკვა, რომ ერთადერთი რეგიონი, სადაც ბოლო 2 წლის მანძილზე ნიადაგებში მძიმე ლითონების შემცველობის კლება ფიქსირდება — ბოლნისია. მიზეზი გარემოსდაცვითი ღონისძიებებია, რომელიც სხვა ინდუსტრიულ რეგიონებში ამ დრომდე არ გამოუყენებიათ.
დარღვეული ბალანსი ინდუსტრიულ განვითარებასა და გარემოსდაცვით ღონისძიებებს შორის ამ რეგიონებში ბუნებას ნაიარევივით ამ დრომდე დაჰყვება.
საბჭოთა ექსპერიმენტების რადიაციული ზონა ანასეულში
სოფელი ანასეული ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. აქ საბჭოთა კავშირის დროს რადიოლოგიური ლაბორატორია ფუნქციონირებდა. ექსპერიმენტების ფარგლებში სპეციალურად აბინძურებდნენ ნიადაგს რადიოაქტიური ნივთიერებებით ცეზიუმ-137-ით, რადიუმით და მცენარეების მიერ მათ შეთვისებას სწავლობდნენ. 2016 წელს თსუ ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფმა ლაბორატორიის მიმდებარე ტერიტორიის კვლევა დაიწყო. ადგილზე მისულ მეცნიერებს ტერიტორია შემოსაზღვრული არ დახვდათ, რადიაქტიურად დაბინძურებული ტერიტორია მხოლოდ მეცნიერების რეკომენდაციის შემდეგ შემოღობეს, მანამდე ადგილობრივი მოსახლეობა საქონლის საბალახოდ ტერიტორიას ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე იყენებდა.
„რადიაციული დაბინძურების დონის განმსაზღვრელი მობილური გამა-სპექტრომეტრის საშუალებით ორი მნიშვნელოვანი ლაქა დავაფიქსირეთ: 1. ყოფილი რადიოლოგიური ლაბორატორიის ნანგრევების უკან (დაბინძურება 3000 ბეკერელი/კგ), რომელიც სოფლის გზაზე გადის; 2. მავთულხლართებით შემოსაზღვრული ტერიტორიის ქვევით, დაღმართის დასაწყისში (აღნიშნული ზონა შემოფარგლულია რადიაციული ნარჩენების იზოლაციის მიზნით). აღმოჩენილი ლაქების მახლობლად დაფიქსირდა ფონურზე მეტი გამა-რადიაცია (Cs137).
რადიონუკლიდებით დაბინძურებული ტერიტორიების ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, სიღრმისეული კვლევების ჩატარება აუცილებელია, რადგან იქ არსებული რადიაციული ფონი ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. ანასეულის ტერიტორიაზე დაფიქსირებული მაღალი მნიშვნელობის რადიაციული ფონი დაკავშირებულია სამარხში მოთავსებულ რადიონუკლიდების წყაროებთან, რომლებიც შესაძლებელია დროთა განმავლობაში გახდეს რადიაციის გადატანის წყარო მომიჯნავე ტერიტორიაზე, მიწისქვეშა წყლების მეშვეობით,“ — აღნიშნავს ალექსანდრე ღონღაძე.
მეცნიერი ამბობს, რომ ჯერ-ჯერობით მიწისქვეშა წყლების რადიაქტიური დაბინძურება არ შეინიშნება, რადგან ნიადაგი თიხოვანია და გაჟოვნის პროცესს აფერხებს.
„უცნაური შედეგი მივიღეთ მცენარეების კვლევისას. მრავალწლიანი მცენარეები, თუ ნიადაგში რადიაციის მაღალი დონეა, რადიაციას არ იღებს, ცოცხალი ორგანიზმია და დაზიანებას „თავს არიდებს“. რაც შეეხება ერთწლიან მცენარეებს — ჩვენ ამარანდა და ნაცარქათამა შევისწავლეთ, მცენარე აქაც ეწინააღმდეგება, მაგრამ როცა კვდომის პროცესი იწყება, რადიაციას დიდი დოზით იღებს“, — აღნიშნავს ალექსანდრე ღონღაძე.
მკვლევრებმა რამდენიმე რეკომენდაცია გასცეს: „1. უნდა ჩატარდეს ამ ტერიტორიის ნიადაგის დეტალური ანალიზი მასში რადიონუკლიდების კონცენტრაციის დადგენის მიზნით. 2. უნდა ჩატარდეს მიმდებარე ტერიტორიის სრული ჰიდროგეოლოგიური ექსპერტიზა. 3. აუცილებელია სამაგრი საინჟინრო სამუშაოების ჩატარება მოსალოდნელი რისკების გათვალისწინებით.“
ამ დროისთვის შესრულებულია პირველი 2 რეკომენდაცია.
დარიშხანის წარმოება და საფრთხეები
საქართველოში დარიშხანის წარმოების განვითარება მე-20 საუკუნის ოცდაათიანი წლებიდან — სოფელ ცანაში ყოფილ სამთო-ქიმიურ ქარხანასა და სოფელ ურავში ყოფილ რაჭის სამთო ქიმიურ ქარხანაში დაიწყო. დარიშხანშემცველი საწარმოების გაჩერებამ და უყურადღებოდ მიტოვებამ ქვეყნის ეს რაიონები ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დააყენა.
„დღეისათვის ორივე საბადო დაკონსერვებულია. პრობლემას წარმოადგენს დარიშხანშემცველი ნარჩენები და მიმდებარე ტერიტორიები, სახნავ-სათესი ნიადაგები. დღემდე სოფლებში — ურავი და ცანა — სამთოქიმიური ქარხნის ტერიტორიაზე საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილი დარიშხანის წარმოების შედეგად დარჩენილი ტოქსიკური ნარჩენების გარკვეული რაოდენობა ინახება, რომელიც წესების სრული დაცვით განამარხებული არ იქნა და მდინარეებს, გრუნტის წყლებს და ნიადაგებს ეკოლოგიურ პრობლემებს დღემდე უქმნის.
მიმობნეულია რკინის 200 ლიტრიანი კონტეინერები, სადაც, სავარაუდოდ, საშიში ქიმიური ნივთიერებები იყო განთავსებული. ღია ცის ქვეშ მიმობნეულმა მეტალის კასრებმა დროთა განმავლობაში კოროზია განიცადეს და დღეს თითქმის ყველა მათგანი დაზიანებულია. ეს ქიმიური ნარჩენები ნიადაგს, წყალს, ჰაერის აბინძურებს და იქ მცხოვრები ცოცხალ ორგანიზმებს აზიანებს.
მასაჩუსეტსის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევების შედეგად დავადგინეთ, რომ დარიშხანის წარმოებამ მძიმე დაღი დაასვა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ურავს. ამ სოფელში აღებულ სინჯებში დარიშხანი ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას 40-ჯერაც კი აღემატება. ეს ნიშნული ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. ამ ადგილებში მოსახლეობა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას ეწევა. მათი ერთ-ერთი სარჩო მსხვილფეხა საქონლის შენახვა და მისგან მიღებული რძის ნაწარმია. კვლევებით დავადგინეთ, რომ რძის ნაწარმი დამაბინძურებელ აგენტებს ყველაზე მეტად ითვისებს“, — განმარტავენ მეცნიერები.
რეგიონში უკვე ჩატარდა გარკვეული გარემოს დაცვითი სამუშაოები, თუმცა დაბინძურებული ზონის მასშტაბის გათვალისწინებით, საკმარისი არ აღმოჩნდა.
ბოლნისი — დაბინძურების გაუარესების ტენდენცია გარემოსდაცვითმა პროექტებმა შეაჩერა
ბოლნისის მუნიციპალიტეტი ქალაქ ბოლნისს, დაბა კაზრეთსა და 45 სოფელს მოიცავს. ნიადაგების დაბინძურების წყაროს საწარმოები — RMG Gold და RMG Copper — წარმოადგენს, რომლებიც მადანს ღია კარიერული წესით მოიპოვებენ. გურანდა ავქოფაშვილი განმარტავს, რომ საბადოს დამუშავების ეს მეთოდი ძალიან იაფი და მომგებიანია, თუმცა გარემოს მძიმე ეკოლოგიურ ზიანს აყენებს.
„ბოლო წლებში ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციებზე შედარებით მაღალი შემცველობის ნიადაგები უმთავრესად მადნეულის სამთომომპოვებელი კარიერის გარემომცველ ტერიტორიაზე — მდინარეების კაზრეთულას და ფოლადაურის წყალშუეთში — იყო გავრცელებული. აქ მიკროკომპონენტით ერთდროულად რამდენიმე ფართობია გაჭუჭყიანებული. გაჭუჭყიანებული ლაქები შეინიშნება მდ. მაშავერას სანაპირო ზოლზე, სადაც წლების განმავლობაში მდინარის წყალს სარწყავად იყენებდნენ. აღსანიშნავია, რომ მაშავერა ბოლნისის რაიონის ძირითადი სარწყავი ობიექტია. ამ წყლით ირწყვება რატევანის, ბოლნისის, რაჭისუბნის, მწყნეთის, ხიდისყურის, ნახიდურის და სხვა სოფლების სავარგულები. ამ ნიადაგებზე მოწეულ კვების პროდუქტებს კი მოიხმარენ არამარტო ადგილობრივები, არამედ გადის სარეალიზაციოდ: ბოლნისის, თბილისის, დმანისის, რუსთავის და საქართველოს სხვა რაიონებში“, — აცხადებს მკვლევარი.
ბოლო პერიოდში რეგიონში დაბინძურების გაუარესების ტენდენცია შეჩერდა. დაიწყო გარემოსდაცვითი პროექტების განხორციელება. შეიქმნა „ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს შემსწავლელი საპარლამენტო სამუშაო ჯგუფი“, რომლის შემადგენლობაში შედიან: „საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“, „მწვანე პლატფორმა“ და მკვლევარი გურანდა ავქოფაშვილი. პროექტები ამ კომიტეტის მეთვალყურეობით ხორციელდება. განხორციელებული გარემოსდაცვითი სამუშაოების შედეგად შეწყდა კარიერული წყლების უკონტროლო გადინება, რაც 2018 წლამდე ქიმიურ დაბინძურებას მძიმე ლითონებით, მადნის ნარჩენებით, თიხებით, წიდით, pH-ის შეცვლით იწვევდა. მჟავაშემცველი კარიერული წყლები აბინძურებდა არა მარტო მიწისქვეშა, არამედ მიწისზედა წყლებსაც, კერძოდ, მდინარეებს: კაზრეთულას, ფოლადაურს და მაშავერას.
„კომპანიამ RMG მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარება 2018 წლიდან დაიწყო. მთავარი პროექტებია: მდინარე კაზრეთულას აუზში საწარმოო წყალშემკრები კასკადების მოწყობა, კუდსაცავის დრენირებული წყლების დაჭერა და უკან დაბრუნება; მდინარე კაზრეთულაზე ქიმიური გამწმენდი ნაგებობის მოწყობა, რომელიც ექსპლუატაციაში გერმანელმა სპეციალისტებმა 2021 წლის შემოდგომიდან ჩაუშვეს.
სასურველია მდინარე მაშავერას, კაზრეთულას და ფოლადაურის ამ წერტილებზე მუდმივი მონიტორინგი დაინერგოს, რათა სხვა დაბინძურების შემთხვევები თავიდან ავიცლოთ“, — აცხადებს მკვლევარი გურანდა ავქოფაშვილი.
მეცნიერთა ჯგუფი ბოლნისის რაიონში კვლევებს 2010 წლიდან აწარმოებს. კვლევებმა აჩვენა, რომ დაბინძურებული წყლით მორწყული ნიადაგები უფრო დაბინძურებულია მძიმე ლითონებით, ვიდრე მისი მიმდებარე ტერიტორიები. თუმცა, 2018 და 2019 წლებში ლითონთა კლება დაფიქსირდა. „ზოგიერთ შემთხვევაში ზღვრულ დასაშვებ კონცენტრაციაზე ნაკლებიც კია, როცა წინა წლებში რამდენიმე ათეულით აღემატებოდა, რა თქმა უნდა, მისასალმებელია აღნიშნული ფაქტი, თუმცა მუდმივი კვლევა და მონიტორინგი აუცილებელია,“ — განმარტავს გურანდა ავქოფაშვილი.
ჭიათურა — მდინარე ყვირილაში, ჯრუჭულასა და რგანის ღელეში დაბინძურებული წყლები დღემდე ჩაედინება
კვლევით დასტურდება, რომ ჭიათურაში მანგანუმის მოპოვება იქ არსებულ ჰიდროგრაფიულ ქსელს დიდ ზიანს აყენებს. კომპანია „ჭიათურ მანგანუმი“ სამუშაოებს შახტური მეთოდით ახორციელებს, თუმცა წვრილი კერძო კომპანიები გარემოს დაცვით ღონისძიებებს არ ატარებენ.
„მანგანუმის მომპოვებელი საბადო ჭიათურისა და საჩხერის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მდებარეობს. საბადო მდინარე ყვირილას მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზეა განლაგებული. დამაბინძურებელი წყლების ჩაშვება მდინარე ყვირილაში, ჯრუჭულასა და რგანის ღელეში დღემდე მიმდინარეობს.
მდინარე ყვირილა გამოიყენება ზესტაფონის, თერჯოლის და ბაღდათის სოფლების ჰიდრომელიორაციისათვის, რაც სასოფლო სამეურნეო სავარგულების დაბინძურებას იწვევს. მადნის ღია კარიერებიდან მოპოვების, მისი გადაზიდვის მსხვრევის და გადამუშავების დროს წარმოიქმნება მტვერი, რომელიც შეიცავს მყარ ნაწილაკებს და მანგანუმის ნაერთებს. საწარმოო მტვერი კი გაბატონებული ქარების მეშვეობით გაიფანტება შორ მანძილზე.
დიდ პრობლემას წარმოადგენს აგრეთვე ქალაქ ჭიათურის სიახლოვეს არსებულ სოფლებში მცირე ღია კარიერები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში მადნის ამოღების შემდეგ რჩება გადახსნილი. კარიერების გადახსნის დროს არ ხდება მიწის ნაყოფიერი ფენის შენახვა დასაწყობება შემდგომი რეკულტივაციისთვის. ნიადაგის აღდგენითი სამუშაოები ძალზედ იშვიათად არის ჩატარებული, ან თუ არის ჩატარებული, არ არის სწორედ დაგეგმარებული. ჭიათურის მოსახლეობის უმეტესობა მოიხმარს მიწისქვეშა არტეზიულ წყლებს, ხოლო ასეთ ადგილებში დიდია მიწისქვეშა წყლების დაბინძურება მძიმე ლითონებით, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის მავნეა“, — აღნიშნულია გურანდა ავქოფაშვილის დასკვნაში.
ზესტაფონი — „ფეროშენადნობი ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე და ახლოს მდებარე სოფლებში
მანგანუმის კონცენტრაცია საგანგაშოდ დიდია“
ზესტაფონში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებაზე სტაციონარული დაკვირვება წლების მანძილზე ტარდებოდა და დაბინძურების მაღალი დონე აღინიშნებოდა. ოფიციალური მონაცემებით, მანგანუმის კონცენტრაცია ზღვრულად დასაშვებ ნორმას 5-10-ჯერ და ხშირად უფრო მეტადაც აღემატებოდა.
„ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე და მასთან ახლოს მდებარე სოფლებიდან აღებულ სინჯებში მანგანუმის კონცენტრაცია საგანგაშოდ დიდია. ქვედა საქარაში მანგანუმის კონცენტრაცია 1.9-ჯერ აღემატება დასაშვებ ნორმას, სვირში — 12-ჯერ, ხოლო ზესტაფონში საწარმოსთან სიახლოვეს — 16-ჯერ აღემატება ნიადაგებში მანგანუმის კონცენტრაცია ზღვრულად დადგენილ ნორმას. მანგანუმით დაბინძურება შეინიშნება მდინარე ყვირილას საირიგაციო სისტემაში, რომელსაც რაიონის სასოფლო სამეურნეო საქმიანობაში დიდი როლი უჭირავს.
ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნის მიმდებარე ტერიტორებზე მანგანუმის კონცენტრაცია საგანგაშო ნიშნულსაც კი აღწევდა.
ამ დროისთვის ზესტაფონის ატმოსფერულ ჰაერზე სტაციონარული დაკვირვება წარმოებს ერთ სტაციონარულ სადამკვირვებლო პუნქტზე, სადაც განისაზღვრება 5 ინგრედიენტი: მტვერი, აზოტის დიოქსიდი, გოგირდის დიოქსიდი, ნახშირბადის ოქსიდი და მანგანუმის დიოქსიდი. ცხადია, ერთი სადამკვირვებლო პუნქტი არ იძლევა ქალაქის და რეგიონის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სრულ სურათს“, — აღნიშნულია მეცნიერების დასკვნაში.
თსუ ფიზიკის ინსტიტუტში შემუშავებული ნიადაგის გაწმენდის ტექნოლოგია
ტექნოლოგია გურანდა ავქოფაშვილმა შეიმუშავა. მისი სადისერტაციო ნაშრომი ტექნოგენურად დაბინძურებული ნიადაგების ფიტორემედიაციას ეხება, რაც დაბინძურებული ნიადაგების გაწმენდა-აღდგენას მცენარეების საშუალებით გულისხმობს.
„პირველადი საპილოტე კვლევები ფიზიკის ინსტიტუტში განხორციელდა, სადაც საწარმოო ნარჩენები ე.წ. ფუჭი ქანები გამოვიყენეთ. ამ პროცესში სხვადასხვა საექსპერიმენტო მეთოდებით მჟავაშემცველი მცენარეების აღმოცენება და მათი კვლევა მოხდა. ეს მეთოდი ველზე ექსპერიმენტის სახით კომპანია RMG-ის ხელშეწყობით მისსავე ტერიტორიაზე გამოვცადეთ, სადაც 5 ჰექტარი მჟავაშემცველი ფუჭი ქანების ტერიტორია წარმატებით აღვადგინეთ.
მიღებული შედეგების საფუძველზე შეიძლება თამამად ითქვას, რომ ეს მეთოდი სანაყაროების რეკულტივაციისა და დეგრადირებული ნიადაგების აღდგენისთვის მომავალშიც გამოყენებული იქნება, რადგან თანამედროვე, იაფი და მომგებიანია. მას გარკვეულ დრო სჭირდება ამა თუ იმ ტოქსინების თუ კანცეროგენური ნივთიერებების ნიადაგიდან ამოსაკრეფად, თუმცა ყველაფერი მაინც დამოკიდებულია დამაბინძურებელ წყაროზე — თუ რა მასშტაბით, რით და რა დოზით აბინძურებს ნიადაგს“, — განმარტავს ავქოფაშვილი.