მაია ტორაძე
„წუთისოფელი ასეა...“ — ასე ეწოდება ინგა მილორავას ლიტერატურული ზღაპრების კრებულს, რომლის პრეზენტაციაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა. წიგნი გამომცემლობა „ინტელექტმა“ 2021 წლის ივნიში გამოსცა.
პანდემიის პირობების გათვალისწინებით, ღონისძიება დამსწრეთა შეზღუდული რაოდენობით წარიმართა, თუმცა დარბაზში თავი მოიყარეს ავტორის უახლოესმა მეგობრებმა, რომლებიც უკიდეგანო პატივისცემითა და მონატრებით იხსენებდნენ მას.
ინგა მილორავა 2020 წლის 3 ივნისს ნაადრევად გარდაიცვალა. იგი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრის ასისტენტ-პროფესორი.
ღონისძიება გახსნა და საზოგადოებას სიტყვით მიმართა წიგნის რედაქტორმა, ფილოლოგმა და სოციალურ მეცნიერებათა დოქტორმა მაია იანტბელიძემ. მანვე ისაუბრა ლიტერატურული ზღაპრის თავისებურებებზე და აღნიშნა, რომ ეს წიგნი ავტორის ოცნება იყო, რომელიც, სამწუხაროდ, მისი გარდაცვალების შემდეგ ახდა.
„ეს არის 15 ლიტერატურული ზღაპარი — ინგას საოცარი, ძალიან ჭკვიანი და ფაქიზი სამყარო, რომელიც განკუთვნილია არა მხოლოდ პატარა, არამედ უფროსი მკითხველისთვისაც. თქვენ წინაშეა ინგა მილორავას, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, ლიტერატურათმცოდნის, მწერლის გამორჩეული სულიერების ანარეკლი — მისი საოცარი ლიტერატურული ზღაპრები, ავტორის ნახატებით დასურათებული და დამშვენებული. თუ რამეს შეეხებოდა მისი კალამი, რომანი იქნებოდა ეს, ესე, პიესა, ლექსი თუ ზღაპარი, უკვე იგრძნობოდა განუმეორებელი ინდივიდუალიზმის სამყარო, რომელშიც საოცარი სულიერი სიფაქიზეა და რომლითაც ავტორი სიცოცხლეშივე იყო დაჯილდოებული“, — თქვა წიგნის რედაქტორმა მაია იანტბელიძემ.
თითოეულმა მომხსენებელმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ავტორის შრომისმოყვარეობას, საქმისადმი ერთგულებას და უანგარო სიყვარულს. გამომსვლელთა შორის იყო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრის პროფესორი თამარ შარაბიძე, რომელმაც ყველასთვის სასიხარულო ინფორმაცია გაახმიანა იმასთან დაკავშირებით, რომ სულ მალე ავტორის სამეცნიერო ნაშრომების კრებულიც იხილავს დღის შუქს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა გიორგი ლობჟანიძემ გაიხსენა ის წლები, როდესაც ინგა მილორავასთან ერთად მუშაობდა რედაქციაში. მისი თქმით, ავტორისთვის არ არსებობდა უმნიშვნელო ან მარტივი საქმე, ის ყველაფერს თანაბარი და უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა: „ძალიან მიხარია, რომ დღევანდელი დღე შედგა. ჩემ გარშემო, რაც მე მახსოვს, ინგა უყვარდა ყველას. ძალიან დიდი ბედნიერება მხვდა წილად, რადგან მთელი სამი წლის განმავლობაში მასთან ერთად ვმუშაობდი ჟურნალ „ჩვენი მწერლობის“ რედაქციაში. ინგა იყო უკიდურესობების ადამიანი: ან ძალიან უყვარდა, ან – არა და ყოველთვის გამოხატავდა დადებითსაც და უარყოფითსაც. ბედნიერი იყავი, თუ ის შეგიყვარებდა, თან უმიზეზოდ არც სძულდა და არც უყვარდებოდა — თავისი მიზეზები ჰქონდა ყოველთვის. დიდი და ღრმა ადამიანი იყო. აქ ითქვა, რომ მას ყველაფერი შედარებით ნაკლები შრომის ხარჯზე გამოსდიოდაო. ვერ გავიზიარებ ამ მოსაზრებას, რადგან ინგა უკიდეგანო ნიჭთან ერთად ძალიან მშრომელიც იყო, შეეძლო ღამეები ეთენებინა უბრალო საგაზეთო ინტერვიუსთვის. მისი ღირსება ის იყო, რომ, რაც კი წაკითხული ჰქონდა, ზეპირად ახსოვდა — არაჩვეულებრივი მეხსიერების პატრონი იყო. ამიტომ, ალბათ ბევრს ეჩვენებოდა, რომ მარტივად იწერებოდა ყველაფერი“, – თქვა გიორგი ლობჟანიძემ.
ინგა მილორავას გამორჩეული პედაგოგიკური მიდგომები და საქმისადმი სიყვარული გაიხსენეს მისმა სტუდენტებმა: მარიამ საბაძემ, მარიამ ჭიკაძემ, ქეთევან კვინიკაძემ.
პროფესორმა ეკა ვარდოშვილმა გულისტკივილით გაიხსენა მეგობარი და სინანულით აღნიშნა, რომ ეს გამორჩეული ადამიანი არ იყო სათანადოდ დაფასებული საზოგადოების მხრიდან: „მისი შემოქმედება ერთგვარი გამოსავალი იყო მისთვის. როგორც ამბობენ, შემოქმედებითი აქტი ყოველთვის არის სიძნელეებთან გამარჯვების, სირთულეების გადალახვის პროცესი და ინგაც თავდაუზოგავად ქმნიდა თავის ნაშრომებს, იქნებოდა ეს სამეცნიერო თუ ლიტერატურული. მან არაჩვეულებრივი ნახატები დაგვიტოვა. ეს, ფაქტობრივად, არის ინგა წარმოსახული სხვადასხვა ასპექტში და ჩვენ ვფიქრობთ, თუ შესაძლებლობა იქნება და ალბათ მოგვეცემა ამის საშუალება, შეგვიძლია მისი ნახატების გამოფენაც მოვაწყოთ წიგნის პრეზენტაციასთან ერთად, რომელსაც პანდემიის შემდეგ ვგეგმავთ“, — თქვა მან.
ავტორის სიყვარული ხელოვნებისადმი, ხატვის ნიჭი და გამორჩეული შემოქმედებითი სტილი ბევრისთვის არის ცნობილი. ზუსტად ამიტომ, 15 ლიტერატურული ზღაპრისაგან შემდგარი კრებული ავტორის ნახატებით არის დასურათებული და გაფორმებული, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამ წიგნის მნიშვნელობასა და გამორჩეულობას.